Back მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი ევროპაში: ევროპის საბჭო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი ევროპაში: ევროპის საბჭო 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

სტრასბურგი, 05.10.2022 – ანგარიშში, ქვეყნების პროფილებსა და ინტერაქტიულ მონაცემთა ბაზაში (რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია) ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია (CEPEJ) 44 ევროპული ქვეყნისა და 3 დამკვირვებელი სახელმწიფოს (*) სასამართლო სისტემების ძირითად ტენდენციებს ასახავს.

2002 წელს CEPEJ-ის დაარსებიდან, ეს შეფასების ანგარიში მეათეა და იგი განსაკუთრებულად გამოკვეთს რამდენიმე ტენდენციას.

მართლმსაჯულებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი:

  • 2010-2020 წლებში სახელმწიფოებმა აჩვენეს სტაბილური, მაგრამ არათანაბარი ზრდა; 2020 წელს ისინი სასამართლო სისტემაზე საშუალოდ ერთ მოსახლეზე 79 ევროს ხარჯავდნენ (ანუ 7 ევროთი მეტს, ვიდრე 2018 წელს);
  • ამ ბიუჯეტის 66% სასამართლოებს ეთმობოდა, 24,5% - პროკურატურას და 9,5% - იურიდიულ დახმარებას;
  • 2018-2020 წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი პროცენტული ზრდა - საშუალოდ, 12% -   პროკურატურის ბიუჯეტთან მიმართებით დაფიქსირდა;
  • ზოგიერთი სერვისის სისტემის გარეთ გატანის მზარდი ტენდენცია კვლავ გამოვლინდა 2020 წელს;
  • აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები პროპორციულად მეტს ხარჯავენ პროკურატურის სერვისებზე, ხოლო ჩრდილოეთ ევროპისა და საერთო სამართლის ქვეყნები შედარებით მეტ ინვესტიციას იურიდიულ დახმარებაში დებენ;
  • ყველა ქვეყანას აქვს იურიდიული დახმარების მექანიზმი სისხლის სამართლისა და სხვა ტიპის საქმეებისათვის, რათა მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.

 

მართლმსაჯულების პრაქტიკოსებისა და სასამართლოების შესახებ:

  • წევრ ქვეყნებში ოდნავ გაიზარდა პროფესიონალ მოსამართლეთა რაოდენობა (საშუალოდ, 22,2 მოსამართლე 100 000 მოსახლეზე) მნიშვნელოვანი განსხვავებით სახელმწიფოებსა და უწყებებს შორის, რაც ნაწილობრივ შეიძლება სასამართლო ორგანიზაციების მრავალფეროვნებით, გეოგრაფიული ფაქტორებითა და/ან ევროპული სამართლებრივი სისტემების ევოლუციით აიხსნას.
  • უკვე რამდენიმე წელია, ქალ მოსამართლეთა და პროკურორთა რაოდენობა მამაკაცებს აჭარბებს; ამავდროულად, „შუშის ჭერი“ - ანუ ქალების სიმცირე უმაღლეს პოზიციებზე - კვლავ სახეზეა; თუმცა, არსებობს რამდენიმე დამაიმედებელი გაუმჯობესება და შთამაგონებელი მაგალითი, ქალთა კარიერასა და უმაღლეს სასამართლო პოზიციებზე გენდერული ბალანსის ხელშესაწყობად. ევროპელ იურისტებს შორის ჯერ ისევ, ძირითადად, მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობდნენ, მაგრამ ამ სფეროში ასევე შეიმჩნეოდა ცვლილებები ქალების სასარგებლოდ; კვლავ გაიზარდა  ადვოკატთა რაოდენობა ევროპაში (2020 წელს საშუალო რაოდენობა გახლავთ 172 ადვოკატი 100 000 მოსახლეზე), მაგრამ ქვეყნიდან ქვეყანაში ადვოკატთა კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება;
  • მნიშვნელოვანი განსხვავებაა ევროპაში მოსამართლეთა ხელფასსა და საშუალო ეროვნულ ხელფასებს შორის: 1.0/1.7-დან გერმანიაში (კარიერის დასაწყისში/ბოლოს) 6.8/21.6-მდე უკრაინაში (კარიერის დასაწყისში/ბოლოს); იგივე ეხება პროკურორებს: 0,8-დან ირლანდიაში 4,1-მდე ალბანეთში კარიერის დასაწყისში და 1,7-დან გერმანიასა და ლუქსემბურგში 7,8-მდე საქართველოში კარიერის ბოლოს; ზოგადად, სხვადასხვა მიზეზის გამო, პროკურორების ხელფასი მოსამართლეებთან შედარებით დაბალია;
  • 2010-2020 წლებში სასამართლოების რაოდენობა ევროპაში შემცირდა და კვლავ თავი იჩინა სასამართლოების სპეციალიზაციის ძლიერმა ტენდენციამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია 2020 წელს შენელდა.

