Back გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობისთვის

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობისთვის

„გენდერული თანასწორობა თანამედროვე დემოკრატიის წინაპირობაა, რადგან ქალთა უფლებები ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია“, -  ხაზგასმით აღნიშნა კონგრესის მომხსენებელმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ეირინ დურუმ (საბერძნეთი, SOC/G/PD) სამუშაო შეხვედრის „გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტიანი ადგილობრივი მმართველობისთვის“ გახსნაზე, რომელიც 2022 წლის 4-5 აპრილს იმერეთის რეგიონში და 2022 წლის 11-12 აპრილს კახეთის რეგიონში გაიმართა.

სამუშაო შეხვედრების სერია  ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შერჩეულმა ცამეტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებმა ადგილობრივ პოლიტიკაში და პროგრამებში გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინების გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობისთვის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე. ასევე მონაწილეებმა განიხილეს მექანიზმები, რომლებიც დაეხმარებათ ინკლუზიური მიდგომით გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.

გაერთიანებული სამეფოსა და ესპანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის დანერგვის კარგ პრაქტიკას და შეთანხმდნენ სამომავლო ნაბიჯებზე. ყურადღება გამახვილდა მარგინალიზებულ და მრავალფეროვან თემებთან კონსულტაციებისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრისას ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების აუცილებლობაზე.

„ჩვენ ვიცით, რომ ეფექტური, ინკლუზიური, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მმართველობა აუცილებლად ითვალისწინებს გენდერულ თანასწორობის მეინსტრიმინგს ყველა დონეზე, რადგან ის ებრძვის დისკრიმინაციასა და გენდერული ნიშნით ძალადობას და ცდილობს აღმოფხვრას სექსიზმი“, - განაცხადა ეირინ დურუმ და მონაწილეებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის შემუშავებისკენ მოუწოდა.

ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page