წილობრივი შეთანხმება

რომა/ბოშები

ბოშების დახმარება მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში

ევროპაში 10-დან 12 მლნ-მდე ბოშა ცხოვრობს, რომლებიც გაფანტულნი არიან ევროპის საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ევროპის საბჭოს უმთავრესი მიზანია, წაახალისოს მისი წევრები, რათა მათ შეიმუშაონ სრულყოფილი მიდგომა ბოშებთან დაკავშირებული საკითხებისადმი. აღნიშნული აერთიანებს სამ ძირითად პრიორიტეტს – უმცირესობათა დაცვას, რასიზმის, ანტიბოშური განწყობისა და შეუწყნარებლობის დაძლევას და სოციალური გარიყვის აღმოხვრას. ამ მიდგომის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ხსენებულ თემთა მონაწილეობის გაზრდა ბოშათა წარმომადგენლებისა და გაერთიანებების მეშვეობით. 1995 წლიდან, ბოშების საკითხებზე ექსპერტთა კომიტეტს (MG-S-ROM) ევალება წევრი სახელმწიფოებისადმი რჩევის გაწევა და მთავრობებისათვის ბიძგის მიცემა, რათა მათ იმოქმედონ საჭიროებისამებრ. კომიტეტის როლი ერწყმის გენერალური მდივნის რომა ხალხთან დაკავშირებულ საქმიანობათა კოორდინატორის ფუნქციებს, რომელიც პასუხისმგებელია თანამშრომლობის ხელშეწყობაზე სხვა სათანადო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ბოშებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან.

ექსპერტთა კომიტეტი ბოშების საკითხებზე (MG-S-ROM)

მინისტრთა კომიტეტის მიერ ბოშების საკითხებზე ექსპერტთა კომიტეტის (MG-S-ROM) დაარსება გადაწყდა 1995 წლის სექტემბერში. ეს კომიტეტი ევროპის საბჭოს პირველი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ბოშათა მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებაზე ევროპის მასშტაბით.

კომიტეტის კომპეტენციის ფარგლები (ძალაშია 2009 წლის 1 იანვრიდან)

მიგრაციის ევროპული კომიტეტის (CDMG) დაქვემდებარებაში მყოფ კომიტეტს ევალება:

  • წევრ სახელმწიფოთა ბოშებთან დაკავშირებული პოლიტიკისა (ეროვნული პროგრამები და ან/სამოქმედო გეგმები) და პრაქტიკის განხორციელების შესწავლა, ანალიზი და შეფასება.
  • სახელმძღვანელო ნორმების განსაზღვრა იმგვარი პოლიტიკური მიდგომების შესამუშავებლად და/ან განსახორციელებლად, რომლებიც წაახალისებს ბოშა მოსახლეობის უფლებებს და გაითვალისწინებს ევროპის საბჭოს შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების საზედამხედველო მექანიზმების დასკვნებს.
  • ბოშების მდგომარეობის პერიოდული შეფასება წევრ სახელმწიფოებში, ევროპის საბჭოს შესაბამის სამართლებრივ ინსტრუმენტებთან შესაბამისობაში.

ის იკრიბება წელიწადში ორჯერ და კარს უღებს მონაწილეებს 29 წევრი სახელმწიფოდან.

კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარეა ბ-ნი დეზიდერიუ გერგელი (რუმინეთი), ვიცე-თავმჯდომარეები კი გახლავთ ბ-ნი იან ნაისმიტი (გაერთიანებული სამეფო) და ქ-ნი ლუიზა კირიაკაკი (საბერძნეთი).

საპარლამენტო ასამბლეას, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესსა და ევროპულ კომისიას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) შეუძლიათ ერთი ან მეტი წარმომადგენლის წარგზავნა კომიტეტში. გარდა ამისა, ეუთოსა (დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი/ბოშებისა და სინტის საკითხებით დაკავებული საკონტაქტო უწყება) და ევროკომისიის წარმომადგენლები კომიტეტის შეხვედრებს ესწრებიან დამკვირვებლის სტატუსით. საჭიროებისამებრ, კომიტეტს შეუძლია, მის მუშაობაში სამონაწილეოდ მიიწვიოს ევროპის საბჭოს სხვა ორგანოთა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. და ბოლოს, მისი შეხვედრების განრიგიდან გამომდინარე, მას შეუძლია მოიწვიოს სათანადო კომპეტენციის ექსპერტები და ბოშათა ორგანიზაციების წარმომადგენლები. უკანასკნელ ხანს ბოშების ევროპულმა ფორუმმა შეიძინა დამკვირვებლის სტატუსი კომიტეტში.

ბოშების ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/RomaTravellers/Default_en.html

იცოდით თუ არა, რომ... ?


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.