 

სასამართლო სისტემის მომხმარებლების შესახებ:

  • Covid-19-ის პანდემიამ გააძლიერა მომხმარებლის ცენტრალური ადგილი მართლმსაჯულების სისტემაში, რაც გულისხმობს ახალ გამოწვევებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისათვის, კომუნიკაციისა და სასამართლო სერვისების მიწოდების ახალ გზებსა და მართლმსაჯულების გაციფრულების დაჩქარებას;
  • სულ უფრო მეტი სახელმწიფო არგებს კონკრეტულ ინფორმაციას მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს;
  • მეტი რესურსი, მათ შორის, ადამიანურიც უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების მომხმარებლებთან უკეთეს კომუნიკაციას, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სასამართლო სისტემისადმი ნდობა;
  • სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების შესახებ მონაცემთა გამოყენება შესაძლებელია მართლმსაჯულების უკეთესი და უფრო ეფექტიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად და სასამართლო სისტემების ლეგიტიმურობის გაზრდის გზების შესამუშავებლად.

 

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) შესახებ:

  • ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები და სახელმწიფო უწყებები სულ უფრო მეტად იყენებენ ICT-ს სასამართლო საქმიანობის მხარდასაჭერად და წინა წლებთან შედარებით სასამართლოს ბიუჯეტის უფრო დიდ პროცენტს უთმობენ კომპიუტერიზაციას;
  • Covid-19-ის პანდემიის შედეგად წარმოშობილმა გამოწვევებმა შესაძლებელი გახადა უფრო ფართო მასშტაბით და სწრაფი ტემპით გამოცდილიყო ICT-ის პოტენციალი სასამართლო დოკუმენტების კომუნიკაციისა და გაზიარების კუთხით; ამან საჭირო გახადა უფრო ძირფესვიანი ადაპტირება, რათა დაცული ყოფილიყო ბალანსი დისტანციური კომუნიკაციის პრაქტიკულ უპირატესობებსა და სამართლიანობის ფუნდამენტურ ღირებულებათა დაცვას შორის, როგორიცაა: სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, პროცედურული დარღვევების თავიდან აცილება და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ადამიანური თუ სიმბოლური სახეების კომპრომეტირების გამორიცხვა.

 

სასამართლო სისტემების ფუნქციონირების შესახებ:

  • Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მთელს ევროპაში სასამართლოებს პრობლემები შეექმნათ რუტინული ფუნქციების შესრულებისასაც, თუმცა, ყველა იურისდიქციის ზონა ერთნაირად არ დაზარალებულა, ვინაიდან ქვეყნებმა და სახელმწიფო უწყებებმა სხვადასხვა ინოვაციურ ზომას მიმართეს Covid-19-ის გავლენის შესამცირებლად;
  • პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა პირველი ინსტანციის სასამართლოები; მეორე და მესამე ინსტანციები უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებდნენ, თუმცა 2018 წელთან შედარებით მათაც, გარკვეულწილად, დაბალ შედეგს მიღწიეს;
  • სასამართლოები, როგორც ჩანს, ყველაზე სწრაფად სისხლის სამართლის საქმეებს წყვეტენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად ეფექტიანები ადმინისტრაციულ საკითხთა გადაწყვეტაში არიან;
  • ქვეყნებისა და სახელმწიფო უწყებების უმრავლესობაში პროკურორებმა გააუმჯობესეს შედეგები, სავარაუდოდ, ახალი საქმეების შემცირებული რაოდენობის გამო, რაც, ძირითადად, Covid-19-ის პანდემიის შემაკავებელმა ღონისძიებებმა განაპირობა;
  • 2020 წელს შემცირდა შემოსული საქმეების რაოდენობა, რომლებიც ეხება თავშესაფრის მაძიებლებს, ასევე, უცხოელთა ქვეყანაში შესვლისა და ბინადრობის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის საქმეების რაოდენობა კვლავ მაღალია.

---------------

(*) ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ ლიხტენშტეინისა და სან-მარინოს მონაცემების მიწოდება ვერ მოხერხდა. სავარჯიშოში მონაწილეობა მიიღეს ისრაელმა, მაროკომ და ყაზახეთმა, როგორც დამკვირვებელმა ქვეყნებმა CEPEJ-თან ერთად.

სტრასბურგი, საფრანგეთი 5 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page