პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
06.03.2014
პროფესიული განვითარების პროგრამა ციხის ექთნებისთვის

2014 წლის 7 მარტს, ევროპის საბჭო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და საქართველოს უნივერსიტეტი, ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებბულებებში“ ფარგლებში ციხის ექთნების პროფესიული განვითარების პროგრამას გახსნის.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან სამედიცინო პერსონალის საგანმანათლებლო საჭიროებებზე დისკუსიების შედეგად, ევროპის საბჭოს პროექტის გუნდმა, საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად, პროფესიული განვითარების ერთთვიანი, სრულყოფილი პროგრამა შეიმუშავა.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ციხეებში მომუშავე 75 ექთანი შეისწავლის საექთნო საქმის თანამედროვე პრინციპებს, პაციენტებთან კომუნიკაციას, ზოგად საექთნო ჩვევებს, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის წესებს, თავდაცვის ტექნიკას, ინფექციის კონტროლის საკითხებს, მედიკამენტების სწორად შენახვასა და ადმინისტრირებას,  პაციენტის საბაზისო მოვლასა და ძირითად საექთნო მანიპულაციებს. პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის „სიმულაციურ ჰოსპიტალში“, მულტიფუნქციური მანეკენებისა და სხვადასხვა სიმულატორების გამოყენებით. ექთნების სამუშაო პროცესიდან მოწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, მეცადინეობები პარასკევს, დღის მეორე ნახევარში და შაბათ-კვირას არის დაგეგმილი.

 პროფესიული განვითარების პროგრამის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ მოწვეული ადგილობრივი პროფესორები, ექთანთა ასოციაციის წევრები და უცხოელი სპეციალისტები. ხარისხიან სწავლებას საქართველოს უნივერსიტეტის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც შეუწყობს ხელს. .

პროგრამის დასასრულს, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ „კვალიფიციური ექთნის“ სტატუსს და სამსახურეობრივ წახალისებას. 

პროგრამა ციხის ექთნების პროფესიულ ჩვევებს აამაღლებს, განათლების უწყვეტობის პრეცედენტს შექმნის, ციხის ჯანდაცვის სისტემაში ევროპული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების განხორციელებას ჩაუყრის საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ციხეებში უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

აქტივობა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და  დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. იგი მიზნად ისახავს  თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.