მინისტრთა კომიტეტის საქმიანობა და ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:
• პოლიტიკური დიალოგი
• საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთქმედება
მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობა იძენს შემდეგ ფორმებს:
- მინისტრთა კომიტეტის საწესდებო მოხსენება;
- შუამდგომლობა ასამბლეის მოსაზრებაზე;
- მეთვალყურეობა ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებაზე;
- გამოხმაურება ზეპირ და წერილობით შეკითხვებზე;
- ერთობლივი კომიტეტი.
• ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან ურთიერთქმედება
• ახალ წევრ სახელმწიფოთა მიღება
მინისტრთა კომიტეტს გააჩნია უფლებამოსილება, მიიწვიოს ევროპული სახელმწიფოები ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად (წესდების მე-4; მე-5; მე-6 მუხლები).
მას შეუძლია, ასევე, შეაჩეროს ან შეწყვიტოს წევრობა.
ევროპის საბჭოში გაწევრიანების პროცესი იწყება მას შემდეგ, რაც მინისტრთა კომიტეტი მიიღებს გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს და საკონსულტაციოდ მიმართავს საპარლამენტო ასამბლეას (საწესდებო რეზოლუცია (51) 30). აღნიშნულთან დაკავშირებით, ასამბლეა იღებს მოსაზრებას, რომელიც ქვეყნდება მის მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად.
თუკი მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის სახელმწიფო შეიძლება, გახდეს ორგანიზაციის წევრი, ის იღებს რეზოლუციას, რომელიც კანდიდატ სახელმწიფოს მოიწვევს გასაწევრიანებლად. მოწვევა აზუსტებს ამ სახელმწიფოსათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობას საპარლამენტო ასამბლეაში და მისი შენატანის ოდენობას ორგანიზაციის ბიუჯეტში (წესდების მე-6 მუხლი). უკანასკნელ ხანს განხორციელებულ მოწვევებში ჩადებული იყო, ასევე, კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული გარკვეული წინაპირობები.
კანდიდატი სახელმწიფო ორგანიზაციის წევრი ხდება გაწევრიანების ინსტრუმენტის გენერალურ მდივანთან დეპონირების შემდეგ, რასაც, ჩვეულებრივ, ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ახორციელებს.
• მეთვალყურეობა წევრ სახელმწიფოთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე
• კონვენციებისა და შეთანხმებების შემუშავება
წესდების მე-15a. მუხლი ადგენს - ევროპის საბჭოს მიზნების მისაღწევად, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ზომა, მათ შორის, შეიმუშაოს კონვენციები და შეთანხმებები.
ამჟამად, ხელმოსაწერად ღიაა 200-ზე მეტი კონვენცია. მათგან ყველაზე უკეთ ცნობილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია..
ნებისმიერი ხელშეკრულების ტექსტი საბოლოო სახეს იძენს მინისტრთა კომიტეტის მიერ მისი მიღების შემდგომ. ევროპის საბჭოს წესდების მე-20 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ტექსტის მისაღებად საჭიროა:
- კენჭისყრაში მონაწილეთა ორი მესამედი უმრავლესობა;
- ხმის მიცემის უფლებამოსილების მქონეთა უბრალო უმრავლესობა.
იგივე სახის უმრავლესობას საჭიროებს ნებისმიერი განმარტებითი მოხსენების გამოქვეყნება.
მინისტრთა კომიტეტი ადგენს, ასევე, ხელშეკრულების ხელმოსაწერად გახსნის თარიღს.
კონვენციები სავალდებულოა მხოლოდ იმ წევრი სახელმწიფოებისათვის, რომელთაც განახორციელეს მათი რატიფიცირება.
• რეკომენდაციების მიღება წევრი სახელმწიფოებისთვის
წესდების მე-15b. მუხლის თანახმად, მინისტრთა კომიტეტი ამზადებს რეკომენდაციებს წევრი სახელმწიფოებისადმი იმ საკითხების გარშემო, რომლებზეც მინისტრთა კომიტეტში შეთანხმებულია საერთო პოლიტიკის გატარება.
წესდების მე-20 მუხლის თანახმად, რეკომენდაციის მიღება საჭიროებს:
- ყველა დამსწრე წარმომადგენლის ერთსულოვნებას;
- ხმის მიცემის უფლებამოსილების მქონეთა უბრალო უმრავლესობას.
