Back ევროპის საბჭო აგრძელებს მონაწილობითი დემოკრატიის აკადემიების სერიას იმერეთში

ევროპის საბჭო აგრძელებს მონაწილობითი დემოკრატიის აკადემიების სერიას იმერეთში

„ყველას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირ ან არაპირდაპირ, წარმომადგენლობითი ორგანოების მეშვეობით.”1

 

მონაწილეობითი დემოკრატიის რეგიონულმა აკადემიამ იმერეთში მოიცვა ისეთი თემები, როგორიცაა საერთაშორისო და ადგილობრივი თანამშრომლობის მოდელები ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ახალგაზრდობის ჩართულობის პლატფორმები, სამოქალაქო მონაწილეობა ურბანულ დაგეგმარებაში, მონაწილეობითი ბიუჯეტი, სამოქალაქო მონაწილეობის ინოვაციური მეთოდოლოგიები, როგორიცაა, მაგალითად, CivicLab. ამასთან, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა თავად შეემუშავებინათ ადგილობრივ დონეზე ჩართულობის სტრატეგიები სხვადასხვა მიმართულებით (მაგალითად, ნარჩენების მართვა).

 

ბაღდათის, ქუთაისის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, ხონის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის მერიების, საკრებულოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გაიფართოვეს ცოდნა მონაწილეობითი დემოკრატიის კონცეფციისა და ინსტრუმენტების შესახებ და ერთობლივად განსაზღვრეს  სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზები.

 

ღონისძიება გახსნეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ - ბატონმა ირაკლი ზარქუამ და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ბატონმა დავით მელუამ. ორივე მათგანმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისთვის სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

 

"ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისთვის არსებითია აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა, შესაბამისად, ევროპის საბჭოს ახალი პროექტის როლი ამ კუთხით მნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროექტის მისიასა და მიზნებს." - აღნიშნა ბატონმა ირაკლი ზარქუამ.

 

მონაწილეობითი დემოკრატიის აკადემიების სერია სხვა აქტივობებთან ერთად გაგრძელდება შემდეგი წლიდან საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობისა და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას საქართველოში.

 

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში, ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:

პროექტის აღწერა

----------------------------------------------------

1 კარგი მმართველობის 12 პრინციპი, პრინციპი 1

2-3 დეკემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page