აღნიშნული პროექტი აგრძელებს და ეფუძნება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტს „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“, რომელიც 2016 წლის თებერვალში დასრულდა. იგი ეხმარება საქართველოს ხელისუფლებას ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების სფეროში მიღწეულ შედეგთა განმტკიცებაში, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ციხეებში, პოლიციასა თუ სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაში. პროექტში ღონისძიებათა ფართო სპექტრის შესრულებაა დაგეგმილი: საექსპერტო ანალიზი, ტექნიკური დახმარება მარეგულირებელი ბაზისა და პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტების ჩამოყალიბებაში, მენეჯმენტისა და მონიტორინგის ინსტრუმენტების შემუშავება, შეფასებითი ვიზიტების განხორციელება და ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევების ჩატარება, სასწავლო პროგრამების, მასალებისა თუ პუბლიკაციების მომზადება და სხვადასხვა სასწავლო თუ ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებათა ორგანიზება (ტრენინგები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები და სხვ.), აგრეთვე კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარება.

პროექტი 18 თვეს გრძელდება და 2017 წლის 31 აგვისტოს სრულდება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 745,000 ევროს შეადგენს. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით, ევროკავშირსა და ევროსაბჭოს შორის პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში, რომელიც აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. 

ფოტო ისტორიები - ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი  2013 წელს დაიწყო და  მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა  გაძლიერებას და საქართველოს ციხეებში, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა ჯანდაცვის (მათ შორის, ფსიქიკური ჯანდაცვის) გაუმჯობესებას.

ჩვენ თავი მოვუყარეთ ამ შესანიშნავ ფოტოებს, რომლებიც ნათლად ასახავენ საქართველოსთვის პროექტის მხარდაჭერას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარეგულირებელი ბაზის გაუმჯობესების საქმეში.

პროექტის ფარგლებში 50  აქტივობა უკვე ჩატარდა  და 3 200 ადამიანზე მეტი გადამზადდა,  მათ შორის : სასჯელაღსრულების სისტემის ადმინისტრაციისა და სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფსიქიატრიული დაწესებულებების, სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები, მოსამართლეები, პროკურორები, სამოქალაქო სექტორი წარმომადგენლები და  60 ადგილობრივი ტრენერი  . პროექტი აქტიურად ეხმარება საქართველოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარეგულირებელი ბაზის გაუმჯობესების საქმეში.

პროექტის მეორე ფაზა 2016 წლის მარტში დაიწყო.

Loading...
პუბლიკაციები