ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

ევროპის საბჭო: მიმოხილვა

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული წესდება

ევროპის საბჭოში გაწევრიანება შეუძლია ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს და უზრუნველყოფს მისი იურისდიქციის ქვეშ მოქცეულ ადამიანთა უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

მიზნები

ევროპის საბჭო არის სამთავრობათშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზნებია:

  • ადამიანის უფლებათა, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა;
  • ევროპის კულტურული თვითმყოფადობისა და მრავალსახეობის განვითარებისა და ამ სფეროში ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა;
  • საერთო პასუხების მოძიება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომ გამოწვევებზე (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, ბიოეთიკა და ადამიანის კლონირება, ტერორიზმი, ადამიანებით უკანონო ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია, კიბერდანაშაული, ძალადობა ბავშვებთან მიმართებაში და ა.შ);
  • ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება პოლიტიკურ, საკანონმდებლო და კონსტიტუციურ რეფორმათა მხარდაჭერის გზით.

47 წევრი ქვეყანა

1949 წლის 5 მაისს ათი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას (ბელგია, დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო*), 1949 წლის აგვისტოში მიუერთდნენ საბერძნეთი და თურქეთი. სადღეისოდ ევროპის საბჭოში გაწევრიანებულია 47 სახელმწიფო** : ისლანდია და გერმანია (1950), ავსტრია (1956), კვიპროსი (1961), შვეიცარია (1963), მალტა (1965), პორტუგალია (1976), ესპანეთი (1977), ლიხტენშტეინი (1978), სან მარინო (1988), ფინეთი (1989), უნგრეთი (1990), პოლონეთი (1991), ბულგარეთი (1992), ესტონეთი, ლიტვა, სლოვენია, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, რუმინეთი (1993), ანდორა (1994), ლატვია, ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, “იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია” (1995), რუსეთის ფედერაცია და ხორვატია (1996), საქართველო (1999), სომხეთი, აზერბაიჯანი (2001), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2002), სერბია (2003), მონაკო (2004) და მონტენეგრო (2007).

ევროპის საბჭო არ გახლავთ ევროკავშირი. ეს ორი ორგანიზაცია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი სახელმწიფო იმავდროულად ევროპის საბჭოს წევრიც არის.

გაწევრიანების კანდიდატები***

1993 წლის 12 მარტიდან ბელორუსი არის ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატი სახელმწიფო.

დამკვირვებლის სტატუსი

კანადა, წმინდა საყდარი (ვატიკანი), იაპონია, მექსიკა და აშშ სარგებლობენ დამკვირვებლის სტატუსით ევროპის საბჭოს სამთავრობათშორისო ორგანოებში.

ევროპის სასახლე

ევროპის საბჭოს შტაბბინაა სტრასბურგში (საფრანგეთი) მდებარე ევროპის სასახლე (Palais de l’Europe).

მოქმედების ფართო არეალი

ევროპის საბჭო განიხილავს ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, თავდაცვის სფეროს გარდა. მისი სამუშაო პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ადამიანის უფლებები, მედია, სამართლებრივი თანამშრომლობა, სოციალური ინტეგრაცია, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, მემკვიდრეობა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია, მოსაზღვრე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონული დაგეგმვა.

არეალი თანამშრომლობისათვის

  • მინისტრთა კომიტეტი არის ევროპის საბჭოში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც შედგება წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებისგან (ან მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან);
  • საპარლამენტო ასამბლეა არის ორგანიზაციის სათათბირო ორგანო, რომლის წევრები ინიშნებიან ეროვნული პარლამენტების მიერ (318 მუდმივი და ამავე რაოდენობის მათი შემცვლელი);
    ამგვარად, მთავრობები, ეროვნული პარლამენტები და ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად არიან წარმოდგენილნი.
  • ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი არის საკონსულტაციო ორგანო, რომელშიც ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოები არიან წარმოდგენილნი.
  • ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია აერთიანებს 400-მდე ორგანიზაციას, რომლებიც სარგებლობენ მონაწილის სტატუსით ორგანიზაციაში.

არჩევითი გენერალური მდივანი

ტორბიორნ იაგლანდი (ნორვეგია) გენერალურ მდივნად არჩეულ იქნა საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2009 წელს, 5 წლის ვადით. ის ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ორგანიზაციის საქმიანობას.

სამიტები ახალ ბიძგს აძლევს ორგანიზაციას

კომუნისტური რეჟიმების ნგრევის შემდეგ, ევროპის საბჭომ, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა შეხვედრების, სამიტების სახით, უმაღლესი დონიდან შეიძინა ახალი პოლიტიკური იმპულსი. დღეისათვის უკვე სამი ამგვარი სამიტი ჩატარდა.

1993 წელს ვენაში შეკრებილმა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა 32-მა პოლიტიკურმა ლიდერმა, მიმდინარე მოვლენათა საპასუხოდ, განსაზღვრა ევროპის საბჭოს გაფართოების სამოქმედო კურსი.

