Back ევროპის საბჭოს ონლაინ ღონისძიება - სამოქალაქო მონაწილეობის სათათბირო ფორმის „მოქალაქეთა ასამბლეის“ პრეზენტაცია

ევროპის საბჭოს ონლაინ ღონისძიება - სამოქალაქო მონაწილეობის სათათბირო ფორმის „მოქალაქეთა ასამბლეის“ პრეზენტაცია

ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში 17 თებერვალს გაიმართა ონლაინ ღონისძიება სამოქალაქო მონაწილეობის სათათბირო ფორმების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში, ევროპის საბჭომ პოლონურ ორგანიზაცია Center for Blue Democracy-სთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო სამოქალაქო ჩართულობის ფორმა - მოქალაქეთა ასამბლეა.

მოქალაქეთა ასამბლეის ინსტრუმენტი, რომელიც შემუშავებულია Center for Blue Democracy-ის მიერ, გვთავაზობს მეთოდოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს უკეთ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გაეცნონ ქალაქის პრობლემატურ საკითხს დარგის ექსპერტებისგან და გაცვალონ მოსაზრებები დაინტერესებულ მხარეებთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები  34 მუნიციპალიტეტიდან, ასევე  ექსპერტები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები.

დანიელ პოპესკუმ, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მონაწილეობითი დემოკრატიის მნიშვნელობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მან აღნიშნა, რომ მოქალაქეების მოლოდინებსა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ხშირად არსებობს ცდომილება და სწორედ აღნიშნულის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია, მონაწილეობითი დემოკრატიის ფორმების  დამკვიდრება და განვითარება.

ალექსანდერ კარნერმა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის სათათბირო ფორმების გამოყენება ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობად დაასახელა.  მონაწილეობითი დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა აქტიურად უჭერს მხარს და აძლიერებს არა მარტო ადგილობრივ ხელისუფლებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.  მან ასევე აღნიშნა, რომ სწორედ აქტიური მონაწილეობა ქმნის საფუძველს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის ნდობის კულტურის განვითარებისთვის.

დავით მელუამ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.  მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა  საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად, ევროპის საბჭოს პროექტი და მოცემული შეხვედრა აქტუალურია და თანხვედრაშია არსებულ პრიორიტეტებთან და საჭიროებებთან.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში, ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

ღონისძიების ჩანაწერს იხილავთ შემდეგ ბმულზე: https://fb.watch/bdWRPrcd4-/

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page