საქართველო და ევროპის საბჭო
გაწევრიანება და აღებული ვალდებულებები
საქართველოს განაცხადი ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ
/დასკვნა ? 209 (1999)/

* მოხსენება

პოლიტიკურ საქმეთა კომისია
მომხსენებელი:ტერი დევისი (გაერთიანებული სამეფო)
სოციალისტთა ჯუფი

რეზიუმე

1. საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანება მოითხოვა 1996 წლის 14 ივლისს. მინისტრთა კომიტეტმა 1996 წლის 11 სექტემბრის (96) 33 რეზოლუციით მოიწვია საპარლამენტო ასამბლეა, რათა მას 51 (30A) საწესდებო რეზოლუციის თანახმად, საქართველოს მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება;

2. 1993 წლის 4 მარტს, საქართველოს პარლამენტმა მოითხოვა სპეციალური სტუმრის სტატუსი საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც მან 1996 წლის 28 მაისს მიიღო;
ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების საკითხი უკავშირდება საპარლამენტო ასამბლეის მიერ ევროპის საბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით მიღებულ 1247-ე (1994) რეკომენდაციას, სადაც ასამბლეა აცხადებს, რომ:”“ევროპასთან არსებული კულტურული კავშირურთიერთობების საფუძველზე სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს მიეცემათ საშუალება, რათა წარმოადგინონ გაწევრიანებასთან დაკავშირებული განაცხადი, იმ შემთხვევაში, თუ აშკარად გამოხატავენ ნებას მიჩნეულ იქნან ევროპის განუყოფელ ნაწილად”;’

3. ასამბლეის სპეციალურმა (Ad hoc) კომიტეტმა აწარმოა მონიტორინგი 1995 წლის 5 ნოემბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ გარდა რამოდენიმე მცირე დარღვევისა, “არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად და ერთი შეხედვით, ნორმალურ და სამართლებრივ გარემოში”;

4. 1996 წლიდან, სპეციალურ სტუმართა დელეგაციის მეშვეობით, საქართველო მონაწილეობს ევროპის საბჭოს თანამშრომლობისა და დახმარების სამთავრობათშორისო პროგრამებში და ასევე, საპარლამენტო ასამბლეისა და მისი კომიტეტების საქმიანობაში;

5. საქართველომ მოახდინა ევროპის საბჭოს კულტურული კონვენციისა და მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ კონვენციის რატიფიცირება, ასევე ხელი მოაწერა ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის შესახებ კონვენციას;

6. ასამბლეას მიაჩნია, რომ საქართველო არის პლურალისტური დემოკრატიის მქონე სახელმწიფო, სადაც აღიარებენ სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. საქართველოს სურს და შეუძლია წესდების 4-ე მუხლის გათვალისწინებით დემოკრატიულ რეფორმათა გატარება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კანონმდებლობის ევროპის საბჭოს ნორმებთან და პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას;

7. საქართველოში ადგილი ჰქონდა ორ შეიარაღებულ კონფლიქტს: აფხაზეთში (1990-1994 წწ.) და სამხრეთ ოსეთში (1990-1993 წწ.). ასამბლეას სწამს, რომ ქვეყანამ გამოხატა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი, რასაც ნათლად ადასტურებს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება;

8. ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველოს მხრიდან აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ მეგობრული დეკლარაციის მიღება, ასევე ყველა დონეზე განვითარებული კონტაქტები, ხელს შეუწყობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობისას ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას;

9. ასამბლეა მოუწოდებს ქართულ და აფხაზურ მხარეებს დააჩქარონ მოლაპარაკებები საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით;

საპარლამენტო ასამბლეა მოელის საქართველოს მიერ შემდეგი ვალდებულებების შესრულებას:

I. კონვენციებთან მიმართებით:

a. გაწევრიანების პროცესში, მე-2 და მე-11 ოქმებით შეტანილ ცვლილებათა დართვით, ხელი მოაწეროს ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (ECHR);

b. გაწევრიანებიდან ერთი წლის განმავლობაში მოახდინოს ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი 1-ი, მე-4, მე-6 და მე-7 ოქმების რატიფიცირება;

c. გაწევრიანებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელი მოაწეროს და რატიფიცირება გაუკეთოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის თავიდან აცილების, ან დასჯის შესახებ ევროპულ კონვენციას და მის ოქმებს;

d. გაწევრიანებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელი მოაწეროს და რატიფიცირება გაუკეთოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო-კონვენციასა და რეგიონულ ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიას;

e. გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში ხელი მოაწეროს და რატიფიცირება გაუკეთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, ტრანსსაზღვრო თანამშრომლობის შესახებ ევროპულ კონვენციას, მის დამატებით ოქმებს და ექსტრადიციაზე, სისხლის სამართლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარებაზე, დანაშაულის გზით მოპოვებული ფულის გათეთრების, ძებნის, ჩამორთმევის და კონფისკაციის ევროპულ კონვენციებს და იმავდროულად განხორციელებულ იქნას დოკუმენტებში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპები;

f. გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში ხელი მოაწეროს და რატიფიცირება გაუკეთოს ევროპის საბჭოს სოციალურ ქარტიას და იმავდროულად, შეეცადოს განახორციელოს ქარტიით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისი პოლიტიკა;

g. გაწევრიანებიდან ერთი წლის განმავლობაში ხელი მოაწეროს და რატიფიცირება გაუკეთოს ევროპის საბჭოს პრივილეგიებსა და იმუნიტეტების შესახებ გენერალურ შეთანხმებას და მის ოქმებს;

h. გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში ხელი მოაწეროს და რატიფიცირება გაუკეთოს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციას, მისი 1967 წლის ოქმის ჩათვლით;


II. შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით:

a. გაწევრიანებიდან ოთხი წლის განმავლობაში მეორე საპარლამენტო პალატის ჩამოსაყალიბებლად, სამართლებრივი ბაზის შექმნა კონსტიტუციურ მოთხოვნათა შესაბამისად;

b. გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში ავტონომიური ტერიტორიების სტატუსის განმსაზღვრელი და მათთვის ფართო ავტონომიის უზრუნველმყოფი სამართლებრივი ბაზის მიღება, რომლის ზუსტ პირობებზეც მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს შესაბამისი ტერიტორიების წარმომადგენლებს შორის;

c. გაწევრიანებიდან ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული მედიის შესახებ კანონის მიღება;

d. გაწევრიანებიდან ერთი წლის განმავლობაში ადვოკატთა შესახებ კანონის მიღება;

e. გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში მიღებულ იქნას სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაუშვებს საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციას და ინტეგრაციას ქართველ ეროვნებაზე უფლების ჩათვლით; ამ სამართლებრივი საფუძველის მიღებამდე, მის შესახებ გაწეულ იქნას კონსულტაციები ევროპის საბჭოსთან; გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში დაწყებულ იქნას რეპატრიაციის და ინტეგრაციის პროცესი, ხოლო გაწევრიანებიდან თორმეტი წლის განმავლობაში დასრულდეს მესხი მოსახლეობის რეპატრიაციის პროცესი;

f. გაწევრიანებიდან ექვსი თვის განმავლობაში სახალხო დამცველის შესახებ კანონში შეტანილ იქნას შესწორება, რომელიც გაითვალისწინებს ყოველ ექვს თვეში სახალხო დამცველის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგენას და ამ დოკუმენტის საჯაროობას;

g. გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში საჭირო საკანონმდებლო ზომების და გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ზომების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს, იმ ხალხის საკუთრების და საიჯარო უფლებების აღდგენას, ან დაკარგული ქონების კომპენსაციას, რომლებიც 1990-1994 წლებში მიმდინარე კონფლიქტების გამო, იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლ-კარი;

h. გაწევრიანებიდან სამი წლის განმავლობაში ავტონომიის და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც გამგებლების და მერების ინსტიტუტს დანიშვნითის ნაცვლად, გახდის არჩევითს;

i. გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში, ასამბლეის 1201 (1993) რეკომენდაციის პრინციპებზე დაყრდნობით, უმცირესობების შესახებ კანონის მიღება;

III. რეფორმათა გატარებასთან მიმართებით:

a. სასამართლო სისტემის, პროკურატურისა და პოლიციის რეფორმათა განმტკიცება და გაძლიერება;

b. სასამართლო სისტემაში, პროკურატურასა და პოლიციაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის განმტკიცება და გაძლიერება;

c. გაწევრიანებიდან სამი თვის განმავლობაში პენიტენციალური სისტემაზე ზედამხედველობის, შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუსტიციის სამინისტროში გადასვლის შესახებ კანონის მიღება და მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ამ კანონის ეფექტური ამოქმედების უზრუნველყოფა;

d. დაკავების ხანგრძლივობის შემცირების და თავისუფლების აღმკვეთ სასჯელთა ალტერნატიული სანქციების გათვალისწინების თვალსაზრისით, სანქციათა ზომების გადასინჯვა;


