პროექტის აღწერა

პროექტი მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში. პროექტი ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. შესაბამისად, იგი მხარს უჭერს ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებასა და ამოქმედებას. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ პოლიტიკასა და სტრატეგიებში ადამიანის უფლებათა სტანდარტების, პრაქტიკისა და გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თვალსაზრისით.

პროექტს ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზნები
  • სამოქალაქო საზოგადოებამ და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეიმუშავეს და აამოქმედეს სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებული მარეგულირებელი ჩარჩო. [ახორციელებს დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატი]
  • გაძლიერდა ათეა-სა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობები, მათ პოლიტიკასა და სტრატეგიებში ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და პრაქტიკის ინტეგრირების კუთხით, ასევე მათი, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორების როლი ადამიანის უფლებების ადვოკატირების მიმართულებით. [ახორციელებს კონგრესი]
  • შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დანერგეს ინკლუზიური მიდგომა და გენდერული თანასწორობის პრინციპები; გაუმჯობესდა საქმიანობა ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით.  [ახორციელებს კონგრესი]
ბენეფიციარები
  • ადგილობრივი თვითმმართველობები
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • მოსახლეობის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, მათ შორის ქალები, ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფები (მაგ.: უმცირესობები, დევნილები და სხვა.)
ხანგრძლივობა

პროექტი გრძელდება 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები
  • საკრებულოები შეიმუშავებენ მარეგულირებელ ჩარჩოებსა და პრაქტიკებს, რათა უზრუნველყონ საზოგადოების გავლენის გაზრდა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
  • იზრდება საჯარო მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების შესაძლებლობები და ცნობიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმების შესახებ, რათა ისინი ეფექტურად გამოიყენონ პრაქტიკაში ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.
  • იქმნება ეფექტური დიალოგის პლატფორმები სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისთვის, რაც ხელს უწყობს ინკლუზიურ და მონაწილეობით რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებას.
  • ძლიერდება ადგილობრივი ხელისუფლების, მოქალაქეებისა და ათეა-ს შესაძლებლობები ადამიანის უფლებებით სარგებლობის, მათი დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით, საქართველოს სახალხო დამცველთან პარტნიორობითა და ევროპის საბჭოს არსებული სასწავლო პროგრამებისა და ინსტრუმენტების საფუძველზე.
  • ათეა ქმნის მუნიციპალიტეტების პლატფორმას, ცენტრალურ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგის წარმართვის მიზნით, ასევე ადამიანის უფლებების მიმართულებით კონკრეტული ადგილობრივი საჭიროებებისა და გამოწვევების წარმოსაჩენად.
  • შერჩეული მუნიციპალიტეტები იღებენ და აუმჯობესებენ ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს, პოლიტიკას და პრაქტიკას გენდერული თანასწორობის გაზრდის, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით.
  • ყალიბდება მასწავლებელთა ჯგუფი, რომელიც ახალგაზრდებისთვის ადგილობრივი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს ჩაატარებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უწყვეტი სწავლა და გაუმჯობესდეს ახალგაზრდული პოლიტიკა.
ბიუჯეტი

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,800,000 ევროს და ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

მეთოდოლოგია

პროექტი ხორციელდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: პროექტის შედეგებზე ერთობლივი პასუხისმგებლობის მხარდაჭერა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გავრცელება და ადგილობრივ დაინტერესებულ პირთა შორის (მათ შორის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებიდან) თანამშრომლობის ხელშეწყობა. დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტური, დაბალანსებული და ინკლუზიური სამოქალაქო მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ათეა-ს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, რათა წვლილი შეიტანონ ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ეროვნული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. პროექტის ღონისძიებები, რომლებიც პრიორიტეტული რეგიონების (თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) შერჩეულ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება, მოიცავს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, კასკადურ ტრენინგებს, ექსპერტთა მხარდაჭერას, დაინტერესებულ პირთა შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გამოცდილების გაცვლას, ასევე ადგილობრივი ინიციატივებისა და პარტნიორობის მხარდაჭერას. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობაზე.

 

პროექტის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და მისი დამატებითი პროტოკოლი ადგილობრივი ხელისუფლების საკითხებში მონაწილეობის უფლების შესახებ, კარგი მმართველობის 12 პრინციპი, განახლებული სამოქალაქო ჩართულობის კარგი პრაქტიკის კოდექსი, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2018)4 ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ და სახელმძღვანელო პრინციპები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. პროექტი მხარს უჭერს ადგილობრივი დემოკრატიის ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც ევროპის საბჭოს სხვადასხვა მონიტორინგის ორგანოს მიერ გამოვლინდა, ასევე კონგრესის თემატური და მონიტორინგის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულებას, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის იმპლემენტაციაზე.

გიფიქრიათ რომ თქვენს რაიონში, სოფელში ან ქალაქში არსებული პრობლემები თქვენს კონტროლს მიღმაა? სინამდვილეში, ჩვენ - ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენს თემში სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში.

ეს ანიმაციური ვიდეო გიამბობთ, თუ როგორ შეგიძლიათ მიაწვდინოთ თქვენი ხმა ადგილობრივ ხელისუფლებას, თანამშრომლობის იმ ფორმებით გამოყენებით რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გახლავთ განსაზღვრული.

იყავი აქტიური, შეცვალე შენი სამეზობლოს მომავალი! ✨ 


 

გამოგვყევით

  

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge