Back თბილისის Open Air ფესტივალზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე ვისაუბრეთ

თბილისის Open Air ფესტივალზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებზე ვისაუბრეთ

ზედიზედ მეექვსე წელია, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, წელს უკვე ევროკავშირთან ერთად, მონაწილეობს Tbilisi Open Air ფესტივალში, სადაც ფესტივალის ათასობით სტუმარს „თავისუფლების სოფელში“ მოწყობილი ინტერაქციული ადამიანის უფლებათა კუთხე მასპინძლობდა. სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიების ფარგლებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვამ, ახალგაზრდებსა და ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, ემსჯელათ თანასწორობაზე, ბავშვთა უფლებებზე, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებასა და სიძულვილის ენის გავლენაზე.

წლევანდელი ადამიანის უფლებათა კუთხის მთავარი გზავნილი იყო: „შეგვიძლია თქვენი აზრის შეცვლა? ალბათ არა. თუმცა, იქნებ საფიქრალი მაინც გაგიჩინოთ.“ ინიციატივა ფესტივალის სტუმრებს განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებისკენ, დამკვიდრებული წარმოდგენების გააზრებისა და ღია დისკუსიებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სიძულვილის ენასთან ბრძოლა, მედიის თავისუფლება და ბავშვთა უფლებები.

ორდღიანი ფესტივალის განმავლობაში სტუმრები მონაწილეობდნენ ინტერაქციულ ვიქტორინებში, დისკუსიებსა და ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილ „განძის ძიებაში“ (Treasure Hunt), რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, არაფორმალურ და საინტერესო გარემოში გაცნობოდნენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. ადამიანის უფლებათა კუთხეში ასევე ფუნქციონირებდა პოდკასტის კუთხე (Podcast Corner), სადაც ფესტივალის სტუმრები, არტისტები და მოწვეული მონაწილეები საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებდნენ საზოგადოებას თანასწორობის, ბავშვთა უფლებების, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. ინტერაქციული აქტივობები და დისკუსიები კონტენტის შემქმნელების — მანანა გვრიტიშვილისა და ლუკრეციუს სიჭინავას — მხარდაჭერით წარიმართა. ისინი ფესტივალის სტუმრებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

ინიციატივა ევროპის საბჭოსა და Tbilisi Open Air ფესტივალს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ნაწილია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორგანიზაციის ძალისხმევას, ინოვაციური საზოგადოებრივი ჩართულობისა და მონაწილეობის გზით ადამიანის უფლებები მოქალაქეებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანოს.

 

აქტივობები განხორციელდა ევროპის საბჭოს სამი პროექტის ფარგლებში: „სიძულვილის ენასთან ბრძოლა საქართველოში“, „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ და „გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“.

პროექტი „სიძულვილის ენასთან ბრძოლა საქართველოში“ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ - ნაწილია, ხოლო პროექტები „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ და „გამოხატვისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“ ევროპის საბჭოს საქართველოსთვის 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფინანსდება.

თბილისი, საქართველო 4-5 ივლისი, 2026 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge