როგორ შეუძლიათ მომავალ იურისტებსა და ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებს ქალებისა და გოგონებისთვის მეტად უსაფრთხო ციფრული გარემოს ჩამოყალიბება?
საქართველოში სამართლისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მომავალმა პროფესიონალებმა მიიღეს საჭირო ცოდნა და უნარები, რათა ქალთა მიმართ ძალადობის ციფრულ განზომილებას მეტად ეფექტიანი და კოორდინირებული პასუხი გასცენ.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ტექნოლოგიები ცვლის არა მხოლოდ კომუნიკაციის ფორმებს, არამედ ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებსაც, რაც, თავის მხრივ, როგორც სამართლებრივ, ისე ტექნიკურ გადაწყვეტებს საჭიროებს.
კახეთში ჩატარდა საზაფხულო სკოლა “მართლმსაჯულების ტრანსფორმაცია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამართლებრივი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების საშუალებით” რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების 30-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სამართლისა და ტექნოლოგიების მომავალმა სპეციალისტებმა ისწავლეს, როგორ გააერთიანონ სამართლებრივი დაცვა და უსაფრთხო ტექნოლოგიური დიზაინი. სამართლის სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანის უფლებებზე, ციფრულ მტკიცებულებებსა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობაზე, ხოლო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებმა - დიზაინით გათვალისწინებულ უსაფრთხოებაზე, ციფრულ რისკებსა და პასუხისმგებლიან ხელოვნურ ინტელექტზე.
პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებში და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ციფრულმა პლატფორმებმა და ტექნოლოგიური პროდუქტების დიზაინმა ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას ან, პირიქით, შექმნას მისი განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემო.
როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა აღნიშნა: „ICT მიმართულების სტუდენტებთან ერთად მუშაობამ დამანახა, რომ ციფრულ სივრცეში ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მხოლოდ სამართლის ცოდნა არ კმარა. თუ გვინდა, ტექნოლოგიები ყველასთვის, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მეტად უსაფრთხო გავხადოთ, უნდა გვესმოდეს, რეალურად როგორ მუშაობს ის.“
მონაწილეები ასევე გაეცნენ ევროპის საბჭოს უახლეს სტანდარტებს, მათ შორის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს თანასწორობისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ასევე ქალთა და გოგონათა მიმართ ტექნოლოგიებით ჩადენილ ძალადობაზე ანგარიშვალდებულების შესახებ
როლური თამაშებისა და ICT სექტორის წარმომადგენლებთან დისკუსიების მეშვეობით, სტუდენტებმა ისწავლეს აღნიშნული სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენება და მათი კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ასახვა.
საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, მართლმსაჯულების გაძლიერება და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.




