ადგილობრივ დონეზე ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ისწავლონ ერთმანეთისგან და მიიღონ საჭირო მხარდაჭერა, რათა იდეები ქმედებად აქციონ - სწორედ ეს იყო 2026 წლის 5-7 ივნისს, ბათუმში გამართული InoHub-ის მრგვალი მაგიდის მთავარი გზავნილი. შეხვედრამ გააერთიანა 25 მონაწილე, ცამეტი ახალგაზრდული ლაბორატორიის წევრი და მათი მენტორები. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს მათი ადგილობრივი ინიციატივების პროგრესზე, გამოწვევების დაძლევს გზებზე და განსაზღვრეს თავიანთი საქმიანობის შემდეგი ეტაპები.
ახალგაზრდული ლაბორატორიების ინიციატივა, რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა 2025 წელს წამოიწყო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ერთობლივად იმუშაონ ისეთი საკითხების გადაჭრაზე, როგორებიცაა მოქალაქეების მონაწილეობა, თანასწორობა, ინკლუზია, გარემოს დაცვა და თემის კეთილდღეობა. ქსელი „InoHub“ წარმოადგენს ეროვნულ პლატფორმას, რომელიც ლაბორატორიებს აკავშირებს და ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, უნარები გაიძლიერონ და ისეთ ინიციატივებზე ითანამშრომლონ, რომლებიც ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ბევრი მონაწილისათვის შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მხარე სწორედ სხვა ლაბორატორიების გამოცდილების მოსმენა იყო. „ჩემთვის ცხადი გახდა, რომ რესურსების, დროისა თუ სხვა საჭირო ინსტრუმენტების სიმწირის მიუხედავად, ახალგაზრდებს საკუთარი შემართებითა და ამოუწურავი მოტივაციით შეუძლიათ საკუთარ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, მცირე, მაგრამ თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელონ,“ აღნიშნა ახალგაზრდული ლაბორატორიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
მენტორებმა ასევე ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც გასული წლის განმავლობაში დააკვირდნენ, განსაკუთრებით ახალგაზრდების თავდაჯერებულობის, მედეგობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მზაობის კუთხით. როგორც ერთ-ერთმა მენტორმა აღნიშნა, “ამ პროცესმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის მხარდამჭერი გარემოსა და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მენტორობის პროცესში განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო დაკვირვება იმაზე, თუ როგორ იზრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ ისინი ეტაპობრივად, როგორ იძენდნენ მეტ თავდაჯერებას, როგორ ავითარებდნენ ურთიერთმხარდაჭერის კულტურას და როგორ აქცევდნენ საკუთარ იდეებს რეალურ ქმედებებსა და ხელშესახებ ცვლილებებად.“
InoHub II შეხვედრისთვის მზადების პარალელურად, მონაწილეებმა ახალგაზრდული ლაბორატორიების ქსელის მომავალზეც იმსჯელეს და განიხილეს, როგორ შეიძლება გაგრძელდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ახალგაზრდების ინიციატივები მომდევნო წლებში. დისკუსიებმა ცხადყო, რომ ქსელი სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც არა უბრალოდ ადგილობრივი ინიციატივების ერთობლიობა, არამედ ახალგაზრდებისა და მენტორების მზარდი საზოგადოება, რომელიც ერთმანეთს აძლიერებს და საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებების შექმნას უწყობს ხელს.
აღნიშნული აქტივობა ორგანიზებული იყო პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან არსებული მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით.




