ევროპის საბჭო

პროცედურა

  1. კომიტეტების შეხვედრები
  2. სესიები და სხდომები
  3. სადეპუტატო ადგილები ასამბლეაში
  4. ოფიციალური და სამუშაო ენები
  5. საორგანიზაციო ოფისი
  6. დებატები
  7. კენჭისყრა
  8. კენჭისყრის წესები
  9. ქვორუმი
  10. არჩევნებთან დაკავშირებული პრეროგატივები
  11. ასამბლეის დოკუმენტები
  12. მოხსენებათა შემუშავება
  13. საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტები

საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ბმული

1.კომიტეტების შეხვედრები

თუმცა კომიტეტები უმთავრესად მოხსენებათა შემუშავებით არიან დაკავებული, შეთანხმების შემთხვევაში, ისინი სარგებლობენ დიდი თავისუფლებით მათ კომპეტენციაში შემავალი ნებისმიერი საკითხის განხილვის თვალსაზრისით. ისინი აწყობენ მოსმენებს, კოლოქვიუმებსა თუ კონფერენციებს კონკრეტულ თემებზე, რომელთა დასკვნებმა შესაძლოა ასახვა ჰპოვოს ასამბლეისადმი წარდგენილ მოხსენებებში.

კომიტეტები შეხვედრებს მართავენ სტრასბურგში, პარიზში, შესაძლოა ბრიუსელშიც, თუკი იგეგმება ერთობლივი შეხვედრა ევროპარლამენტის რომელიმე ორგანოსთან, ან ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში ბუდაპეშტში. შეხვედრები, როგორც წესი, ერთ დღეს გრძელდება. თითოეული კომიტეტი, ჩვეულებრივ, მართავს ერთ შეხვედრას, რასაც თან ერთვის ვიზიტი რომელიმე წევრ სახელმწიფოში, რაც მიზნად ისახავს კომიტეტისადმი ინფორმაციის მიწოდებას ამ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის შესახებ.

ქვეკომიტეტებს ასევე შეუძლიათ წელიწადში ერთხელ შეხვედრა სტრასბურგს გარეთ და პარიზში. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს სამთავრობათშორისო უწყებების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა თუ მოსმენებში, ისევე როგორც მინისტრთა დარგობრივ კონფერენციებში მონაწილეობის მიზნით, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს თანხმობით, მათ შეუძლიათ დამატებითი შეხვედრების მოწყობა.

2 სესიები და სხდომები

საპარლამენტო ასამბლეის სესიები იყოფა ოთხ ნაწილობით სესიად, რომლებიც იმართება იანვრის, აპრილის, ან ივნისის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში და გრძელდება ერთ კვირას. ასამბლეის წარმომადგენელთა და მათ შემცვლელთა არსებული სისტემის გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დილისა და შუადღის სხდომები განიხილება როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. ეს საშუალებას აძლევს დეპუტატებს, რომელიმე მათგანზე დასასწრებად მიავლინონ თავიანთი შემცვლელები.

3.სადეპუტატო ადგილები ასამბლეაში

სხდომათა დარბაზში ადგილების განლაგება ნალისებრია და განაწილებულია ინგლისური ანბანის თანმიმდევრობით. შედეგად, დეპუტატთა განლაგება არ ითვალისწინებს მათ ეროვნული დელეგაციებისა თუ პოლიტიკური ჯგუფებისადმი მიკუთვნებას. სასაუბრო დროის სიმცირიდან გამომდინარე, თეთრი ან წითელი სინათლეები გამომსვლელებს მიანიშნებს, რომ მათი სასაუბრო დრო დასასრულს მიუახლოვდა ან მიილია.

