წილობრივი შეთანხმება

ბავშვთა უფლებები და საოჯახო პოლიტიკა

თემები

პოზიტიური აღზრდა

ბავშვებსა და ოჯახებზე ფოკუსირებული ევროპის საბჭოს პროექტი, რომელიც ეფუძნება საბჭოს წინარე პროგრამებსა და პროექტებს, დაიწყო 2001 წელს და მიზნად ისახავს სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასა და სოციალური პოლიტიკის საკითხების მოგვარებას, რომლებიც შეეხება ბავშვებსა და ოჯახებს. მთელი ჩვენი საქმიანობა ამ სფეროში გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, როგორც ამას განსაზღვრავს გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, უმთავრესი აქცენტით ბავშვთა წახალისებაზე, მონაწილეობასა და დაცვაზე.

ფორუმი ბავშვებისა და ოჯახებისთვის (CS-FORUM) იყო მრავალდისციპლინური ორგანო, რომელიც 2001 წლიდან 2004 წლის ივნისამდე პასუხს აგებდა ბავშვებისა და ოჯახების სფეროში წარმართულ საქმიანობაზე. მუშაობის პროცესში ფორუმი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საოჯახო და პროფესიული ცხოვრების შეთავსება, პერინატალური ფსიქიატრია, ბავშვთა ფიზიკური დასჯა ოჯახში, ბავშვთა ომბუცმენები, განათლების უფლება, ემოციური ძალადობა და უგულებელყოფა, ბავშვთა მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, ბავშვები რეზიდენციურ დაწესებულებებში და მათზე მეთვალყურეობა დღის მანძილზე. ფორუმმა ევროპის საბჭოს ფარგლებში მრავალი ორგანო განაწყო ბავშვთა უფლებების მიმართ და ხელი შეუწყო ამ მიმართებით ევროპის საბჭოს წარმოჩენას გარეთ.

ბავშვებისა და ოჯახების ექსპერტთა კომიტეტი (CS - EF) დაარსდა 2004 წლის შემოდგომაზე სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტის მიერ (CDCS), მას შემდეგ, რაც ფორუმმა დაასრულა მუშაობა და იარსება 2006 წლის დეკემბრამდე. წამოწყებულმა პროგრამამ ყურადღება მიმართა “ბავშვის საუკეთესო ინტერესებში აღზრდის მხარდაჭერის” საკითხისადმი, რაც გახლდათ კიდეც ბავშვებისა და ოჯახების ექსპერტთა კომიტეტის უმთავრესი საქმიანობა. აღნიშნული მიმართულებით გაწეულმა სამუშაომ შედეგად მოიტანა რეკომენდაციის მიღება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, რომელიც მიზნად ისახავდა აღზრდის პასუხისმგებლობის მნიშვნელობისა და მშობლების სათანადო მხარდაჭერის საჭიროების აღიარებას სახელმწიფოთა მიერ, რათა მათ მისცემოდათ თავიანთი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა.

ბავშვები რეზიდენციურ დაწესებულებებში

რეზიდენციურ დაწესებულებებში მყოფ ბავშვთა უფლებების შესახებ წევრ სახელმწიფოთა მიმართ მინისტრთა კომიტეტის R(2005)5 რეკომენდაციის განხორციელება.

რეკომენდაცია ადგენს საყოველთაო სახელმძღვანელო პრინციპებს, გამოსაყენებელს ყოველთვის, როცა კი ბავშვი აღმოჩნდება ოჯახს გარეთ, განსაკუთრებით კი რეზიდენციულ დაწესებულებაში და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ამგვარი განთავსება უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის უფლებების სრულყოფილად დაცვას. ამ რეკომენდაციის მიხედვით, ასეთი განთავსება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვს ემუქრება იმგვარი საფრთხე, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს მისი ყოფა ოჯახურ გარემოში. რეზიდენციული დაწესებულებები, საჭიროების შემთხვევაში რეფორმების მეშვეობით, უნდა უზრუნველყოფდეს რაც შეიძლება საუკეთესო განვითარებასა და მომავალს ბავშვებისათვის. გათვალისწინებულია აგრეთვე ბავშვთა რეინტეგრაცია ოჯახურ ცხოვრებაში. ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა ხარისხიანი ზედამხედველობაც, ვინაიდან ის უზრუნველყოფს მინიმალურ დაცვას ზიანისაგან, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს თვით მიმღები ოჯახისაგან.

