პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
31.03.2014
სასწავლო ვიზიტი ესპანეთში ციხის ჯანდაცვის საკითხებზე

2014 წლის 1-5 აპრილს, ევროპის საბჭო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს რვა მაღალი თანამდებობის პირისთვის, მათ შორის მინისტრისა და მისი მოადგილისთვის აწყობს სასწავლო ვიზიტს ესპანეთის ციხეებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ვიზიტის მიზანი ქართველი მონაწილეებისთვის ციხის ჯანდაცვის სისტემაში ესპანეთის გამოცდილების გაზიარებაა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ესპანეთის სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან, ვიზიტები მადრიდის ციხეებსა და პატიმრების მომსახურე საავადმყოფოებში. ბარსელონაში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს იუსტიციის დეპარტამენტში და ესტუმრება ბარსელონას ციხეებსა და სამოქალაქო საავადმყოფოებს.

სასწავლო ვიზიტის შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.  

სასწავლო ვიზიტი ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.