სახელშეკრულებო ოფისი

საერთაშორისო საჯარო სამართალი

ზოგადი ინფორმაცია

იმგვარ პოლიტიკურ გარემოში, რომელიც წაახალისებს სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულებას, საერთაშორისო სამართალი უწყვეტლივ ვითარდება და სულ უფრო მეტად გვევლინება გადამწყვეტ ფაქტორად სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ორგანიზებაში. შესაბამისად, ევროპის საბჭო, საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში იურიდიულ მრჩეველთა კომიტეტის (CAHDI) საქმიანობის მეშვეობით, იღწვის მის წევრ სახელმწიფოთა საქმიანობის კოორდინირებისთვის.

ეს კომიტეტი მართლაც ერთადერთი საერთო-ევროპული ფორუმია, სადაც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების მრჩევლებს იურიდიულ საკითხებში და საგულისხმო რაოდენობის დამკვირვებელ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ აზრთა ურთიერთგაცვლა და შესაძლებლობისამებრ კოორდინირება საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო.

კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ მინისტრთა კომიტეტის, მუდმივმოქმედი ან ad hoc კომიტეტებისა თუ საკუთარი ინიციატივით, რათა ურთიერთგაცვალოს იდეები და განიხილოს ამ სფეროში წამოჭრილი საკითხები. მისი მიზნებია:

  • საერთაშორისო საჯარო სამართლის როლის გაზრდა და ეროვნულ თვალთახედვათა რაც შეიძლება მჭიდრო თანხვედრა;
  • გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება აქტუალურ საკითხებზე აზრთა ურთიერთგაცვლის მეშვეობით;
  • საერთაშორისო თანამშრომლობისათვის შესაბამისი ჩარჩოს შექმნა და ამგვარად, საერთაშორისო საჯარო სამართლის როლის გაზრდა და მის განვითარებაზე ზემოქმედების მოხდენა, სამართლის სფეროს მრჩეველთა შეკრების გზით მათი გამოცდილების შესაგროვებლად;
  • სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ მათი კომპეტენციის სფეროებში წარმართულ საქმიანობაზე მეთვალყურეობა და წევრ სახელმწიფოთა დახმარება საერთო პოზიციების შემუშავებაში;

შესწავლილი საკითხები, მაგალითად, მოიცავს:

  • სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობა და აღიარების საკითხები;
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში სახელმწიფო პრაქტიკასთან დაკავშირებული დოკუმენტების კლასიფიცირება;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებათა დეპოზიტარების როლი;
  • დიპლომატიურ მისიათა ფინანსური დავალიანებები;
  • სახელმწიფო იმუნიტეტი;
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალებთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები.

განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია კომიტეტის ბოლოდროინდელი ნაშრომი საერთაშორისო ხელშეკრულებებზე დათქმების განხორციელების შესახებ. მან წევრ სახელმწიფოებს შორის მიაღწია შეთანხმებას მიუღებელ დათქმათა თაობაზე და შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა დაამტკიცა რეკომენდაცია (99) 13 საერთაშორისო ხელშეკრულებებზე შესრულებულ მიუღებელ დათქმებზე რეაგირების შესახებ. აღნიშნულთან მიმართებაში, კომიტეტი ასევე მოქმედებს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებზე დათქმების ევროპული ობსერვატორია და პერიოდულად მეთვალყურეობს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე განხორციელებულ მნიშვნელოვან დათქმებს.

კომიტეტი ურთიერთქმედებს, აგრეთვე, გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიასთან და ევროკავშირის საერთაშორისო საჯარო სამართლის სამუშაო ჯგუფის საბჭოსთან (COJUR).

სპეციალური ვებგვერდი:
http://www.coe.int/T/E/Legal_Affairs/Legal_co-operation/Public_international_law/

საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში იურიდიულ მრჩეველთა კომიტეტის (CAHDI) ვებგვერდი:
http://www.coe.int/T/E/Legal_Affairs/Legal_co-operation/Public_international_law/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.