ჩვენ ვმუშაობთ ამ რეკომენდაციის წარდგენასა და ხორცშესხმაზე, რომლის პრეზენტაცია გაიმართა 2005 წელს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გარშემო ზოგადი მსჯელობის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ გაეროს დღესთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი მიესალმა ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს და შეიმუშავა რეკომენდაცია, საერთაშორისო თანამეგობრობას მოეწვია ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც მოამზადებდა საერთაშორისო სტანდარტების ერთობლიობას მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაცვისა და მათი ალტერნატიული მოვლის შესახებ, რომელსაც განიხილავდა და 2006 წელს მიიღებდა გაეროს გენერალური ასამბლეა.

2009 წელს სოციალური ინტეგრაციის ევროპულმა კომიტეტმა შეაფასა რეკომენდაციის განხორციელების მდგომარეობა და გამოაქვეყნა ანგარიში მიღებული შედეგების შესახებ.

2009 წელს რამდენიმე ენაზე გამოიცა ასევე ცნობის ფურცელი ამ რეკომენდაციის შესახებ.

ევროპის საბჭოს ოჯახური პოლიტიკის მონაცემთა ბაზა

ევროპის საბჭოს ოჯახური პოლიტიკის მონაცემთა ბაზა ერთადერთი სახელმძღვანელო წყაროა ევროპული პოლიტიკის მიმღებ პირთათვის, პრაქტიკოსებისა და მკვლევარებისთვის, რომელთაც სურთ, უკეთ გაიგონ, თუ როგორ ფუნქციონირებს ოჯახური პოლიტიკის სტრატეგიები ისლანდიიდან აზერბაიჯანამდე თუ ნორვეგიიდან საბერძნეთამდე. ის შეიქმნა არსებული მოთხოვნის პასუხად, რომ შექმნილიყო დიდი ევროპის მასშტაბით მოქმედ ოჯახური პოლიტიკის სტრატეგიათა განახლებადი და შედარებითი მონაცემთა ბაზა.

ეს ბაზა აერთიანებს უმთავრეს რაოდენობრივ მაჩვენებლებს, თუმცა მის უმთავრეს ფოკუსს წარმოადგენს ხარისხობრივი ინფორმაცია ოჯახური პოლიტიკის ყველა საჭირო სექტორის შესახებ. ის მოიცავს ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოდან 40-ს, მათ შორის ევროკავშირის ყველა წევრს.

ინფორმაცია მონაცემთა ბაზისთვის მოწოდებულ იქნა ევროპის საბჭოს შესაბამის წევრ სახელმწიფოთა ოჯახურ საქმეებზე პასუხისმგებელი სამინისტროების მიერ, ხოლო კოორდინირებული სოციალური ინტეგრაციის ევროპული კომიტეტისა და ოჯახებისა და ბავშვების სოციალური პოლიტიკის ექსპერტთა კომიტეტის წევრთა მიერ. ქვეყნებიდან შემოსული ინფორმაციის რედაქტირება ევროპის საბჭოს არ განუხორციელებია და ამ დროისათვის მისი ნაწილი ხელმისაწვდომია მხოლოდ ფრანგულ ენაზე.

მონაცემთა ბაზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: familypolicy@coe.int

ბავშვთა უფლებებისა და ოჯახური პოლიტიკის ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/familypolicy/default_en.html

სხვა ბმულები:


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.