Back ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ადამიანის უფლებათა კომისარი მიატოვიჩი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას შესაძლოა სერიოზული მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე.

 

წერილის არაოფიციალური თარგმანი:

 

სტრასბურგი, 2023 წლის 22 თებერვალი

ძვირფასო თავმჯდომარევ,

გწერთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით (N 07-3/293/10, რეგისტრირებულია 2023 წლის 14 თებერვალს). მიღების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედია საშუალებათა „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. როგორც ჩანს, კანონპროექტი აწესებს ცალკე სამართლებრივ რეჟიმს ასეთი სუბიექტებისთვის, რაც მათ დამატებით ავალებს ანგარიშგებას, ინსპექტირებას და უქვემდებარებს სანქციებს. ვშიშობ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ სტანდარტებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში. ამასთან, კანონს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას ამ ან სხვა მსგავსი კანონპროექტის მიღებაზე.

გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა,  ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებათა მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით. ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად,  უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ამასთან, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომელიც ადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება ლეგიტიმური საქმიანობისათვის, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან.

ამ ფონზე, გამოვთქვამ შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ამ კონტექსტში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული, ასევე, ასეთ ინიციატივებს მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ შესაძლებლობაზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები.

შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, ცალსახად აიღონ ვალდებულება და ხელი შეუწყონ მრავალფეროვან და აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, საქართველოში შექმნან ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის.

მადლობელი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრმა მიიღოს წერილის ასლი და გამოვთქვამ მზადყოფნას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, თქვენთან ერთად განვიხილო ზემოაღნიშნული საკითხები.

პატივისცემით,

დუნია მიატოვიჩი

28 თებერვალი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page