ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

ევროპის საბჭოს მოკლე ისტორია: შესავალი

ევროპა II მსოფლიო ომის შემდეგ

გათავისუფლების შემდგომ, ევროპა უაღრესად დავრდომილი მოგვევლინა, ხუთწლიანი ომის გამო დაქუცმაცებული. თუმცა, სახელმწიფოებს აღმოაჩნდათ მტკიცე ნება, აეღორძინებინათ თავიანთი შერყეული ეკონომიკა, აღედგინათ გავლენა და, რაც მთავარია, უზრუნველეყოთ, რომ ამგვარი საშინელი ტრაგედია აღარასოდეს განმეორებულიყო.

უინსტონ ჩერჩილი1 გახლდათ პირველი, ვინც თავის გამოსვლაში, 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია), საზოგადოებას გამოსავალი უჩვენა. მისი სიტყვებით, მთავარი რაც გახლდათ, ეს იყო “მოძიება იმგვარი გამოსავლის, რომელიც, მსგავსად სასწაულისა, გარდაქმნის მთელ ვითარებას და სულ რამდენიმე წელიწადში, მთელს ევროპას მიანიჭებს ისეთივე თავისუფლებასა და ბედნიერებას, როგორითაც ამჟამად სარგებლობს შვეიცარია. ჩვენ უნდა ავაშენოთ ევროპის შეერთებული შტატები”. იმხანად, სხვადასხვა მოწოდების, თუმცა ევროპული ერთიანობისათვის მოქმედი მრავალი მოძრაობა იბადებოდა. მოხერხდა ყველა ამ ორგანიზაციის გაერთიანება და საფუძველი ჩაეყარა ევროპული ერთიანობისათვის მოძრაობათა საერთაშორისო კომიტეტს. მისი პირველი ნაბიჯი, 1948 წლის 7 მაისს, გახლდათ ჰააგის კონგრესის მოწვევა, ცნობილი “ევროპის კონგრესის” სახელით.

1949 წელს დაარსებული, ევროპის საბჭო ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს და ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა უმთავრესი პრინციპების დამკვიდრებას. თავისი 60 წლიანი არსებობის მანძილზე, ორგანიზაცია აწარმოებს საკუთარი სამოქმედო სივრცის გაღრმავებასა და განვრცობას მთელი კონტინენტის მასშტაბით. ევროპის ისტორიაში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა - საბჭოთა კავშირის ნგრევამ, ბერლინის კედლის აღებამ თუ ცივი ომის დასრულებამ - განაპირობა საბჭოში წევრობის განაცხადთა რაოდენობის ზრდა და ახალი პრიორიტეტებისა თუ სტრატეგიის განსაზღვრის აუცილებლობა.

ჰააგის კონგრესი

კონგრესს ესწრებოდა ათასზე მეტი დელეგატი დაახლოებით ოცი ქვეყნიდან, რომელთაც თან დაერთო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობა, მათ შორის პოლიტიკური და რელიგიური პირები, აკადემიკოსები, მწერლები თუ ჟურნალისტები.

კონგრესის მიზანი გახლდათ ევროპის გაერთიანებისათვის მოქმედ მოძრაობათა მასშტაბების წარმოჩენა და ამ ერთიანობის მისაღწევად საჭირო გზების დასახვა. კონგრესის დასასრულს მიღებულმა რეზოლუციებმა მოუწოდა, სხვებს შორის, ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანების შექმნისაკენ, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას, ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სოციალურ პროგრესს, ასევე სათათბირო ასამბლეის დაარსებისაკენ, რომელსაც აირჩევდნენ ეროვნული პარლამენტები, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული ქარტიის შემუშავებისა და სპეციალური სასამართლოს დაარსებისაკენ, რომელიც აღასრულებდა მის დებულებებს. ამ საწყის გეგმაში იმთავითვე მოიყარა თავი ყველა იმ თემამ, რომელთა საფუძველზეც ახალი ევროპა უნდა აშენებულიყო. კონგრესმა გამოავლინა, ასევე, განსხვავებები, რამაც მონაწილეები სულ მალე დაჰყო ევროპული ფედერაციის უპირობო მომხრეებად (საფრანგეთი და ბელგია) და უბრალო სამთავრობათშორისო თანამშრომლობის მოსურნეებად, როგორიც იყო დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და სკანდინავიის სახელმწიფოები.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეა

საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ კი აღმოსავლეთ-დასავლეთის მკვეთრმა დაპირისპირებამ, რაც გამოიხატა პრაღის გადატრიალებითა2 და ბერლინის ბლოკადით3, გადაუდებელი ელფერი შესძინა საჭიროებას, სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ და გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები ჭეშმარიტი სახელმწიფოთაშორისო კავშირის შესაქმნელად.

