Back უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გაეცნენ ეკონომიკური დანაშაულების სასამართლოში განხილვის შესახებ პრაქტიკას

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გაეცნენ ეკონომიკური დანაშაულების სასამართლოში განხილვის შესახებ პრაქტიკას

ევროპის საბჭომ, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშროლობით, 2022 წლის 6-7 ოქტომბერს წინანდალში გამართა სამუშაო შეხვედრა „ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების სასამართლოში განხილვის საუკეთესო პრაქტიკა“.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეებისათვის და წარმოადგენს 2021 წლის 30 ივნისს იგივე თემაზე გამართული ონლაინ შეხვედრის გაგრძელებას. განსახილველი საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრის გამართვა მოითხოვა ბენეფიციარმა ინსტიტუტმა ეკონომიკური დანაშაულების  სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებული პრაქტიკული კითხვებისა და ქონების დაბრუნების სამართლებრივი ასპექტების უფრო სიღრმისეულად განხილვის მიზნით. შეხვედრაში მონაწილეობდა ორი პრაქტიკოსი მოსამართლე,  ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თავის მხრივ ასევე განიხილავენ ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების, ასევე ქონების უკან დაბრუნების საქმეებს. მათ მონაწილეებს გაუზიარეს შეხედულებები საკუთარი ქვეყნებისა და შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ექსპერტებთან ერთად განიხილეს ის ტენდენციები და გამოწვევები, რომლებსაც მოსამართლეები ხვდებიან საქართველოში და საერთაშორისო დონეზე ფულის  გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების საქმეების განხილვისას. აღნიშნული გამოწვევები გაანალიზდა ფინანსური გამოძიების კონცეფციის მიმოხილვისა და ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლისას მისი გამოყენების, მტკიცებულებების სტანდარტისა და მტკიცებულებების შეფასების, საერთაშორისო თანამშრომლობის (განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებთან), ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის ეფექტური მექანიზმის დანერგვის მეთოდების განხილვის გზით.

დისკუსიამ და კონკრეტული  შემთხვევების განხილვამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მისცა შესაძლებლობა ეპოვნათ შესაბამისი გადაწყვეტილებები იმ სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად, რომლებსაც ხვდებიან პროფესიული საქმიანობის  დროს ეკონომიური დანაშაულების საქმეების განხილვისას.

აღნიშნული შეხვედრა მიეკუთვნება აქტივობების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერას გააუმჯობესოს კორუფციის, ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში განხილვის შესაძლებლობები.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

წინანდალი, საქართველო 6-7 ოქტომბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page