1997 წელს სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე, ახლა უკვე 40 წევრი სახელმწიფოს პოლიტიკურმა ლიდერებმა დაამტკიცეს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნებოდა ოთხ ძირითად თემას - დემოკრატია და ადამიანის უფლებები, სოციალური ინტეგრაცია, მოქალაქეთა უსაფრთხოება და განათლება დემოკრატიისა და კულტურულ მრავალსახეობათა სფეროებში. ეს მიმართულებები დაედო საფუძვლად ევროპის საბჭოს სამოქმედო პროგრამას ახალ ათასწლეულში.

მესამე სამიტი გაიმართა 2005 წლის 16 და 17 მაისს ვარშავაში (პოლონეთი), რათა განესაზღვრა ევროპის საბჭოს სამომავლო მიზნები და პრიორიტეტები ახალი პოლიტიკური მანდატის ქვეშ. მან, ახალი საუკუნის გამოწვევების პასუხად, კიდევ ერთხელ განამტკიცა ერთგულება მისი ძირითადი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი.

დარგობრივ მინისტრთა კონფერენციები

ევროპის საბჭო პერიოდულად აწყობს კონფერენციებს დარგობრივი (იუსტიციის, განათლების, ოჯახურ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მიგრაციის, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის, დასაქმების, მასმედიის, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და აშ.) მინისტრებისათვის.

კონფერენციებზე განიხილება ამ დარგებში არსებული პრობლემები და მყარდება უფრო მჭიდრო კონტაქტები წევრ სახელმწიფოებში საერთო საკითხებზე მომუშავე მინისტრებს შორის. დგება, ასევე, ერთობლივად განსახორციელებელი პროექტები და მუშავდება წინადადებები ევროპის საბჭოს სამუშაო პროგრამისათვის

ევროპის თანმიმდევრული მშენებლობა

ევროპის საბჭოს საქმიანობის შედეგად მიიღება კონვენციები და ხელშეკრულებები, რის შედეგადაც, წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოახდინონ თავიანთ კანონმდებლობათა ჰარმონიზება და მათში ცვლილებათა განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იყოს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან მათი შესაბამისობა.

ზოგიერთი კონვენცია და შეთანხმება ღიაა ხელმოსაწერად ასევე ევროპის საბჭოს არაწევრ სახელმწიფოთათვის. ევროპაში თანამშრომლობისა და სოციალური პროგრესის ხელშესაწყობად, მთავრობებისათვის ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს მიერ წარმოებული კვლევისა თუ საქმიანობის შედეგები.

ერთგვარი “ცვალებადი კონფიგურაციის” თანამშრომლობის ფორმით, ევროპის საბჭო იღებს ე.წ. წილობრივ შეთანხმებებსაც, რაც საშუალებას აძლევს ზოგიერთ სახელმწიფოს, სხვა წევრთა თანხმობით, განახორციელოს მათ საერთო ინტერესებში არსებული კონკრეტული საქმიანობანი

ინტერნაციონალური სამდივნო

გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს წევრ სახელმწიფოებში შერჩეულ, 2000 საერთაშორისო საჯარო მოხელისგან შემდგარ კადრებს.

ევროპული დაფინანსება

ევროპის საბჭოს აფინანსებენ წევრ სახელმწიფოთა მთავრობები. შენატანის ოდენობა განისაზღვრება ქვეყნის მოსახლეობისა და სიმდიდრის პროპორციულად. ევროპის საბჭოს ჩვეულებრივი ბიუჯეტი 2010 წლისათვის უტოლდება 218 მლნ ევროს.

ოფიციალური ენები

ევროპის საბჭოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული, თუმცა, ჩვენს საქმიანობას ვახორციელებთ, აგრეთვე, გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებზე. სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზე: www.coe.int

გამოყენებული მასალა

ევროპის საბჭოს გამოცემები

The conscience of Europe
(1999), ISBN 92-871-4030-8
A decade which made history – The Council of Europe 1989-1999
(1999), ISBN 92-871-3928-8
Europe under a single roof
(1999)
Council of Europe Law : Towards a Pan-European Legal Area

(2005), ISBN 92-871-5594-1
Statute of the Council of Europe
(CETS 001; ISBN 92-871-0017-9)
General Agreement on Privileges and Immunities of the Council of Europe
(CETS 002; ISBN 92-871-0280-5) and Protocols thereto (CETS 010; CETS 022; CETS 028; CETS 036; CETS 137; CETS 162)

ინტერნეტგვერდები

ევროპის საბჭოს მთავარი გვერდი / Council of Europe Portal
http://www.coe.int

ევროპის საბჭოს გამოცემები / Council of Europe Publishing
http://book.coe.int


* მთელს ტექსტში ქვეყანათა ჩამონათვალი შეესაბამება ლათინური ანბანის თანმიმდევრობას;
** 2007 წლის მდგომარეობით.
*** 2007 წლის მდგომარეობით.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.