„გავაცნობიერე, რომ ბავშვის დაცვა სკოლის ყველა თანამშრომლის საერთო პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ სოციალური მუშაკის მოვალეობა“, - აღნიშნა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა სოციალურმა მუშაკმა სკოლებში ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ტრენერთა ტრენინგის მიმდინარეობისას.
სკოლებში ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მანდატურებმა და სოციალურმა მუშაკებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ ტრენინგებში, რაც მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა.
ინტერაქტიული სესიების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებული სწავლების მეშვეობით, მონაწილეებმა გაიუმჯობესეს უნარები ძალადობის ნიშნების ამოცნობაში, ბავშვის მიერ ძალადობის შესახებ ინფორმაციის გაზიარებისას სათანადო რეაგირებაში, ტრავმაზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებაში, დადგენილი შეტყობინებისა და რეფერირების პროცედურების ეფექტიანად განხორციელებაში. ტრენინგმა ასევე გაამყარა სკოლის მასშტაბით ბავშვთა დაცვის ერთიანი მიდგომის მნიშვნელობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ბავშვის დაცვა სკოლის ყველა თანამშრომლის საერთო პასუხისმგებლობაა.
ტრენინგმა მონაწილეთა ცოდნისა და თავდაჯერებულობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. შეფასების შედეგებმა აჩვენა ბავშვთა დაცვის პრინციპების ცოდნის მკაფიო გაუმჯობესება — საშუალო შეფასებამ 94%-ს გადააჭარბა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა მონაწილეთა თავდაჯერებულობაც ბავშვთა დაცვის საკითხებზე რეაგირების კუთხით.
პროფესიონალების აღჭურვა პრაქტიკული უნარებით, თავდაჯერებულობითა და ბავშვთა დაცვის საერთო ხედვით, ხელს უწყობს ისეთი უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც ბავშვები მეტად არიან დაცულნი, მათი ხმა კი - მოსმენილი და მხარდაჭერილია.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