ევროპის კონგრესიდან ორი თვის შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟორჟ ბიდომ4 მიიწვია თავისი პარტნიორები ბრიუსელის ხელშეკრულებიდან5 - დიდ ბრიტანეთი და ბენილუქსის ქვეყნები, ისევე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო, რომელთაც სურდათ ჰააგის კონგრესზე წამოჭრილ წინადადებათა ხორცშესხმა. რობერ შუმანმა 6, რომელმაც შეცვალა ბიდო რამდენიმე დღის შემდეგ, დაადასტურა აღნიშნული ინიციატივა. საფრანგეთი, რომელსაც მხარი დაუჭირა ბელგიამ, პრემიერ-მინისტრის, პოლ ანრი სპააკის7 თაოსნობით, მოუწოდებდა, შეექმნათ ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ევროპული ასამბლეა, წარმოდგენილი სხვადასხვა სახელმწიფოს ეროვნულ პარლამენტთა წევრებით, რომელიც გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებდა. ასამბლეისადმი გადამწყვეტი როლის მიმნიჭებელი ეს გეგმა, რევოლუციური ჩანდა იმ დროის საერთაშორისო წესრიგისათვის, რომელიც აქამდე მთავრობათა ექსკლუზიურ სფეროს განეკუთვნებოდა. თუმცა, დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც თანამშრომლობის სამთავრობათშორისო ფორმატს ემხრობოდა, ასამბლეის წმინდა საკონსულტაციო სტატუსით, უკუაგდო ეს წინადადება.

დიდმა ბრიტანეთმა საკუთარი პოზიცია მხოლოდ ხანგრძლივ მოლაპარაკებათა შედეგად შეამსუბუქა. საბოლოოდ, 1949 წლის 27 და 28 იანვარს, ბრიუსელის ხელშეკრულების8 ხელმომწერი ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელგიის დედაქალაქში მიაღწიეს კომპრომისს - ევროპის საბჭო უნდა წარმომდგარიყო მინისტრთა კომიტეტით, რომელიც შეიკრიბებოდა დახურულ შეხვედრებზე და საკონსულტაციო ორგანოთი, რომელიც გამართავდა ღია სხდომებს. თანამშრომლობის მომხრეთა დაკმაყოფილების მიზნით, ასამბლეა, თავისი არსით, იქნებოდა წმინდად საკონსულტაციო ბუნებისა, გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით კი აღიჭურვებოდა მინისტრთა კომიტეტი. ამასთან, საერთო-ევროპული ფედერაციის მხარდამჭერთა მოთხოვნების გათვალისწინებით, ასამბლეის წევრები იმოქმედებდნენ თავიანთ მთავრობათაგან დამოუკიდებლად, აღჭურვილი ხმის მიცემის სრული თავისუფლებით. დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით, მის წევრებს დანიშნავდნენ ეროვნული მთავრობები. თუმცა, კომპრომისის ეს მნიშვნელოვანი ასპექტი მალევე იქნა გადახედილი და 1951 წლიდან მოყოლებული, ეროვნული პარლამენტები დამოუკიდებლად ირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს.

“დიდი” და “მცირე” ევროპა

1949 წლის 5 მაისს, ლონდონის წმინდა ჯეიმსის სასახლეში, ევროპის საბჭოს წესდების დამფუძნებელ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ათი სახელმწიფოს მიერ: ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია, დანია, ნორვეგია და შვედეთი. ამრიგად, ევროპის საბჭოს უკვე შეეძლო მუშაობის დაწყება. მისი პირველი სხდომები ჩატარდა სტრასბურგში (საფრანგეთი), სადაც საბჭომ საბოლოოდ დაიდო ბინა. ენთუზიაზმის თავდაპირველ ტალღასვე მოჰყვა პირველი მნიშვნელოვანი დოკუმენტის - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემუშავება, რომელიც ხელმოწერილ იქნა რომში 1950 წლის 4 ნოემბერს, ძალაში კი შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს.

