ადამიანის უფლებათა კომისარი

მისასალმებელი სიტყვა

ეს თანამდებობა ჩავიბარე მტკიცე განზრახვით, შევეჭიდო ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ჩვენი საზოგადოების წინაშე დღეს არსებულ იმ პრობლემებს, რომლებიც საჩქარო გადაწყვეტას მოითხოვს.

ადამიანის უფლებათა პატივისცემა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი მახასიათებელია და ახალი სტანდარტების შემუშავების უწყვეტი პროცესიც უკვე ჩაბეჭდილია ჩვენს ევროპულ გამოცდილებაში. თუმცა, ადამიანის უფლებათა დანერგვის პროცესში უადგილოა ზედმეტი თავდაჯერება, რადგან ყოველდღიურად წარმოიშობა ახალი გამოწვევები და მუდმივად იცვლება საზოგადოებრივი მოლოდინები. ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწეობა შედეგიანი მხოლოდ მაშინ იქნება, თუკი ის წარიმართება მუდმივი დიალოგის თანხლებით ყველა მონაწილესთან – მთავრობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან, ადამიანის უფლებათა დამცველებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

იმისათვის, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზანს - ადამიანის უფლებათა დაცვაზე დამყარებული მიდგომები ვაქციოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ერთ-ერთ განმსაზღვრელად, ჩვენ გვესაჭიროება ღია საზოგადოების აშენება, სადაც ჩვეულებად იქცევა მრავალფეროვნების დაცვა თუ თავისუფალი საზოგადოებრივი მონაწილეობა. საკანონმდებლო ცვლილებებს მხოლოდ მაშინ ექნება ხელშესახები გავლენა, თუკი მათ შევუწყვილებთ თანადგომაზე დაფუძნებულ სამოქალაქო და პოლიტიკურ კულტურას, რამაც უნდა განამტკიცოს დემოკრატიული პრაქტიკა შორი მომავლის პერსპექტივაში.

დროა, გადავინაცვლოთ რიტორიკიდან რეალური ცვლილებებისკენ. ჩემი უზენაესი მიზანი ხელშესახები შედეგების მიღწევაა, რაც გამოიხატება მთავრობათა მიერ მათსავე წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული დემოკრატიული კულტურის განვითარებაში. იმედი მაქვს, მრავალი თქვენგანი შემომიერთდება ამ წამოწყებაში.

თომას ჰამარბერგი, ადამიანის უფლებათა კომისარი


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.