Back ევროპის საბჭოს კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას საგრანტო მხარდაჭერას უწევს

ევროპის საბჭოს კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას საგრანტო მხარდაჭერას უწევს

2022 წლის 16 მაისს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას ერთობლივი პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში.

გრანტის მეშვეობით კონგრესი მიზნად ისახავს ათეა-სა და მის სამდივნოს საჭირო ინსტრუმენტებითა და ექსპერტიზით აღმოუჩინოს დახმარება, რათა გააძლიეროს ასოციაციის ადვოკატირების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ადამიანის უფლებათა სფეროში დიალოგისა და კონსულტაციების გამართვას.

გრანტი ასევე მხარს დაუჭერს ათეა-ს ძალისხმევას ცენტრალურ და ადგილობრივ პოლიტიკასა და ქმედებებში ადამიანის უფლებათა სტანდარტების ინტეგრირების კუთხით და ასოციაციას წევრ მუნიციპალიტეტებს შორის კარგი პრაქტიკის გაცვლის წახალისებაში დაეხმარება, რათა გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებების პრინციპების განხორციელება ადგილობრივ დონეზე.

ათეა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერების მიმართულებით კარგი მმართველობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში  თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასოციაცია ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, დეცენტრალიზაციის პროცესს, კონსულტაციებსა და დიალოგს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებულ ყველა სფეროში.

გრანტი, რომელიც 49,745 ევროს შეადგენს, 2022 წლის 16 მაისიდან 2023 წლის 30 ივნისამდე განხორციელდება.

პროექტს "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ახორციელებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

16 მაისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page