ახლად დაარსებულმა ორგანიზაციამ დააკმაყოფილა საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრი, რომლისთვისაც ის აღიქმებოდა ინსტრუმენტად, რომელიც შეძლებდა სხვადასხვა პოლიტიკურ ტენდენციათა თუ ევროპის ხალხთა უმთავრეს მისწრაფებათა ასახვას.’მართლაც, ევროპის საბჭო სწორედ ამ მიზნით იყო შექმნილი, რაზეც ცხადად მეტყველებს მისი წესდების 1-ლი მუხლი: “ევროპის საბჭოს მიზანია, მიაღწიოს უფრო დიდ ერთიანობას მის წევრებს შორის, იმ იდეალებისა და მიზნების დაცვისა და განხორციელებისათვის, რომლებიც წარმოადგენს მათ საერთო მემკვიდრეობას და ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს”.

დასახული მიზნების მისაღწევად, საბჭოს გადაეცა გარკვეული საშუალებანი, ჩამოთვლილი წესდებაში, რომელიც განსაზღვრავს: “ამ მიზნისკენ სვლა უნდა განხორციელდეს საბჭოს ორგანოთა მეშვეობით, საერთო ინტერესის საკითხთა განხილვით, შეთანხმებებისა და საერთო ზომების გამოყენებით ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამეცნიერო, იურიდიულ და ადმინისტრაციულ სფეროებში, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა შენარჩუნებისა და შემდგომი ხორცშესხმის საკითხებში”. არსებული კომპრომისის თანახმად, წესდება საერთოდ არ ითვალისწინებდა მომავალში საერთო კონსტიტუციის მიღებისა თუ წევრ სახელმწიფოთა ეროვნული სუვერენიტეტის დათმობის შესაძლებლობას, საპირისპიროდ ჰააგის დელეგატთა მოწოდებისა, რომელთაც აღნიშნულის მეშვეობით სურდათ, მიეღწიათ “ეკონომიკური და პოლიტიკური ერთიანობისათვის”.

შედეგად, სულ მალე გახდა საგრძნობი სხვა უწყებათა შექმნის საჭიროება, რომლებიც საჩქაროდ უპასუხებდნენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტებზე წამოჭრილ გამოწვევებს. ევროპის საბჭოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გაწევრიანებიდან მცირე ხანი იყო გასული, როდესაც რობერ შუმანმა ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს მიმართა ინიციატივით, შეექმნათ ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა, აღჭურვილი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური და საბიუჯეტო საშუალებებით.

შუმანის წინადადებას გამოეხმაურნენ ინტეგრაციის იდეის ყველაზე ერთგული მომხრეები - ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და ახლად შემოერთებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და 1951 წლის 9 მაისს გააფორმეს კიდეც თანამეგობრობის დამფუძნებელი პირველი შეთანხმება. გაძლიერებული იმ გამოცდილებითა და მიზანსწრაფვით, რამაც საფუძველი ჩაუყარა “დიდ ევროპას”, ამჯერად უკვე “მცირე ევროპა” გადაერთო მისთვის “უცნობ სამყაროში”, რასაც ევროპული აღმშენებლობა ერქვა.

ადრეული ეტაპის მოვლენები

1949 - 1970 წლებში ევროპის საბჭოს დამფუძნებელ სახელმწიფოებს შეემატა რვა ახალი ქვეყანა: გაწევრიანების თანმიმდევრობით საბერძნეთი, ისლანდია, თურქეთი, გერმანია, ავსტრია, კვიპროსი, შვეიცარია და მალტა. აღნიშნულ პერიოდში ორგანიზაცია მეთოდურად ავითარებდა საკუთარ სტრუქტურასა და ძირითად ინსტიტუტებს. ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი საჯარო მოსმენა შედგა 1960 წელს. ამავე წლებს უკავშირდება მინისტრთა სპეციალიზებულ კონფერენციათა დანერგვაც. 70-იანი წლების დასაწყისისათვის, ამ ტიპის კონფერენციათა გაფართოების შედეგად, მოცულ იქნა ფართო სპექტრის სფეროები. პირველმა შეხვედრამ 1959 წელს თავი მოუყარა სოციალურ და ოჯახის საკითხებზე პასუხისმგებელ ევროპელ მინისტრებს. 1961 წლის 18 ოქტომბერს, რომში ხელი მოეწერა ევროპის სოციალურ ქარტიას, რომელსაც საბჭო განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დანამატად სოციალური სფეროსათვის.