4.ოფიციალური და სამუშაო ენები

ევროპის საბჭოს წესდების თანახმად, ინგლისური და ფრანგული ენები ევროპის საბჭოს ოფიციალური ენებია. თუმცა ასამბლეა, ევროპის საბჭოს ბიუჯეტიდან უზრუნველყოფს თარგმანს გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებზე, როგორც დამატებით სამუშაო ენებზე. ცალკეულ დელეგაციათა თხოვნით და მათივე ხარჯებით, განსაკუთრებით პლენარული სხდომებისათვის, ამ ჩამონათვალს დაემატა რამდენიმე სხვა ენაც. ყველა დოკუმენტი თანადროულად გამოიცემა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

5.საორგანიზაციო ოფისი

საორგანიზაციო სამსახური აწვდის რჩევებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, დელეგაციებისა თუ პოლიტიკური ჯგუფების სამდივნოებსა და სხვა ოფიციალურ პირებს იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს რეგლამენტის შესაბამისად და გვევლინება მის მცველად. ის ასევე აწვდის მოსაზრებებს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პროცედურული ხასიათის სირთულეების წარმოშობისას. მის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს დეპუტატთა მანდატების, ასამბლეის მოწვევისა და მისი სამუშაო განრიგის გაახლების საკითხები. საორგანიზაციო სამსახურის გავლით ხდება წინადადებების, შესწორებების, კითხვების, წერილობითი განცხადებებისა თუ კომიტეტების მოხსენებების მიწოდება. მას გადასცემენ ასევე კომიტეტების წევრობის კანდიდატთა, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობებზე ასარჩევ პირთა სიას. აქ დგება და ინახება სიტყვით გამომსვლელთა სიაც.

6.დებატები

ასამბლეის პლენარული დებატები საჯაროა, კომიტეტები კი, ჩვეულებრივ, დახურულ კარს მიღმა იკრიბებიან. დებატები წარიმართება ეროვნულ პარლამენტებში დამკვიდრებული პრინციპების თანახმად. მათში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის, გარდა ისეთი განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა დებატები გადაუდებელი პროცედურის ამოქმედებისა თუ პროცედურული ნაბიჯების შესახებ. ზოგადად დებატებისთვის განკუთვნილი დროის სიმცირის გამო, ბიურო ასამბლეას სთავაზობს ყოველი სპეციალური დებატის პროგრამასა და განრიგს. ეს განრიგი მიიღება დღის წესრიგთან ერთად. პრაქტიკაში ეს ნიშნავს დებატების შეწყვეტას დროის ამოწურვისთანავე, რათა დარჩენილი დრო მოხმარდეს შესწორებების განხილვასა და კენჭისყრას. ზოგადად, გამომსვლელებს ეთმობათ ხუთი წუთი. თუკი დებატები უნდა შეწყდეს მანამდე, ვიდრე ყველა მსურველი სიტყვით გამოვიდოდეს, დარჩენილ დეპუტატებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთ მოხსენებათა ტექსტები გადასცენ საორგანიზაციო ოფისს. შემდგომში ისინი იბეჭდება ოფიციალურ მოხსენებაში, თუმცა მათი სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს დაშვებულ სალაპარაკო დროს.

განსაკუთრებულ შემთხვევებში, გადაუდებელი პროცედურა შესაძლებელს ხდის დებატების გამართვას ისეთ საკითხებზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ასამბლეის დღის წესრიგით. გადაუდებელი პროცედურა ამოქმედდება კენჭისყრაში მონაწილეთა ორი მესამედი უმრავლესობით. აღნიშნულ მოთხოვნას აყენებს მინისტრთა კომიტეტი, შესაბამისი კომიტეტი ან სულ მცირე ოცი დეპუტატი. ანალოგიური წესები შეეხება მუდმივმოქმედ კომიტეტსაც.

მსგავსი პროცედურის გამოყენებით ეწყობა ასევე დებატები მიმდინარე მოვლენების შესახებ, რომლის დასასრულს ასამბლეა ან მუდმივმოქმედი კომიტეტი არ იღებს არანაირ დოკუმენტს.

7.კენჭისყრა

კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ეროვნული დელეგაციების მიერ სათანადოდ დანიშნულ დეპუტატებს, რომელთა ხელმოწერა ფიქსირდება კონკრეტულ სხდომაზე დასწრების ცხრილში. ხმის მისაცემად, ჩვეულებრივ, გამოიყენება კენჭისყრის ელექტრონული სისტემა. ამოკითხვით ხმის მიცემა ხდება მაშინ, როდესაც სულ მცირე დეპუტატთა ერთი მეექვსედი, რომლებიც წარმოადგენენ სულ მცირე ხუთ ეროვნულ დელეგაციას, გამოთქვამენ ამგვარ სურვილს. თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ხმის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით.

