2026 წლის 31 ივლისს, InoHub-ის პლატფორმის მეორე შეხვედრის ფარგლებში თბილისში გამართულ ახალგაზრდული ლაბორატორიების გამოფენაზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ცამეტმა ახალგაზრდულმა ლაბორატორიამ ადგილობრივი ინიციატივები, მიღწევები და საქმიანობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება წარმოადგინა.
გამოფენაზე ახალგაზრდულმა ლაბორატორიებმა მათი საქმიანობის პირველი ეტაპის დასასრული აღნიშნეს და შემდგომი ნაბიჯები დასახეს. ღონისძიებამ ახალგაზრდა ლიდერებს შესაძლებლობა მისცა, წარმოეჩინათ, როგორ გამოავლინეს ადგილობრივი გამოწვევები, მოერგნენ ცვალებად გარემოებებს და საკუთარი იდეები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ხელშესახებ ინიციატივებად გარდაქმნეს.
ამასთანავე, გამოფენამ დიალოგის, უკუკავშირისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობებიც შექმნა. ღონისძიებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური სფეროს, ბიზნესის, სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელს მოუყარა თავი. სტუმრებმა ახალგაზრდული ლაბორატორიების საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეს და პრაქტიკული მხარდაჭერისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„გამოფენამ შესაძლებლობა მომცა, არსებული რესურსები უფრო მკაფიოდ დამენახა და გამეაზრებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ჩვენს საქმიანობაში როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ორგანიზაციებს. რამდენიმე პოტენციურმა პარტნიორმაც გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ აღნიშნა ახალგაზრდული ლაბორატორიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
გასული წლის განმავლობაში ახალგაზრდული ლაბორატორიები ახლად შექმნილი არაფორმალური ახალგაზრდული ჯგუფებიდან აქტიურ ადგილობრივ გუნდებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც შეუძლიათ თემის საჭიროებების იდენტიფიცირება, ადამიანების გაერთიანება და პრაქტიკული ინიციატივების განხორციელება. ადგილობრივ დონეზე თავიანთ თემებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ისინი ხელს უწყობენ ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო მონაწილეობას, ციფრულ და მედიაწიგნიერებას, ინკლუზიურობასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას. ამავდროულად, ახალგაზრდები ივითარებენ ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარებს, თავდაჯერებულობასა და რწმენას, რომ საკუთარ თემებში დადებითი ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ.
„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა გვაჩვენეს, რომ ნამდვილი მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე იწყება. ისინი საკუთარ თემებთან თანამშრომლობდნენ, ადგილობრივ გამოწვევებს პასუხობდნენ და დაადასტურეს, რომ დემოკრატიული მონაწილეობა მხოლოდ ფორმალურ ინსტიტუტებს არ უკავშირდება, ის ასევე საჭიროებს ინიციატივას, თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობას,“ აღნიშნა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასლიჰან ოზდემირმა.
სხვადასხვა ინიციატივების გზით ახალგაზრდულმა ლაბორატორიებმა საქართველოს მასშტაბით ასობით ახალგაზრდა ჩართეს თავიანთ საქმიანობაში და წარმოაჩინეს, თუ როგორ შეუძლია მცირე, ადგილობრივ დონეზე მოქმედებას უფრო ფართო მონაწილეობის წახალისება და მეტი ჩართულობის ინსპირაცია. გამოფენა InoHub II-ის სამდღიანი შეხვედრის ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდული ლაბორატორიების წევრებმა, მენტორებმა და ექსპერტებმა საქმიანობის პირველი წლის შედეგები შეაჯამეს, მიღებულ გამოცდილებაზე იმსჯელეს და მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად საჭირო უნარები გაიძლიერეს.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან არსებული მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმისა და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.




