2026 წლის 26–27 ივნისს, თბილისში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ადგილობრივი და რეგიონული მედიასაშუალების ოცდასამმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მათ მონაწილეობითი მმართველობის, დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ გაიღრმავეს ცოდნა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირებული საჯარო დისკუსიის მხარდაჭერაში ადგილობრივი მედიის როლის გაძლიერება სათემო საკითხების გაშუქების ხარისხის გაუმჯობესების გზით. ინტერაქტიული დისკუსიების, პრაქტიკული მაგალითებისა და ურთიერთსწავლების საშუალებით, მონაწილეებმა განიხილეს მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესების, ახალგაზრდების ჩართულობის, თემზე დაფუძნებული ინიციატივებისა და ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების დაბალანსებული, ზუსტი და აუდიტორიაზე ორიენტირებული გაშუქების მიდგომები.
ღონისძიებამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლებისთვის შექმნა სივრცე ადგილობრივი და რეგიონული მედიის წინაშე არსებული საერთო გამოწვევების განხილვისა და გამოცდილების გაზიარებისათვის. დისკუსიებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, ცოდნის გაზიარებისა და განგრძობადი პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოევლინათ.
სამუშაო შეხვედრამ კიდევ უფრო გაზარდა მონაწილეთა ცნობიერება დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში ადგილობრივი და რეგიონული მედიის წვლილის შესახებ. განხილვები ეფუძნებოდა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, მათ შორის, კონგრესის რეზოლუციას - „ადგილობრივი და რეგიონული მედია: დემოკრატიისა და თემის ერთიანობის დამცველი“.
მონაწილეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობა კოლეგებთან, რომლებიც სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ და გამოთქვეს ინტერესი, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი სამუშაო შეხვედრებისა და უფრო რეგულარული თემატური განხილვების ფორმატში. რამდენიმე მონაწილემ ასევე აღნიშნა, რომ გაშუქებაში უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდულ ინიციატივებსა და თემის მიერ წარმართულ პროცესებს. სამუშაო შეხვედრამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე მედიის წარმომადგენლების დაკავშირების გზით, ხელი შეუწყო დემოკრატიული კულტურისა და თემის ერთიანობის გაძლიერების პროცესში ადგილობრივი ჟურნალისტიკის როლის უფრო ფართო გააზრებას.
სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტების „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში (SFEM-GE)“ და „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. ორივე პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ხოლო მეორე პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.




