პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
20.01.14
საქართველო: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები მიესალმებიან გაუმჯობესებულ პოლიტიკურ კლიმატს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოწვევები რჩება

2014 წლის 13-16 იანვარს თბილისში ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მაიკლ აასტრუპ იენსენი (დანია, პარტიალიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) და ბორის ცილევიჩი (ლატვია, პარტია „სოციალისტური ჯგუფი“) მიესალმნენ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ გაუმჯობესებულ პოლიტიკურ კლიმატს, რაც ცხადად გამოჩნდა ვიზიტის დროს.  ამავდროულად, მათ ხაზი გაუსვეს, რომ რჩება მრავალი გამოწვევა, რასაც გადაჭრა სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას პოლიტიკური გარემოს ნორმალიზება. 

მრავალრიცხოვან საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება წინა ხელისუფლებისადმი წარდგენილ ბრალდებებს დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისა და უფლებების დარღვევის შესახებ, ასევე საპასუხო განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ამ საჩივართა უმეტესობა დაუსაბუთებელია, მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამგვარი განცხადებები გამოძიებული უნდა იქნას და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია რეაგირება.  მნიშვნელოვანია, რომ ეს გაკეთდეს გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, მაგრამ ასევე დროულად, რათა ეს რთული საკითხი საქართველოს პოლიტიკურ კლიმატში საბოლოოდ მოგვარდეს და გადაწყდეს. სამართალი უნდა აღსრულდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა გადალახონ უთანხმოება, ყურადღება მიმართონ საქართველოს მომავლისა და შემდგომი დემოკრატიული განვითარებისკენ“.

მომხსენებლებმა არ ისურვეს კომენტარის გაკეთება თბილისის მერის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების არსის შესახებ, თუმცა მათ შეშფოთება გამოთქვეს იმ ფაქტის გამო, რომ თბილისის პირდაპირი წესით არჩეულ მერს უფლებამოსილება შეუწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით იმ პირობებში, როდესაც მისთვის წარდგენილი ბრალი სასამართლოს განაჩენით ჯერ არ დამტკიცებულა. „ჩვენ არ შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ ამ გადაწყვეტილების კანონიერებაზე, მაგრამ ზოგადი პრინციპის თანახმად, სასამართლოს უნდა შეეძლოს ხალხის მიერ არჩეული მანდატის შეჩერება მხოლოდ კანონით განსაზღვრული, ძალზედ შეზღუდული და კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში,“ განაცხადეს თანამომხსენებლებმა. მომხსენებლები ასევე ინფორმირებულები იყვნენ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ. „ამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენ მოველით, რომ ეს ბრალდებები სრულად და გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული. ამასგარდა, პატიმართა წამებასთან დაკავშირებული სკანდალის გათვალისწინებით, აუცილებელია ციხეებში ვიდეო ჩანაწერების შეგროვებისა და შენახვის ნათლად განსაზღვრული სამართლებრივი წესების დაუყოვნებლივ შემოღება. თავად ის ფაქტი, რომ არ არსებობს კონკრეტული ვიდეო ჩანაწერი - მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, ან გააბათილებს წარდგენილ ბრალდებას, ჩვენთვის შემაშფოთებელია“, განაცხადეს მომხსენებლებმა. 

მომხსენებლები მიესალმნენ მთავრობის მიერ თვითმმართველობის რეფორმის ინიცირებას. „ეს რეფორმები ეხმაურება ჩვენს მიერ გაკეთებულ რამდენიმე რეკომენდაციას და ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით იმ ფაქტს, რომ მერები და გამგებლები თბილისის გარეთაც არჩეულები და არა დანიშნულები იქნებიან. თუმცა, ჩვენ გვაშფოთებს ის შესაძლებლობა, რომელიც საკრებულოებს გააჩნიათ, რაც გულისხმობს პირდაპირი წესით არჩეული მერებისა და გამგებლების გადაყენებას. „არჩეული პირების იმპიჩმენტი მხოლოდ კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ საფუძველზე უნდა მოხდეს,“ განაცხადეს მომხსენებლებმა. რეფორმების შინაარსის მოწონებასთან ერთად, მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს თავიანთ ღრმა შეშფოთებას იმ ფაქტის შესახებ, რომ  თვითმმართველობის ეს რეფორმები ჯერაც არ არის მიღებული და კვლავაც  განიხილება პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნები რამდენიმე თვეში ჩატარდება. „დემოკრატიის პრინციპები მოითხოვს, რომ სამართლებრივი საფუძვლები ნათლად იყოს ჩამოყალიბებული არჩევნების დანიშვნამდე ბევრად ადრე,“ ხაზგასმით აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.

მომხსენებლებმა ვრცლად განიხილეს უმციროსობებთან მიმართებაში არსებული სიტუაცია და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი შეუწყნარებლობის გამოვლინების ფაქტები ისეთი რელიგიური და სხვა უმცირესობების მიმართ, როგორიცაა ლგბტ ჯგუფი. ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ ხაზი გაუსვეს, რომ ყველა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ძალამ უნდა მოუწოდოს თავის მხარდამჭერებს, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და შემწყნარებლები იყვნენ განსხვავებული აზრის მიმართ. ამ კონტექსტში, მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ კერძოდ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, როგორც ერთ-ერთ ინსტიტუტს, რომელიც ქართული საზოგადოების მხრიდან დიდი პატივისცემით სარგებლობს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია საზოგადოებაში არსებული განსხვავებული აზრების მიმართ შემწყნარებლობისა და არაძალადობისკენ მოწოდებაში.

რაც შეეხება დეპორტირებული მესხების რეპატრიაციას, მომხსენებლები ინფორმირებულები იყვნენ კანონმდებლობის იმპლემენტაციის დაყოვნების და მათი დაბრუნების ხელისშემშლელი რამდენიმე სხვა პრაქტიკული დაბრკოლების შესახებ. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ამ ვალდებულების მნიშვნელობას და ხელისუფლებას სთხოვეს, დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა ეფექტურად იქნას უზრუნველყოფილი მესხი მოსახლეობის დაბრუნება. 

მომხსენებლები დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე ანგარიშს  ასამბლეის აპრილის სესიაზე წარადგენენ. ისინი საქართველოში ადგილობრივი არჩევნების გამართვამდე დაბრუნებას გეგმავენ.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.