Asset Publisher Asset Publisher
Back

საქართველომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

ნიქოზია, კვიპროსი 19 მაისი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
საქართველომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირების ფაქტი.

საქართველო გახდა 23- ქვეყანა, რომელმაც ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი, თავის მხრივ, ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას განსაზღვრავს და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს. მათ შორისაა ოჯახური ძალადობაც, რომელიც არაპროპორციულად დიდი მასშტაბით ეხება ქალებს. კონვენციის მხარეები ძალადობის პრევენციისა და დაზარალებულთა დაცვის ვალდებულებას იღებენ. სხვა გზებთან ერთად, ამისათვის შესაძლებელია დაუყოვნებლივი საფრთხის შემთხვევაში პოლიციისათვის დამნაშავის თავის სახლიდან გაყვანის უფლებამოსილების მინიჭება, ადვილად ხელმისაწვდომი თავშესაფრებისა და კრიზისის რეფერალური ცენტრების შესაბამისი რაოდენობით მოწყობა და 24/7 საგანგებო ცხელი ხაზების უზრუნველყოფა.

კონვენციის ასამოქმედებლად საჭიროა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია მოახდინონ, თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. აღნიშნული ქმედებები შეიძლება მოიცავდეს: ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, სექსუალურ ძალადობას და გაუპატიურებას, ადევნებას, ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრებას, იძულებით ქორწინებას, იძულებით აბორტსა და იძულებით სტერილიზაციას. გარდა ამისა, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კულტურა, ტრადიციები ან .. "ღირსება" რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ქცევის გამამართლებელ ფაქტორად არ ჩაითვალოს.

ოჯახურ ძალადობას მხოლოდ ქალები და გოგონები როდი განიცდიან. შესაბამისად, კონვენცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ოჯახში ან ოჯახურ წრეში ძალადობის ყველა მსხვერპლთან - მათ შორის, მამაკაცებსა და ბიჭებთან - მიმართებით დამცავი ჩარჩო გამოიყენონ.

კონვენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულებაა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მხარეთა მიერ კონვენციის განხორციელების მონიტორინგზე. GREVIO თავის პირველ დასკვნას მიმდინარე წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. ვინაიდან საქართველომ მხოლოდ ახლახან მოახდინა კონვენციის რატიფიცირება, ანგარიში საქართველოს შესახებ მოგვიანებით მომზადდება.

საკონტაქტო პირი
Tatiana Baeva
კომუნიკაციის ოფიცერი
+33 6 85 11 64 93