წილობრივი შეთანხმება

სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირება და რეფორმები სოციალური უსაფრთხოების სექტორში

ევროკომისიასა და ევროპის საბჭოს შორის სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირებისა და სოციალური უსაფრთხოების სფეროს რეფორმირების ერთობლივი პროგრამის მიზანია სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის მოსარგებლე მხარეთა (ალბანეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა, ხორვატია, მონტენეგრო, სერბეთი, “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია” და თურქეთი, ისევე როგორც კოსოვო1 ) დახმარების განგრძობა რეგიონულ დონეზე სოციალური უსაფრთხოების სისტემათა შემდგომი კოორდინირების საქმეში და სოციალური დაცვის სფეროში ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ რეფორმათა გაადვილებაში, თანახმად ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის სტანდარტებისა.

სოციალური უსაფრთხოების სფეროს რეფორმირებისა და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირების რეგიონული პროგრამა წამოწყებულ იქნა 2008 წლის მარტში და გასტანს 2010 წლის ნოემბრამდე.

ეს პროგრამა სრულფასოვნად განაგრძობს ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროგრამას სოციალური ინსტიტუტების მხარდასაჭერად, რომელიც ხორციელდებოდა რეგიონული სამოქმედო პროგრამის “CARDS” ფარგლებში (2004 - 2007).

მართალია აღნიშნული პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ მთავრობები, პოლიტიკოსები, საჯარო მოსამსახურეები, სოციალური ინსტიტუტები, აკადემიურ წრეთა წარმომადგენლები და სხვა მონაწილეები, რომლებიც ინტერესდებიან სოციალური საკითხებით, პროგრამის საბოლოო მოსარგებლეა რეგიონში მცხოვრები ყველა ადამიანი და მისი ყოველი მოქალაქე, განსაკუთრებით კი მიგრანტი მუშები და მათი ოჯახები, ლტოლვილები, პენსიონრები, ქალები, უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები თუ ზოგადი სამედიცინო მომსახურების მოსურნენი და ა.შ.

პროგრამის გეგმა ასახავს მოსარგებლე მხარეთა მისწრაფებებს, ისევე როგორც მისი განხორციელებისას მისაღწევ მიზნებს. შესაბამისად, მისი საწვრთნელი ნაწილის ფარგლებში ორგანიზებულ იქნება საზაფხულო სკოლები სოციალური უსაფრთხოების შესახებ, სემინარები სოციალური დახმარების სახეობების, ჯანმრთელობის დაცვისა და მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ და სასწავლო ვიზიტები. სადისკუსიო დღეები, სწავლებების მთელი რიგი და სამართლებრივი ანალიზი სათანადოდ შეუწყობს ხელს პრაქტიკული უნარებისა და საკანონმდებლო სფეროს განვითარებას.

პროგრამის დასასრულს მოეწყობა დამატებითი ზოგადი და სპეციალური წვრთნა ყველა მსმენელისთვის, რომლებიც ემსახურებიან სოციალური უსაფრთხოების სფეროს რეგიონში, სოციალური უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ევროპის საბჭოს სტანდარტების, ისევე როგორც იმ პრინციპებისა და ნორმების შესახებ, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში უზრუნველყოფს სოციალური უსაფრთხოების სისტემათა კოორდინირებას.

შეისწავლება რამდენიმე ინდივიდუალური საჩივარი, რომლებიც შეეხება სოციალური უსაფრთხოების უფლებებით სარგებლობისას წარმოშობილ წინაღობებს. აღნიშნულს გააჩნია პირდაპირი ზეგავლენა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებზე და მის მოქალაქეებზე.

მთელი რიგი ანგარიშისა და სამართლებრივი ანალიზის მომზადების მეშვეობით, უპირველეს იდეას წარმოადგენს მოსარგებლე მხარეების დახმარება იმ განსხვავებათა შეცნობაში, რომლებიც არსებობს მათ ეროვნულ და ევროკავშირში უკვე გაწევრიანებულ სახელმწიფოებში (რომელთაც, შესაბამისად, განახორციელეს ევროკავშირის მაკოორდინებელი ნორმები) მოქმედ სისტემებს შორის.

მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრები, სახელმწიფო მდივნის შეხვედრასთან და მინისტრთა კონფერენციასთან ერთად, უზრუნველყოფს პოლიტიკურ კოორდინირებას, თვალსაჩინოებას და მოგვევლინება საბოლოო შედეგების მიღწევის გარანტად.

პროგრამა განხორციელდება სოციალური უსაფრთხოების ევროპულ ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით (ლუვენი, ბელგია), რომელიც იქნება პროგრამის აკადემიურ ნაწილში ჩაბმულ უმთავრეს პარტნიორებს შორის.

რჩეულ ღონისძიებებში სამონაწილეოდ მოწვეულ იქნებიან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები, რათა შეიქმნას გლობალური სურათი ზოგადად სოციალური უსაფრთხოების სფეროში, კერძოდ კი სოციალური უსაფრთხოების კოორდინირების სფეროში მოქმედი ამჟამინდელი საერთაშორისო სტანდარტებისა.

რაც შეეხება შემოთავაზებულ საორგანიზაციო სტრუქტურასა და ჯგუფს, პროგრამას წარუძღვება სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის ოფიციალური ადმინისტრატორი ევროპის საბჭოს სოციალური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატიდან.

რეგიონულ დონეზე დაფუძნდა პროგრამის რეგიონული ოფისი სკოპიეში. დანიშნულ იქნენ პროგრამის ადგილობრივი წარმომადგენლები ყველა მონაწილე სახელმწიფოში. ყველა ღონისძიების ორგანიზებისას ისინი იმოქმედებენ როგორც ადგილობრივ დონეზე პასუხისმგებელი პირები და მეკავშირეები ევროპის საბჭოსა და მოსარგებლე მხარეთა ადმინისტრაციებს შორის.

სპეციალური ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/sscssr/default_en.html

1. ნებისმიერი მითითება კოსოვის შესახებ, იქნება ის დაკავშირებული მის ტერიტორიასთან, ინსტიტუტებთან თუ მოსახლეობასთან, ამ ტექსტში უნდა იქნეს გაგებული გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 რეზოლუციასთან სრულ შესაბამისობაში და კოსოვოს სტატუსისადმი ზიანის მიყენების გარეშე.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.