ევროპის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები
1952 წლიდან, როცა ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა, საგრძნობლად გაძლიერდა ევროპის საბჭოს თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 2003 წელს მონაწილის სტატუსის შემოღებამ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მისცა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროპის საბჭოს პოლიტიკასა და სამუშაო პროგრამებში და ხელი შეუწყონ ევროპის საბჭოსა და მის წევრ სახელმწიფოებში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.
ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია
ამჟამად 400-ზე მეტ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს მონაწილის სტატუსი. 2005 წლიდან დღემდე ისინი იკრიბებიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების საყრდენს „ოთხმხრივ დიალოგში“ ევროპის საბჭოს, მინისტრთა კომიტეტს, საპარლამენტო ასამბლეასა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესს შორის. ეს სტატუსი საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართოს მთავრობათაშორის საქმიანობებში და ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების დიალოგს იმ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან, რომლებიც საზოგადოების თანამედროვე გამოწვევებზე მუშაობენ. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია ამჟამად ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ინსტიტუციადაა აღიარებული.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის მანდატი
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია წამყვანი სტრუქტურაა, რომელიც აერთიანებს მონაწილის სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ფორმატში იკვეთება ზოგადი სამოქმედო კურსი ევროპის საბჭოს „ოთხმხრივ დიალოგში“ ამ ორგანიზაციების ჩასართავად და მონაწილის სტატუსის მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური როლის გაძლიერებას.
ეს კონფერენცია განსაზღვრავს პოლიტიკის მიმართულებებს, ადგენს და ამტკიცებს სამოქმედო პროგრამებს.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია იკრიბება წელიწადში ორჯერ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგითი სესიების დროს.
დრ. ჟან-მარი ჰაიდტი, ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის პრეზიდენტი
ჟან-მარი ჰაიდტი ევროპის სოციალური განათლების ასოციაციის (FESET) მუდმივი წარმომადგენელია. ეს არის ევროპის უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ფედერაცია, რომელიც აწყობს სასწავლო კურსებს განათლებისა და სოციალური მუშაობის სფეროში.
დრ. ჟან-მარი ჰაიდტი 2009 წლის იანვარში აირჩიეს ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის თავმჯდომარედ. 2012 წლის ივნისში ის ევროპის საბჭოს გლობალური ურთიერთდამოკიდებულებისა და სოლიდარობის ევროპული ცენტრის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაასახელეს (ეს ცენტრი „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ცენტრის სახლითაა ცნობილი). ორივე თანამდებობა მოხალისეობრივია.
ჰაიდტი არის ასევე ასოციაცია Familles du Bas-Rhin (ქვემო რეინის მხარის ოჯახების) გენერალური დირექტორი (სტრასბურგი, საფრანგეთი). ეს არის 1946 წელს დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის ინტერესის სფეროა ოჯახი და მისი ცხოვრების ყველა ასპექტი. ამ ორგანიზაციის 40 ოფისში 400 ადამიანია დასაქმებული. ჟან-მარი ჰაიდტის მუშაობის საკვანძო ასპექტები მოიცავს ახალი კონცეპტუალური და სტრუქტურული პოლიტიკის დამკვიდრებას, პერსონალის რესტრუქტურიზაციას, ბიუჯეტის რესტრუქტურიზაციის საშუალებებს, განსაკუთრებით საჯარო თანხების განკარგვის სფეროში.
როგორ გავაკეთოთ განაცხადი
ევროპის საბჭო მონაწილის სტატუსს ანიჭებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც განსაკუთრებულად წარმომადგენლობითია ევროპულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ ამ სტატუსის მისაღებად ორგანიზაცია უნდა მუშაობდეს ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან მინიმუმ რამდენიმე ქვეყანაში.
გარდა ამისა, ამ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ რესურსი, მხარი დაუჭირონ წესდების პირველი მუხლის დებულებებს ევროპის საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერით და ამ საქმიანობის ევროპელი მოსახლეობისთვის გაცნობით.
განაცხადები მონაწილის სტატუსის მოსაპოვებლად იგზავნება ოფიციალური სახით. დოკუმენტები მზადდება ევროპის საბჭოს ოფიციალურ ენებზე: ინგლისურად ან ფრანგულად (სასურველია ორივე ენაზე). კომპლექტი უნდა შეიცავდეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წესდებას, წევრი ორგანიზაციების სიას , ადგილობრივ ენაზე დასახელებას ფრანგული ან ინგლისური თარგმანით და წევრთა მიახლოებით რაოდენობას ყველა იმ ორგანიზაციაში, რომლებიც ნახსენები იქნება აპლიკაციაში. დოკუმენტაციას უნდა ახლდეს ასევე ანგარიში მისი ბოლოდროინდელი საქმიანობის შესახებ და განცხადება, რომ ის იზიარებს ევროპის საბჭოს წესდების პრეამბულასა და მის პირველ მუხლში ჩამოყალიბებულ პრინციპებს.
მონაწილის სტატუსის მინიჭება ხდება წელიწადში ერთხელ, დეკემბრის თვეში. ვინაიდან შეფასების პროცედურას რამდენიმე თვე სჭირდება, განაცხადები უნდა გაიგზავნოს მარტის თვეში, რათა იმავე წლის დეკემბერში მოხდეს სტატუსის მინიჭება.
განაცხადის გაკეთებამდე ყურადღებით წაიკითხეთ რეზოლუცია (2003)8. ხშირად ვიღებთ განაცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომლებსაც ვერ მიენიჭება სტატუსი, რამდენადაც ისინი ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, ან მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ არა ევროპაში. მონაწილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ისეთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2014 წელს 24 მარტია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც გააკეთეს განაცხადი, მიიღებენ შეტყობინებას განაცხადის სტატუსის შესახებ.
ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 2913870/ 71/ 72