ქარტია ძალაში შევიდა 1965 წლის 26 თებერვალს. მასში ჩამოყალიბებულია 19 სახის უფლება, მათ შორის გაფიცვისა და სოციალური დაცვის უფლებები, მაგრამ არ გააჩნია ადამიანის უფლებათა კონვენციის მსგავსი ეფექტიანი მექანიზმები. მიუხედავად ამისა, ის ეტაპობრივად ყალიბდება სოციალურ უფლებათა ერთიან სისტემად, რომელიც გამოყენებას ჰპოვებს მთელს ევროპაში.

ამავე პერიოდში, 1961 წელს, დაარსდა კულტურული თანამშრომლობის საბჭოც. მასში გაწევრიანების უფლება იმთავითვე მიენიჭათ ევროპის საბჭოს არაწევრ სახელმწიფოებს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა გახლდათ ფინეთი, რომელიც თვით საბჭოს მხოლოდ 28 წლის შემდეგ მიუერთდა. მსგავსად ამისა, 1964 წელს დაფუძნდა ევროპული ფარმაკოპეა, 1967 წელს კი ევროპის ახალგაზრდული ცენტრი.

კრიზისი

პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისი ევროპის საბჭოს წინაშე დადგა 1967 წელს, როდესაც საბერძნეთში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ შეიწირა კანონიერი გზით არჩეული მთავრობა და დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებულ დემოკრატიულ ნორმებს. 1969 წლის 12 დეკემბერს, ორგანიზაციიდან საბერძნეთის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, სამხედრო რეჟიმმა დაასწრო მოვლენებს - მოახდინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დენონსირება და დატოვა ევროპის საბჭოს შემადგენლობა. ქვეყანა საბჭოს დაუბრუნდა მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ, 1974 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც დიქტატურა დაემხო და დემოკრატიამ იზეიმა. იმავდროულად, კვიპროსული კრიზისი, წარმოშობილი 1974 წლის ზაფხულში, რომლის კულმინაციად იქცა კუნძულის დაყოფა თურქული სამხედრო ინტერვენციის შედეგად, მოგვევლინა აშკარად უსიამოვნო გამოცდილებად ევროპის საბჭოსათვის, რომლის მცდელობას, პარალელურად გაერო-ს გენერალური მდივნის მცდელობისა, მიეღწია შეთანხმებისათვის, წარმატება არ მოჰყოლია.

მორიგმა კრიზისმა თავი იჩინა 1981 წელს, როდესაც საპარლამენტო ასამბლეამ, რამდენიმე კვირით ადრე ქვეყანაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებაზე საპასუხოდ, თურქეთის დელეგაციას გამოათხოვინა ასამბლეაში მისი წარმომადგენლობის უფლება. თურქულმა დელეგაციამ მხოლოდ 1984 წელს აღიდგინა საკუთარი ადგილი პარლამენტში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შედგა დემოკრატიული არჩევნები.

საბერძნეთის საბჭოში დაბრუნებით აღინიშნა უკანასკნელი ავტორიტარული რეჟიმის დასასრული დასავლეთ ევროპულ სივრცეში. 1976 წლის 22 სექტემბერს შედგა პორტუგალიის დებიუტი ევროპის საბჭოში - მას შემდეგ, რაც 1974 წლის აპრილის მშვიდობიანმა რევოლუციამ ბოლო მოუღო სალაცარისტთა9 48 წლიან დიქტატურას ქვეყანაში. გენერალ ფრანკოს10 სიკვდილმა კი 1975 წელს, განაპირობა ესპანეთის გაწევრიანება 1977 წლის 24 ნოემბერს.