თუმცა, 519-ე bis შეხვედრაზე (1994 წლის ნოემბერი), მინისტრთა მოადგილეებმა გადაწყვიტეს, გაემარტივებინათ კენჭისყრის პროცედურა და ამ მიზნით, მიაღწიეს ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომლის თანახმად, რეკომენდაციის მიღებისას არ გამოიყენება ერთსულოვნების წესი.
რეკომენდაციები არ არის სავალდებულო წევრი სახელმწიფოებისათვის.
1993 წლიდან მინისტრთა კომიტეტი იღებს ასევე რეკომენდაციებს ევროპის სოციალური ქარტიის განხორციელებაში მასზე დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად (ევროპის სოციალური ქარტიის 29-ე მუხლი).
1979 წლამდე მიღებული რეკომენდაციები გამოქვეყნებულია მიღებული დოკუმენტების რეზოლუციების სერიაში.
წესდება მინისტრთა კომიტეტს ანიჭებს უფლებამოსილებას, წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს მოსთხოვოს "ინფორმაცია რეკომენდაციებთან დაკავშირებით მათ მიერ გატარებული ზომების შესახებ" (მე-15b. მუხლი). 1987 წელს, 405-ე შეხვედრაზე, მინისტრთა მოადგილეებმა მიიღეს გზავნილი სამთავრობათშორისო კომიტეტებისადმი (მუდმივმოქმედი და ექსპერტთა კომიტეტები), გაეუმჯობესებინათ რეზოლუციებისა და რეკომენდაციების განხორციელების საზედამხედველო მექანიზმები.
• ბიუჯეტის მიღება
წესდების 38-ე c. მუხლის თანახმად, გენერალური მდივანი ყოველწლიურად ამზადებს ბიუჯეტის პროექტს და მას დასამტკიცებლად გადასცემს მინისტრთა კომიტეტს. ბიუჯეტის პროექტი წარედგინება მოადგილეებს ყოველი წლის ნოემბერში. საქმიანობის პროგრამასთან ერთად, ის მიიღება რეზოლუციის სახით.
ფინანსური განაწესის (შესწორებული 1997 წლის მაისში) 29-ე მუხლის თანახმად, მინისტრთა მოადგილეებს დახმარებას უწევს 11 დამოუკიდებელი ექსპერტით დაკომპლექტებული საბიუჯეტო კომიტეტი, რომელთაც ნიშნავს მინისტრთა კომიტეტი წევრი მთავრობების წინადადებების გათვალისწინებით.
დამტკიცებული ბიუჯეტის შემოკლებული ვარიანტი ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით.
სამოქმედო პროგრამის დამტკიცება და მისი განხორციელება
1966 წლიდან ევროპის საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, დაგეგმვა და ბიუჯეტში ასახვა ხდება წლიური სამუშაო პროგრამის საფუძველზე, რომელიც გამოიცემა "სამთავრობათშორისო სამოქმედო პროგრამის" სახით.
მინისტრთა მოადგილეები პროგრამას იღებენ ყოველი წლის დასასრულს და ახორციელებენ მასზე ზედამხედველობას.
წესდების მე-17 მუხლზე დაყრდნობით, მინისტრთა კომიტეტს ენიჭება უფლებამოსილება, დააფუძნოს საკონსულტაციო ან ტექნიკური კომიტეტები, რის საფუძველზეც ფუნქციონირებს 30-მდე მუდმივმოქმედი და არაერთი ექსპერტთა სპეციალური (ad hoc) კომიტეტი, რომლებიც დახმარებას უწევენ მინისტრთა კომიტეტს სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში.
• თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განხორციელება
•ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულებაზე ზედამხედველობა
მე-11 ოქმით შესწორებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, მინისტრთა კომიტეტი მეთვალყურეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულებას. აღნიშნული სამუშაო, ძირითადად, ხორციელდება ყოველწლიურად გამართული ოთხი რეგულარული შეხვედრის (ადამიანის უფლებათა შეხვედრები) ფარგლებში. მათი სამუშაო დოკუმენტაცია არის ანოტირებული დღის წესრიგი და სამუშაო პროგრამა. ეს მასალები და თითოეულ კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროა. მინისტრთა კომიტეტის მთავარი ფუნქცია არის წევრ სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებებების აღსრულება. თითოეული საქმის დასრულებისას კომიტეტი იღებს დასკვნით რეზოლუციას. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, შესატყვისი იყოს შუალედური რეზოლუციის მიღება. ორივე სახის რეზოლუცია საჯაროა.(დამატებით ...)