8.კენჭისყრის წესები

ხმათა ორ მესამედ უმრავლესობას საჭიროებს ისეთი საკითხები, როგორიცაა რეკომენდაციისა და მოსაზრების მიღება, რომლებიც განკუთვნილია მინისტრთა კომიტეტისადმი გადასაცემად, ან გადაუდებელი პროცედურის ამოქმედების საკითხი. რაც შეეხება რეზოლუციასა თუ სხვა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ მისაღებად საჭიროა უბრალო უმრავლესობა.

9.ქვორუმი

ასამბლეას შეუძლია გარკვეულ საკითხთა განხილვა და გადაწყვეტა ნებისმიერი რაოდენობის დეპუტატთა დასწრების შემთხვევაში, თუკი კენჭისყრამდე პრეზიდენტს არ მიმართეს თხოვნით, დააზუსტოს დამსწრე დეპუტატთა რაოდენობა. ამ მოთხოვნის სასარგებლოდ ხმა უნდა მისცეს კენჭისყრაზე უფლებამოსილ დეპუტატთა სულ მცირე ერთმა მეექვსედმა, რომლებიც მიეკუთვნებიან სულ მცირე ხუთ ეროვნულ დელეგაციას.

ქვორუმს შეადგენს კენჭისყრაზე უფლებამოსილ დეპუტატთა ერთი მესამედი.

10.არჩევნებთან დაკავშირებული პრეროგატივები

გარდა იმისა, რომ ასამბლეა ირჩევს თავის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს, ის უძღვება მთელ რიგ სხვა არჩევნებსაც, ეს კი განამტკიცებს მის, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო უწყების როლს. ასამბლეა ირჩევს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს. ისევე როგორც ასამბლეის გენერალურ მდივანს. სამივე მათგანი აირჩევა ფარული კენჭისყრით ხუთი წლის ვადით.

საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს. კერძოდ, მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა ერთიანი სასამართლო, აღნიშნული პროცედურა უფრო დაიხვეწა და ფარული კენჭისყრის გამართვამდე, კანდიდატთა მოსმენას ახორციელებს იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი.
საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ირჩევს წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრებს.

საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს ასევე ადამიანის უფლებათა კომისარს. კომისარი, რომელსაც არ გააჩნია სასამართლო ფუნქცია, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა განმტკიცებაზე ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში და ევროპის საბჭოს სამართლებრივი დოკუმენტების სრულ და ეფექტიან დაცვაზე.

11.ასამბლეის დოკუმენტები

საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია სამი სხვადასხვა სახის დოკუმენტის - რეკომენდაციის, რეზოლუციისა და მოსაზრების მიღება.

  • რეკომენდაციები მოიცავს წინადადებებს მინისტრთა კომიტეტისადმი, რომელთა განხორციელება წევრ სახელმწიფოთა მთავრობების კომპეტენციას განეკუთვნება.
  • რეზოლუციებში ხორცშესხმულია ასამბლეის გადაწყვეტილებები საკითხებზე, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებას ის ფლობს, ან მისი თვალსაზრისი იმგვარ საკითხებზე, რომლებზეც მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი.
  • ასამბლეა მოსაზრებებს გამოთქვამს უმთავრესად მინისტრთა კომიტეტის მიერ მისთვის გადაცემულ საკითხებზე, როგორიცაა ევროპის საბჭოში ახალ წევრ სახელმწიფოთა მიღება, ისევე როგორც კონვენციების პროექტები, საბიუჯეტო საკითხები, სოციალური ქარტიის განხორციელება.

მიღებული დოკუმენტების ძიება

12.მოხსენებათა შემუშავება

საზოგადოდ, რეკომენდაციის ან რეზოლუციის შემუშავების ინიციატივას მოჰყვება მოხსენებათა შემუშავება. ინიციატივა უნდა მოდიოდეს ათი ან მეტი დეპუტატისგან, რომლებიც მიეკუთვნებიან სულ მცირე ხუთ ეროვნულ დელეგაციას. ამის შემდეგ ის გადაეცემა შესაბამის კომიტეტს მოხსენებისთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომიტეტებს მოსაზრებების წარმოსადგენად. შედეგად, ძირითადი კომიტეტი ირჩევს მომხსენებელს, რომელიც, ასამბლეის სამდივნოს, საკუთარი ეროვნული დელეგაციის, მისი საექსპერტო ცოდნის ან სპეციალურად მოწვეული ექსპერტის დახმარებით შეიმუშავებს ორი ნაწილისაგან შემდგარ მოხსენებას:თავად რეზოლუციის, რეკომენდაციის ან მოსაზრების პროექტს და განმარტებით მემორანდუმს.

კომიტეტი მოხსენების ორივე ნაწილს განიხილავს, კენჭი კი თავად რეზოლუციის პროექტს ეყრება. თუმცა განმარტებითი მემორანდუმი მომხსენებლის ავტორობით გამოდის, ის ასევე უნდა ასახავდეს კომიტეტში გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებსაც. მოხსენების კომიტეტში მიღების შემდეგ, ის განსახილველად გადაეცემა საპარლამენტო ასამბლეას ან ნაწილობით სესიაზე, ან მუდმივმოქმედ კომიტეტში.

გარდა ამისა, წერილობითი განცხადებები საშუალებას აძლევს ასამბლეის წევრებს, ფორმალური სახე შესძინონ თავიანთ შეხედულებებს საერთო-ევროპული დაინტერესების საკითხებზე. წერილობით განცხადებას ხელს უნდა აწერდეს ოთხი ეროვნებისა და ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სულ მცირე ოცი დეპუტატი ან მისი შემცვლელი. ის არ უნდა სცდებოდეს 200 სიტყვას. თუკი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ განცხადება სათანადოდ არის შედგენილი, ის გამოიცემა და ვრცელდება როგორც ასამბლეის დოკუმენტი. თუკი წერილობით განცხადებას ახალი ხელმოწერები შეემატა შემდგომი ნაწილობითი სესიის დაწყებამდე, ის ხელახლა ვრცელდება.

13.საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტები

საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტში ჩამოთვლილია ოფიციალური დოკუმენტების შემდეგი ნუსხა -–დღის წესრიგი, საპროცედურო ოქმი, სხდომათა ოფიციალური ოქმი, ანგარიში, შეტყობინება, მინისტრთა კომიტეტის შუამდგომლობა მოსაზრების შესახებ, მინისტრთა კომიტეტისადმი დასმული კითხვები და მის მიერ გაცემული პასუხები, გენერალური მდივნისგან მომდინარე შეტყობინება, დეპუტატთა მიერ წარმოდგენილი წინადადება, კომიტეტების მოხსენებები და შესწორებები მათში, საერთაშორისო ორგანიზაციათა მოხსენებები, წერილობითი განცხადება და მიღებული დოკუმენტები.

დღის წესრიგი გამოიცემა ბეჭდური სახით, რომელსაც ცნობის ფურცელს უწოდებენ (ფრანგულ ენაზე ბიულეტენს) და რიგდება ყოველი სხდომის დაწყებამდე. ის ასევე მოიცავს დეპუტატებისათვის საჭირო სხვა სახის ინფორმაციასაც.

საპროცედურო ოქმები ასამბლეის გადაწყვეტილებათა ჩანაწერებია.

სხდომათა ოფიციალური ოქმები მოიცავს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე შესრულებული გამოსვლების სტენოგრაფიულ ჩანაწერებს იგივე ენაზე და მათი სინქრონული თარგმანის შინაარსს მეორე ოფიციალურ ენაზე. მაგალითად, ოქმი ინგლისურ ენაზე სრულად გადმოსცემს ამ ენაზე წარმართულ დებატებს, თან კი ერთვის ფრანგულ ან ნებისმიერ სხვა ენაზე შესრულებული გამოსვლის შინაარსი ინგლისურ ენაზე.

რეკომენდაციები, მოსაზრებები და რეზოლუციები, მიღების შემდგომ, ქვეყნდება წინასწარი გამოცემის სახით. საბოლოო ვარიანტი კი გამოდის დამოუკიდებელი გამოცემის სახით ორივე ოფიციალურ ენაზე, ყოველი ნაწილობითი სესიის დასრულებისას.

ასამბლეის დოკუმენტები გამოდის ასევე კრებულის სახით ყოველი ნაწილობითი სესიის დასრულებისას. ასამბლეის ბეჭდური ოქმები გამოქვეყნებისთანავე ეგზავნება ეროვნულ დელეგაციათა სამდივნოებს, დეპუტატებს კი მათი თხოვნისამებრ.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.