დაახლოება აღმოსავლეთთან

შემდგომი კრიტიკული ეტაპი ევროპის საბჭოს ცხოვრებაში დაიწყო 1985 წელს, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დემოკრატიის დანერგვის თავდაპირველ მცდელობებთან ერთად. ამ წლის იანვარში, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჰანს-დიტრიხ გენშერმა11 თავისი კოლეგები მიიწვია საგანგებო სხდომის მუშაობაში სამონაწილეოდ, რომელიც სრულად მიეძღვნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებს. სიტუაციის გაანალიზების ამ პროცესმა, რომელიც მხედველობაში იღებდა ახალ ტენდენციებს აღმოსავლეთ ევროპაში - რუმინეთში, პოლონეთსა და საბჭოთა კავშირში, სადაც ხელისუფლების სათავეში მიხეილ გორბაჩოვი12 მოსულიყო - დასაბამი მისცა ევროპული კულტურული იდენტობის იდეის აღმოცენებას, რაც იქცა კიდეც 1985 წლის აპრილში მიღებული რეზოლუციის მთავარ თემად. დარწმუნებული იმაში, რომ მრავალსახეობაში ერთიანობა წარმოადგენდა ევროპული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ საგანძურს, ევროპის საბჭომ დოკუმენტში აღნიშნა, რომ ერთა საერთო ტრადიციები და ევროპული იდენტობა არ მთავრდებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემათა საზღვრებთან. ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის (CSCE) დასკვნითი აქტის ჭრილში, ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების უპირატესობას, როგორც ხალხებისა და მთავრობების ურთიერთგაგების წახალისებისა და შენარჩუნების საშუალებას. თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ენთუზიაზმით მიაგებეს ხელი მათი მისამართით ამგვარად გამოწვდილ ხელს.

საბოლოოდ, დაახლოება გახდა არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელიც. ბუნებრივია, ევროპის საბჭო გამოხატავდა კმაყოფილებას აღმოსავლეთში განვითარებული დემოკრატიზაციის პროცესითა და მისი თანმხლები სოციალური და ეკონომიკური ძვრებით, რაც “პერესტროიკის13 სახელით მიმდინარეობდა. აღნიშნულ პროცესებში ევროპის საბჭოს როლი და მოწოდება მდგომარეობდა ამ ახალ ტენდენციათა მხარდაჭერაში, მათ შეუქცევადად ქცევაში და სახელმწიფოთა თანადგომაში, რომლებიც მისგან დახმარებას ითხოვდნენ. ეს კი, რა თქმა უნდა, მოხდებოდა არა მისი პრინციპების უარყოფით, არამედ პირიქით, მათი აღიარებით ნებისმიერი სახის თანამშრომლობის წინაპირობად.

აღნიშნული იქცა ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპად და აისახა კიდეც მინისტრთა კომიტეტის 1989 წლის 5 მაისის დეკლარაციაში სამოქმედო კურსის შეცვლის შესახებ. ეს ახალი მიმართულება წარმოადგენდა როგორც მიღწევას, ისე პირველ ნაბიჯებს, რომელიც მომწიფდა მთელი რიგი ვიზიტის საფუძველზე (გენერალური მდივნის ვიზიტი უნგრეთში, შემდგომ კი პოლონეთში; საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტები ბუდაპეშტსა და ვარშავაში; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და საბჭოთა კავშირის დელეგაციათა და ექსპერტთა ვიზიტები სტრასბურგში). ამგვარმა დასაწყისმა ბიძგი მისცა პროცესს, რომელმაც თანდათანობით უმატა ტემპს და გადააჭარბა თვით ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინებსაც კი.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ახლა უკვე მოუთმენლად აკაკუნებდნენ ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ამ დამცველის კარზე. ის მოგვევლინა ერთგვარ მისაღებ ოთახად დიქტატურიდან დემოკრატიულ წყობაზე გადასვლის შესახებ მოლაპარაკებათა წარმოების პროცესში, როგორც ეს მანამდე მოხდა პორტუგალიისა და ესპანეთის შემთხვევებში.

