საპარლამენტო ასამბლეა
ევროპის დემოკრატიული სინდისი
იდეების სამჭედლო
1949 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, PACE, რომელსაც ხშირად ევროპის საბჭოს გამწევ ძალას უწოდებენ, ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ინიციატივების ავტორია (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია). ამ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულოა ევროპის საბჭოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ინიცირებისთვის. ის ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებსა და ადამიანის უფლებათა კომისარს, აგრეთვე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს და თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს.
კონკრეტული შედეგები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები -რეკომენდაციები, რეზოლუციები და მოსაზრებები - სახელმძღვანელოს ფუნქციას ასრულებს მინისტრთა კომიტეტისთვის, ეროვნული მთავრობების, პარლამენტებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. ამ დოკუმენტების მოთხოვნათა გათვალისწინება და საკანონმდებლო საქმიანობასა და პრაქტიკაში მათი შესრულება დადებითად აისახება ევროპელთა ცხოვრების ხარისხზე.
პრეზიდენტი
ტინი კოქსი
ვიცე-პრეზიდენტები
ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები
ვრცლად...
ყოველწლიურად, რიგითი სესიის წინ ირჩევენ ოც ვიცე-პრეზიდენტს. მათი მანდატი ძალაშია მომდევნო სესიის გახსნამდე. ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა გაიზარდა წევრი ქვეყნების რაოდენობის ზრდასთან ერთად.
ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციაა, უხელმძღვანელოს ასამბლეას თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. ამ დროს ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს პროცედურული განაწესის V ნაწილის თანახმად დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს. ისევე, როგორც თავმჯდომარეს, ვიცე-პრეზიდენტსაც არ შეუძლია დებატებში მონაწილეობა მაშინ, როცა ის ასამბლეას თავმჯდომარეობს. როცა სხდომას უძღვება ვიცე-პრეზიდენტი, მის შემცვლელს შეუძლია დაიკავოს ვიცე-პრეზიდენტის ადგილი ასამბლეაზე და დებატებსა და ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღოს. თუ თავმჯდომარის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს, ეს აისახება დებატების ოფიციალურ ოქმში. თავმჯდომარისაგან განსხვავებით, ვიცე-პრეზიდენტებს ჩვეულებრივ შეუძლიათ დებატებში მონაწილეობა, როცა ისინი სხდომას არ თავმჯდომარეობენ.
კომიტეტები
8 კომიტეტი
ვრცლად....
პლენარულ სესიაზე ან მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომაზე განხილული ანგარიშების უმრავლესობა მომზადებულია რომელიმე კომიტეტის მიერ.
ასამბლეაში შემდეგი რვა მთავარი კომიტეტია:
- პოლიტიკურ საქმეთა და დემოკრატიის კომიტეტი (AS/Pol)
- იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი (AS/Jur)
- სოციალურ საქმეთა, ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების კომიტეტი (AS/Soc)
- მიგრაციის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტი (AS/Mig)
- კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მასმედიის კომიტეტი (AS/Cult)
- თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტი (AS/Ega)
- მონიტორინგის კომიტეტი (AS/Mon)
- პროცედურული ნორმების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტი (AS/Pro).
კომიტეტების უმრავლესობას გააჩნია შესაბამისი ქვე-კომიტეტი ან გენერალური „მომხსენებელი“ სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლებელია საგანგებო კომიტეტების ჩამოყალიბებაც კონკრეტული საქმიანობებისთვის. ყველა კომიტეტი იკრიბება სტრასბურგში ასამბლეის სესიების დროს. გარდა ამისა, მათი უმრავლესობა იკრიბება ასევე მინიმუმ ერთხელ ასამბლეის სესიებს შორისაც. ეს შეხვედრები, როგორც წესი, პარიზში იმართება.
პროცედურები
როგორ მუშაობს საპარლამენტო ასამბლეა
ვრცლად...
