პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
26.09.13
ევროპის საბჭო წვრთნის ქართველ ადვოკატებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის საკითხებში

2013 წლის 27 სექტემბერი, თბილისი, საქართველო – ევროპის საბჭო იწყებს ტრენერთა ტრენინგების სერიას ქართველი ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის. აღნიშნული ტრენინგები ფოკუსირებული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის გამოყენებაზე. ტრენინგებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ანტიდისკრიმინაციის სტანდარტებზე. ოთხდღიანი ტრენერთა ტრენინგი არის პირველი ნაწილი ტრენინგთა სერიიდან. იგი გაიმართება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შენობაში, თბილისში.

ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 20 ადვოკატი და ადამიანის უფლებათა დამცველი, რომლებიც საფუძვლიანი კონკურსით შეირჩნენ. ეს პროფესიონალები, რომლებიც აღიჭურვებიან განსაკუთრებული ცოდნით ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში,  შეავსებენ ტრენერთა ფონდს. ტრენერთა ტრენინგის სამი სესიის გავლის შემდეგ მონაწილეები ჩააბარებენ საბოლოო ტესტს. ამის შემდეგ ისინი მიღებულ ცოდნას გადასცემენ ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების უფრო დიდ ჯგუფებს და ასწავლიან მათ, თუ როგორ გამოიყენონ ადამიანის უფლებები და, კერძოდ, ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები ქართულ საქმეებში. ეს აგრეთვე გააუმჯობესებს ქართველი ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების უნარს, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნონ კარგად დასაბუთებული განაცხადები.

 

ევროპის საბჭოსთვის ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი იყო ჩვენი წევრი სახელმწიფოების ინსტიტუციათა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარება და ხელშეწყობა ევროპული სტანდარტების დაცვაში. დღეს საუკეთესო დროა იმისათვის, რომ საქართველოში გავაუმჯობესოთ იურიდიულ პროფესიათა შესაძლებლობები. ეს აისახება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატების მიერ გაგზავნილი განაცხადების ხარისხში“ – თქვა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ქ–ნმა კატერინა ბოლონიეზემ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიესალმა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ახალ ერთობლივ პროექტს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქართველი ადვოკატების ცნობიერების ამაღლებასა და კვალიფიკაციის მატებას ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპის შესწორებულ სოციალურ ქარტიაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადვოკატთა ასოციაციის მომავალი განვითარებისათვის“.

 

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში – „ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის“. ეს რეგიონული პროექტი ერთდროულად ხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.