საერთო ევროპული სახლი

შემთხვევით არ მომხდარა, რომ საბჭოთა ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის პირველი მიმართვა დასავლეთ ევროპელ პარლამენტართა ასამბლეისადმი, 80-იანი წლების დასასრულს, ევროპის საბჭოში შედგა. 1989 წლის 6 ივლისს მან სწორედ ამ ტრიბუნაზე შეაჩერა არჩევანი, რათა წამოეყენებინა განიარაღების (მოკლე რადიუსის ბირთვულ ქობინთა ცალმხრივი შემცირების შესახებ) ახალი ინიციატივა, ბიძგი მიეცა საერთო ევროპული სახლის იდეისათვის (ძალის გამოუყენებლობა, ბრეჟნევის დოქტრინისა და სოციალიზმის მხარდაჭერის უარყოფა) და ესაუბრა ადამიანის უფლებებზე (თუმცა, ევროპული კონვენციის მოხსენიების გარეშე!).

ევროპის საბჭომ ძალზედ ფრთხილად დაიწყო საკუთარი კარის გაღება სხვა ქვეყნებისათვის. 1989 წელს, საპარლამენტო ასამბლეამ შემოიღო უაღრესად შერჩევითი სპეციალური სტუმრის სტატუსი, განსაზღვრული იმ სახელმწიფოთა ეროვნული ასამბლეებისათვის, რომლებიც მზად იყვნენ ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციის აღიარებისათვის. აღნიშნული სტატუსი იმთავითვე მიენიჭა უნგრეთის, პოლონეთის, საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ასამბლეებს. ამასთან, მან გაწევრიანებისაკენ გზა გაუკაფა ყოფილი საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოებს 14.

მიხეილ გორბაჩოვის გამოსვლიდან ოთხი თვის თავზე, 1989 წლის 9 ნოემბერს, დაემხო ბერლინის კედელი15, რამაც საშუალება მისცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, 23 ნოემბერს განეცხადებინა, რომ მისი ორგანიზაცია გახლდათ ერთადერთი, რომელსაც შეეძლო, მოეცვა ევროპის ყველა სახელმწიფო მას შემდეგ, რაც ისინი დემოკრატიულ ნორმებს გაითავისებდნენ.

80-იანი წლების მიწურულს მომხდარმა ისტორიულმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი “რკინის ფარდის16 მოშლამ, აღნიშნა ევროპის საბჭოს ახალი პოლიტიკური როლის დასაწყისი.

უნგრეთის გაწევრიანება

1990 წლის 6 ნოემბერს, თავისი ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ მოვლენით იდგმებოდა პირველი ნაბიჯი კონტინენტის ერთიანობის აღდგენისაკენ.

უმალვე შემუშავდა სპეციალური პროგრამები ახალ ევროპელ პარტნიორთა გადაუდებელ საჭიროებებზე საპასუხოდ და მათთვის შესაძლებლობის მისაცემად, რათა მათ, როგორც გაწევრიანებამდე, ისე მას შემდეგ ესარგებლათ საერთო ცოდნითა და გამოცდილებით თავიანთი დემოკრატიული გარდაქმნის წარმატებით გასრულებისათვის. ეს პროგრამები, სახელად დემოსთენე, თემისი და ლოდი17 აქცენტს სვამდა რეფორმის უმთავრეს სფეროებზე: თუ როგორ უნდა შემუშავებულიყო ახალი კონსტიტუციები, როგორ უნდა მისადაგებოდა შიდა კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, მომხდარიყო საჯარო სამსახურის რეორგანიზება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და მედიის შექმნა, ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა. სხვა სიტყვებით, როგორ უნდა განხორციელებულიყო ევროპის დემოკრატიული და სამართლებრივი თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა.

სამიტი ვენაში

1992 წლის 4 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა18 სიტყვით მიმართა საპარლამენტო ასამბლეას სხდომაზე, რომელიც, მეტწილად, მიეძღვნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ინტეგრირებას ახალ ევროპულ არქიტექტურაში. რატომ არ უნდა იკრიბებოდნენ, მიმართა მან დამსწრეთ, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის შეხვედრებთან მონაცვლეობით? წინადადება, თუმცა ნაწილობრივ, მოწონებულ იქნა და ავსტრიამ, რომელიც იმხანად მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობდა (1992 წლის მაისი - 1993 წლის ნოემბერი), მონაწილეებს შესთავაზა, მოეწვიათ სამიტი და მისი მასპინძლობაც ითავა.

