Back ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონფერენცია “სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ” თბილისში ჩატარდა

ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონფერენცია “სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ” თბილისში ჩატარდა

2022 წლის 22 სექტემბერს, თბილისში გაიმართა ევროპის საბჭოს საერთაშორისო კონფერენცია „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”, რომელიც მიეძღვნა სათათბირო მექანიზმების გამოყენებით ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის თემას. ღონისძიებას ესწრებოდა საჯარო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 80-ზე მეტი წარმომადგენელი,  რომლებმაც ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს სათათბირო პროცესებთან დაკავშირებული შესაძლებლობები.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ. მან საკუთარ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეფექტური დემოკრატიის მისაღწევად აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეებთან არა მხოლოდ კონსულტაციების გამართვა, არამედ მათი ჩართულობის გაძლიერება სათათბირო პროცესების საშუალებით.

ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა თბილისის მერიის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აღნიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი ამ მიზნის მიღწევაში. ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდერ კარნერმა აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა კარგი მმართველობისა და ფუნქციონალური დემოკრატიის მთავარი საყრდენია.

პირველი პანელის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო გამოცდილებას, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ენდი უილიამსონმა მონაწილეებს გააცნო კვლევის „სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკის მიმოხილვა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში“ შედეგები, რომელიც მიმოიხილავს სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკას ევროპის ქვეყნებში და ასახავს წარმატებული სათათბირო ინიციატივების ძირითად პრინციპებს. ვორარლბერგის/ავსტრიის რეგიონალური მთავრობის სამოქალაქო ჩართულობისა და მონაწილეობის ოფისის წარმომადგენელმა, მიშაელ ლედერერმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ავსტრიის 15 წლიანი გამოცდილება მოქალაქეთა ასამბლეის ორგანიზების კუთხით და გაუზიარა პრაქტიკული მოსაზრებები და მიღწევები. ღია მმართველობის პარტნიორობის ლოკალური პროგრამის უფროსი ოფიცრის, ჟოზე მარია მარინის პრეზენტაციით ღონისძიების მონაწილეები ასევე გაეცნენ ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის საქმიანობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო მონაწილეობისა და სათათბირო დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

შემდეგი პანელები მიეძღვნა ადგილობრივ გამოცდილებას, რომელთა ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ისაუბრა პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობითი მიდგომების გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეეხო ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო მონაწილეობასა  და ადამიანის უფლებათა დაცვას შორის არსებულ ურთიერთკავშირს. გარდა ამისა, რუსთავის, ონის, ახმეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ღონისძიების დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთ თემებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით არსებული გამოცდილება.

ღონისძიების  ფარგლებში 15-მა სამიზნე მუნიციპალიტეტმა, თბილისმა, მარნეულმა, ახმეტამ, ამბროლაურმა, ბოლნისმა, ბორჯომმა, გორმა, ზესტაფონმა, თელავმა, თეთრიწყარომ, ონმა, ოზურგეთმა, რუსთავმა, ჩოხატაურმა და წყალტუბომ ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ევროპის საბჭოს პროექტთან "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ თანამშრომლობის თაობაზე ეფექტური, მდგრადი და ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღებისა და ფუნქციონალური დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

22 სექტემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page