კომიტეტის შეხვედრები
მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტები უმეტესწილად ანგარიშების საფუძველზე მუშაობენ, მათ შეუძლიათ თავიანთი კომპეტენციის სფეროში შემავალი ნებისმიერი საკითხის განხილვა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. კომიტეტები აწყობენ რიგგარეშე მოსმენებს, მსჯელობებს ან კონფერენციებს კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და ამ შეხვედრებზე შემუშავებულ დასკვნებს იყენებენ ასამბლეისთვის წარსადგენი ანგარიშების მოსამზადებლად.
სესიები და სხდომები
საპარლამენტო ასამბლეის სესიები წელიწადში ოთხჯერ ტარდება. თითოეული სესია დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება და ისინი იმართება იანვრის, აპრილის, ივნისის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში.
განლაგება
პალატაში წვერთათვის განკუთვნილი ადგილები ნალისებურადაა განლაგებული. ადგილები ანბანური თანმიმდევრობითაა მინიჭებული. ასე რომ წევრები არ სხედან ეროვნული დელეგაციების ან პოლიტიკური ჯგუფებად მიხედვით.
ოფიციალური და სამუშაო ენები
წესდების მიხედვით, ევროპის საბჭოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. თუმცა, ასამბლეა უზრუნველყოფს სხდომების თარგმნას გერმანულ, იტალიურ და რუსულ ენებზე, რომლებიც საბჭოს დამატებითი სამუშაო ენებია.
პროცედურული სამსახური
პროცედურული სამსახური მითითებებს აძლევს ასამბლეის წევრებს, დელეგაციების ან პოლიტიკური ჯგუფების მდივნებსა და სხვა პირებს, როგორ მიაღწიონ მიზანს პროცედურული წესების დაცვით. ეს სამსახური სწორედ ამ წესების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ერთეულია.
განხილვები
ასამბლეის პლენარული განხილვები საჯაროა, ხოლო კომიტეტების სხდომები, როგორც წესი, დახურულია. განხილვები იმ პრინციპების დაცვით მიმდინარეობს, რომლებიც მიღებულია ეროვნულ პარლამენტებში.
ხმის მიცემა
ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ ეროვნული დელეგაციების მიერ საგანგებოდ დასახელებულ წევრებს, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი კონკრეტული სხდომის დასწრებათა ჟურნალში. როგორც წესი, ასამბლეა ელექტრონული ხმის მიცემის სისტემას იყენებს.
უმრავლესობები
ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა მინისტრთა კომიტეტისთვის რეკომენდაციის ან მოსაზრების პროექტის მომზადება ან რომელიმე სასწრაფო პროცედურის მიღება, საჭიროა წევრთა ორი მესამედის ხმა. რეზოლუციის პროექტის ან სხვა გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია მხოლოდ ხმათა უმრავლესობა.
საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია სამი სხვადასხვა სახის დოკუმენტის - რეკომენდაციის, რეზოლუციისა და მოსაზრების მიღება.
- რეკომენდაციები მოიცავს წინადადებებს მინისტრთა კომიტეტისადმი, რომელთა განხორციელება წევრ სახელმწიფოთა მთავრობების კომპეტენციას განეკუთვნება.
- რეზოლუციებში ხორცშესხმულია ასამბლეის გადაწყვეტილებები საკითხებზე, რომელთა განხორციელების უფლებამოსილებას ის ფლობს, ან მისი თვალსაზრისი იმგვარ საკითხებზე, რომლებზეც მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი.
- ასამბლეა მოსაზრებებს გამოთქვამს უმთავრესად მინისტრთა კომიტეტის მიერ მისთვის გადაცემულ საკითხებზე, როგორიცაა ევროპის საბჭოში ახალ წევრ სახელმწიფოთა მიღება, ისევე როგორც კონვენციების პროექტები, საბიუჯეტო საკითხები, სოციალური ქარტიის განხორციელება.
საპარლამენტო ასამბლეა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად იღებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად იღებს საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიშებს. საქართველო საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია დელეგაციით, რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება., რომელიც 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან შედგება.
იცოდით თუ არა, რომ…
ევროპის საბჭო და ევროკავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებია. ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან არცერთი არ შესულა კავშირში ისე, რომ ჯერ ევროპის საბჭოს წევრი არ გამხდარიყო.