სამიტი შედგა 1993 წლის 8 და 9 ოქტომბერს ვენაში, რომელმაც დაადასტურა და განავრცო გაფართოებისა და გახსნილობის სტრატეგია. მან გამოავლინა, ასევე, სამი პრიორიტეტი, რომელთაგან უპირველესი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მექანიზმის რეფორმირება, რათა ის გამხდარიყო უფრო სწრაფი და ეფექტიანი. სწორედ ამ საკითხს შეეხება შემდგომში მიღებული კონვენციის დამატებითი მე-11 ოქმი. გარდა ამისა, ვენის სამიტზე განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება როგორც ეროვნულ უმცირესობათა დაცვაზე, რასაც მომავალში, ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, მოჰყვა ჩარჩო კონვენციის მიღება ამ თემაზე, ასევე შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

ამრიგად, თავის ახლად შეძენილ როლში, რაც გულისხმობდა წევრობის შეთავაზებას ყველასათვის, ვინც კი მოისურვებდა დემოკრატიისკენ სვლას, რითაც იმავდროულად ყალიბდებოდა სრულიად ევროპული დემოკრატიული უსაფრთხოების სივრცე, ევროპის საბჭომ ვენის სამიტის შემდგომი წლები მოახმარა იმ ვალდებულებათა ნორმატიულ შემუშავებასა და დახვეწას, რომელთა აღება მართებს ნებისმიერ წევრობის კანდიდატ სახელმწიფოს.

ევროპის საბჭო გაფართოებულ ევროპაში

რუსეთის ფედერაციის გაწევრიანება, 1996 წლის თებერვალში, უკვე ნიშნავდა, რომ ევროპის საბჭოს საბოლოოდ მიეღო სრულფასოვანი პანევროპული ორგანიზაციის სახე. ამიერიდან, 800 მილიონი მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას ახალი ევროპის მშენებლობაში. საბჭოს ამჟამინდელი მოღვაწეობა უნდა მიესადაგოს გარემოს, რომელიც არა მარტო უფრო ფართო და გაცილებით მრავალსახოვანია, არამედ უფრო რთული და ნაკლებად სტაბილურიც. ამას კი ცვლილებები შეაქვს ევროპის საბჭოს სათანამშრომლო პროგრამათა ხასიათში.

ძლიერდება მხარდაჭერისა და სამეთვალყურეო საქმიანობანი. მაგალითად, ნდობის განმამტკიცებელი ზომებისა თუ შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო კამპანიათა მეშვეობით. მეტი ყურადღება ექცევა იმას, თუ რა ვითარებაა ადგილზე. ახალ პრიორიტეტთა შორის გაჩნდა მიგრაცია, კორუფცია, მოქალაქეობის მიღების უფლება, სოციალური გარიყვა და უმცირესობათა საკითხები. 1998 წლის 1 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორმაგი მექანიზმი შეიცვალა ერთიანი სასამართლოთი. მან ბინა დაიდო ბრიტანელი არქიტექტორის, რიჩარდ როჯერსის პროექტით აგებულ ადამიანის უფლებათა შენობაში, რომელიც გაიხსნა 1995 წლის ივნისში.

იმავდროულად, რამდენიმე სხვა ევროპული19 თუ ჩრდილო-ატლანტიკური20 ორგანიზაცია აღრმავებდა თანამშრომლობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან და სთავაზობდა მათ კიდევ მეტი ინტეგრაციის პერსპექტივას. ევროკავშირის სამთავრობათშორისო კონფერენციისა და მადრიდში გამართული ნატოს სამიტის ეგიდით წარმოებული საქმიანობა გვაფიქრებინებს, რომ ევროპული თანამშრომლობა მომავალშიც განაგრძობს განვითარებას.

 


