პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
17.04.13
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები მიესალმებიან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს და მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხზე კონსენსუსის მიღწევას

სტრასბურგი, 16.04.2013 - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩი (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) მიესალმებიან მართლმსაჯულების სისტემაში ახლახანს მიღებულ რეფორმებს.

თავიანთი ოთხდღიანი ვიზიტის (2013 წლის 8-11 აპრილი) შემდეგ მათ განაცხადეს „ეს რეფორმები მნიშვნელოვნად გაზრდის მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, და ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ მოწოდებები ამასთან დაკავშირებით. ეს არის წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გატარება კვლავინდებურად წარმოადგენს უთანხმოების საგანს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ეძიონ კომპრომისი და შეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტად გაამყარებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ცნებას“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის გარშემო ბოლო დროინდელ დავასთან დაკავშირებით თანამომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ამის ძირითადი მიზეზი არასწორი წარმოდგენა და არასწორი აღქმა იყო. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქარტია არის ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს ეროვნულ ერთიანობას, და რომ საქართველოს კანონმდებლობა ენის შესახებ ბევრ ასპექტში გადაჭარბებით ასრულებს ქარტიის მოთხოვნებს. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სთხოვონ დახმარება ევროპის საბჭოს რათა, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად, ორგანიზება გაუკეთდეს ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას ყველა დაინტერესებული მხარისათვის, რაც უზრუნველყოფს არასწორი წარმოდგენებისა და გაუგებრობის აღმოფხვრას, იმისათვის რომ ქარტიის ხელმოწერა და რატიფიკაცია შესაძლებელი გახდეს უახლოეს მომავალში, რადგანაც ეს გახლავთ ქვეყნის მიერ გაწევრიანების დროს აღებული ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი ვალდებულება.

თანამომხსენებლებსს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მართლმსაჯულების სისტემაში წარსულში დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებული ზომების მიღებასთან დაკავშირებით. მათ აღნიშნეს ამ საკითხზე რეაგირების მნიშვნელობა და მიესალმნენ ხელისუფლების მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ მართლმსაჯულების აღსრულების ყველა სავარაუდო დარღვევის განხილვა იქნება მკაცრად მართლმსაჯულებრივი პროცესი. ამავდროულად, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავიდან უნდა იქნას არიდებული ამ პროცესის ნებისმიერი სახით პოლიტიზირებული აღქმა, ხოლო განხილვები სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებთან. ამდენად, თანამომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას გაითვალისწინონ ევროპის საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტების ცოდნა და გამოცდილება ამ საკითხზე კანონპროექტის მომზადებისას მანამ, სანამ ის გადაეგზავნება პარლამენტს.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებით თანამომხსენებლებს ეცნობათ ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებზე გადადგომისა თუ ოპოზიციიდან მმართველ უმრავლესობაში გადასვლის მიზნთ სავარაუდოდ განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მაშინ, როდესაც გადადგომა და პოლიტიკური კუთვნილების შეცვლა დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, მიუღებელია თუ ეს იქნება ძალდატანების შედეგი. ამდენად, თანამომხსენებლები მიესალმნენ პრემიერ-მინისტრის მიერ მათთვის გაცხადებულ ინფორმაციას, რომ იგი შექმნის მისი უშუალო დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სამუშაო ჯგუფს, იმისათვის რომ გამოძიებული იქნას ამდაგვარი ბრალდებები, მათი შეწყვეტისა, და საჭიროების შემთხვევაში გამოსწორების მიზნით. ასეთი სამუშაო ჯგუფის შექმნა იქნება ძლიერი გზავნილი ყველა მხარის წარმომადგენლებისათვის, რომ არ იქნება დაშვებული ზეწოლა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე.

საკუთარი დასკვნების შესახებ თანამომხსენებლები ზეპირი ანგარიშით წარსდგებიან მონიტორინგის კომიტეტის წინაშე საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ სესიაზე, რომელიც გაიმართება სტრასბურგში 2013 წლის 22-26 აპრილს.
 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.