კონგრესი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოები - მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის მიერ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების შექმნა მიზნად ისახავდა ყოფილი იუგოსლავიის ომის შემდგომ განადგურებული მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას დასავლეთ ევროპის ქალაქებთან თანამშრომლობის გზით.

საწყის ეტაპზე კრიზისულ სიტუაციებში დახმარებაზე ორიენტირებული, ამ სააგენტოების საქმიანობამ დროთა განმავლობაში მოიცვა დემოკრატიული რეფორმირების სფეროც. ისინი იქცნენ კონგრესის სამოქმედო პროგრამების პარტნიორებად. სააგენტოები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ავრცელებენ ორგანიზაციის ინსტრუმენტებს, რომლებიც გამიზნულია ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და თავიანთი პარტნიორული ქსელის უპირატესობებს იყენებენ დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაში არსებული ნაცადი პრაქტიკის ურთიერთგაზიარებისთვის.

1999 წლიდან ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა ქსელს კოორდინირებას უწევს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა ასოციაცია. ის აადვილებს ამჟამინდელი 11 სააგენტოს თანამშრომლობას, რომლებიც უმთავრესად დასავლეთ ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში მოღვაწეობენ, მის 300-მდე წევრთან და პარტნიორთან (ქალაქები, რეგიონები და არასამთავრობო ორგანიზაციები) ევროპის 28 სახელმწიფოს მასშტაბით.

მნიშვნელოვანი ადგილობრივი მონაწილე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისა და სტაბილურობის მხრივ წინსვლაში

ფართო ავტონომიურობის წყალობით, რაც საშუალებას აძლევს მათ, უფრო ეფექტიანი პასუხი გასცენ ადგილობრივ საჭიროებებს, ეს სააგენტოები დახმარებას უწევენ ადგილობრივ ინსტიტუტებს სამწვრთნელო საქმიანობის, კულტურათშორისი დიალოგისა და ღია სამოქალაქო საზოგადოების შეკავშირების მეშვეობით. დაისახა ასევე სხვა პროექტებიც, რომლებიც მოიცავს ეკონომიკის გამოცოცხლებას, ლტოლვილების, განათლების, გარემოს, კულტურის, ახალგაზრდობისა და მედიის საკითხებს.

გარდა ამისა, ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოებს უზრუნველყოფს ტექნიკური და ადმინისტრაციული დახმარებით და მის წევრებს წარმოადგენს ორგანიზაციებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით კი ევროპის საბჭოსთან წარმოებულ მოლაპარაკებებში.

და ბოლოს, ადგილობრივი ოპერატორების ურთიერთშეთანხმებული ქმედების სტიმულირების გზით, ასოციაციის ქსელი სხვა ორგანიზაციებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი პროგრამების დაგეგმვაში.

ამჟამინდელი ხედვა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიღმა განვითარება

პროგრამების წარმატებულობა ბალკანეთში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოთა ასოციაციას უბიძგებს ევროკავშირისათვის საკუთარი გამოცდილების შეთავაზებისკენ მისი გაფართოების პროცესში. მართალია ასოციაციის მიერ ყოფილ იუგოსლავიაში დაგროვილი ცოდნა მას წარმოაჩენს, როგორც შესანიშნავ პარტნიორს გაფართოებასთან დაკავშირებულ საკითხებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, მისი უნარები ასევე სასარგებლოა სხვა რეგიონებისთვისაც.

ასოციაციის ამჟამინდელი სტრატეგია გულისხმობს სტაბილურობისა და გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერას მთელს ევროპაში. შესაბამისად, 2006 წლის სექტემბერში ასოციაციამ დააფუძნა ახალი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში და ცდილობს საცდელი პროექტების განხორციელებას ბელორუსსა და რუსეთში.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.