  1. უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი (1874-1965 წწ.) - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი (1940-1945 წწ. და 1951-1955 წწ.)
  2. 1948 წლის თებერვალში მომხდარი ე.წ. პრაღის გადატრიალების შედეგად, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტურმა პარტიამ ხელთ იგდო ძალაუფლება.
  3. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოკავშირეებმა ბერლინი დაყვეს 4 ნაწილად: აღმოსავლეთი ნაწილი კონტროლდებოდა საბჭოთა კავშირის მიერ, სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი - აშშ-ის, დასავლეთი - ბრიტანეთის, ხოლო ჩრდილო-დასავლეთი საფრანგეთის მიერ. 1948 წელს, საბჭოთა კავშირის თაოსნობით დაწყებული ე.წ. ბერლინის ბლოკადა გადაიქცა საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის კონფლიქტის საგნად.
  4. ჟორჟ-აუგუსტინ ბიდო (1899-1983 წწ)/ - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი (1944-1946-1948 და 1953-54 წწ.). მოგვიანებით, 1951-52 წლებში, თავდაცვის მინისტრი.
  5. 1948 წლის 17 მარტის ხელშეკრულება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამშრომლობისა და საერთო თავდაცვის შესახებ (“ბრიუსელის შეთანხმება”).
  6. რობერ შუმანი (1886-1963 წწ.) - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1948-1952 წლებში.
  7. პოლ ანრი სპააკი (1899-1972 წწ) - ბელგიის პრემიერ-მინისტრი (1938-39, 1946, 1947-49 წწ.).
  8. ბრიუსელის ხელშეკრულების ხელმომწერი ხუთი სახელმწიფო: ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.
  9. 1974 წლის აპრილს დაწყებული რევოლუციის (”Revolução dos Cravos” - “ყვავილების რევოლუცია”) შედეგად, დაემხო ანტონიო დე ოლივეირა სალაცარისა (1889-1970) /1932-68 წწ./ და მისი მემკვიდრის მარსელო კაეტანოს (1906-1980) /1968-74 წწ./ დიქტატორული რეჟიმი.
  10. ფრანსისკო ფრანკო ბაჰამონდე (1892-1975 წწ.) - ესპანეთის დიქტატორი 1938-1975 წლებში.
  11. ჰანს-დიტრიხ გენშერი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი 1974-1992 წლებში.
  12. მიხეილ გორბაჩოვი - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი 1985-1991 წლებში.
  13. “პერესტროიკა” - მიხეილ გორბაჩოვის მიერ 80-იანი წლების საბჭოთა კავშირში რადიკალური სოციალურ-ეკონომიკური რეფორმის გასატარებლად წარმოდგენილი პროგრამა.
  14. 1955 წლის 1 მაისს გაფორმებული ე.წ. ვარშავის პაქტის (მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება) მონაწილე (აღმოსავლური ბლოკის) ქვეყნები: ალბანეთის სახალხო რესპუბლიკა, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა, რუმინეთის სახალხო რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირი და ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა.
  15. ბერლინის კედელი - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან ადამიანთა მასობრივი გადინების და ამის შედეგად სოციალისტური წყობის დასუსტების თავიდან აცილების მიზნით, 1961 წლის 13 აგვისტოს აიგო ბერლინის კედელი, რომელმაც სრულ იზოლაციაში მოაქცია აღმოსავლეთ ბერლინი. 1989 წლის ნოემბერში ბერლინის კედელი დაეცა.
  16. ე.წ. “ცივი ომის” დასაწყისის აღმნიშვნელი ეს გამოთქმა მომდინარეობს 1946 წლის 5 მარტს, შტატ მისურის (აშშ) ქალაქ ფულტონის ვესტმინსტერის კოლეჯის თხოვნით, უინსტონ ჩერჩილის მიერ ჩატარებული ლექციიდან, რომელიც “რკინის ფარდის ლექციად” არის ცნობილი.
  17. თანამშრომლობის ისეთი პროგრამები, როგორიცაა დემოსთენე, თემისი და ლოდი, წარმოდგენილი ევროპის საბჭოს მიერ 90-იან წლებში, მიზნად ისახავდა ევროპაში სუსტად განვითარებულ დემოკრატიულ კერათა ხელშეწყობას, მათ პოლიტიკურ, საკანონმდებლო და კონსტიტუციურ რეფორმათა მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობა, სამართალწარმოება, სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა მართვა და ა.შ.
  18. ფრანსუა მიტერანი (1916-1996 წწ) - საფრანგეთის პრეზიდენტი (1981-1988 და 1988-1995 წწ.).
  19. ევროკავშირი, ეუთო და ა.შ.
  20. ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO) - 1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონში (აშშ) ხელი მოეწერა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატო-ს დამფუძნებელ ხელშეკრულებას. ამჟამად მასში ერთიანდება 26 სახელმწიფო

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.