IV. ადამიანის უფლებებთან მიმართებით:

a. დაკავებულ პირთა უფლებების მკაცრი დაცვა და გაწევრიანებიდან ექვსი თვის განმავლობაში, ციხის არსებული იმ სისტემის გაუქმება, რომლიც ითვალისწინებს პოლიტ-პატიმრების სხვა პატიმრებთან ერთად, ერთ საკანში მოთავსებას. ასევე, ციხეებსა და წინასწარი პატიმრობის საკნებში დაკავებულ პირთა პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელება;

b. ევროპის საბჭოს დახმარებით ციხის და პოლიციის შემადგენლობებისათვის ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების ჩატარება;

c. პრევენციული დაკავების მაქსიმალური ხანგრძლივობის დაცვა;

d. გაწევრიანებიდან ექვსი თვის განმავლობაში დაკავებულის მიერ (პირადი) ადვოკატის არჩევის უფლების განხორციელება;

e. გაწევრიანებიდან ორი წლის განმვლობაში, 1991-1992 წლებში პოლიტიკური არეულობის დროს დაკავებულ პირთა საქმეების ხელახალი გადასინჯვა;

f. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დროს სამხედრო დანაშაულის ჩამდენ პირთა მკაცრად და მიუკერძოებლად გასამართლება, იმ პირების ჩათვლით, რომლებიც იმყოფებოდნენ შეიარაღებულ ძალებშიც;

V. აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებით:

a. კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობათა გაგრძელება, ყველა ზომის მიღება, კონფლიქტის ზონაში არარეგულარულ შეიარაღებულ დაჯგუფებათა საქმიანობის აღკვეთის მიზნით, დსთ-ს (CIS) ერთობლივი სამშვიდობო ძალების, გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) და ყველა მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

b. კონფლიქტის შედეგებით მოსახლეობის ყველაზე დაზარალებული ჯგუფებისადმი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ხელშეწყობა;


VI. ვალდებულებათა მონიტორინგთან მიმართებით:

10. აქტიური თანამშრომლობა ასამბლეის მიერ წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებების დაცვის შესახებ (სამონიტორინგო კომიტეტი) შემუშავებული 1115-ე (1997) რეზოლუციის განხორციელებისა და მინისტრთა კომიტეტის მიერ, 1994 წლის 10 ნოემბერს (95-ე სესიაზე) დაფუძნებული სამონიტორინგო პროცესის განხორციელების საქმეში;

11. ამ ვალდებულებათა საფუძველზე ასამბლეა მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს სტატუსის განმსაზღვრელ მე-4 მუხლთან შეთანხმებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა და სურვილი, რათა შეასრულოს სტატუსის მე-3 მუხლში გათვალისწინებული ევროპის საბჭოში გაწევრიანების მოთხოვნები შემდეგი პირობების თანახმად:”ევროპის საბჭოს ყველა წევრმა უნდა გაითავისოს სამართლის უზენაესობის პრინციპები და მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირისათვის უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. ამასთან, გულწრფელად და ეფექტურად ითანამშრომლოს ევროპის საბჭოს მიერ დასახული მიზნის მისაღწევად”;

12. ამ ვალდებულებათა შესრულების მიზნით, 1115-ე (1997) რეზოლუციის თანახმად, ასამბლეას გამოაქვს გადაწყვეტილება, აწარმოოს მონიტორინგი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე მისი გაწევრიანების დღიდან;

13. ასამბლეა წინარე ჩამოთვლილ ვალდებულებათა საფუძველზე რეკომენდაციას აძლევს მინისტრთა კომიტეტს რათა:


I. მოიწვიოს საქართველო ევროპის საბჭოს წევრად;

II. საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გადასცეს ხუთი მანდატი.


* შენიშვნა:1999 წლის 27 იანვარს გამართული ასამბლეის დებატი (მე-4 სხდომა) (იხილეთ დოკუმენტი No 8275, პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტის მოხსენება. მომხსენებელი, ბატონი ტერი დევისი; და დოკუმენტი No 8296, სამართლებრივ საქმეთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა. მომხსენებელი, ბატონი კელემენი).
ტექსტი მიღებულია ასამბლეის მიერ 1999 წლის 27 იანვარს (მე-4 სხდომა).

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.