პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
08.11.13
ევროპის საბჭოს წამების აღმკვეთი კომიტეტი ევროპის სახელმწიფოებს არასათანადო მოპყრობის მტკიცებულებების შესახებ გაუმჯობესებული ანგარიშისაკენ მოუწოდებს

სტრასბურგი, 06,11,2013 - ევროპის საბჭოს წამების აღკვეთის კომიტეტმა ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს მოუწოდა, რომ გამოძიებათა ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყონ პატიმრობაში მყოფ პირთა არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელ სამედიცინო მტკიცებულებათა შესახებ ზუსტი და დროული ინფორმაციის გამოქვეყნება.

დღეს გამოქვეყნებულ წლიურ ანგარიშში კომიტეტი აღნიშნავს, რომ არასათანაო მოპყრობის დამადასტურებელი სამედიცინო მტკიცებულებათა აღწერა და მათ შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება არ არის დამაკმაყოფილებელი ევროპის ბევრ სახელმწიფოში. არსებული პროცედურები ყოველთვის არ უზრუნველყოფენ პატიმრობაში მყოფი პირის მიერ მიღებული დაზიანებების სათანადოდ აღწერასა და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისათვის მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

 

კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესვლის შემდგომი 24 საათის განმავლობაში დაკავებულები უნდა გამოკითხოს და ფიზიკურად გასინჯოს კვალიფიცირებულმა  სამედიცინო პერსონალმა. ეს პროცედურა ასევე უნდა იყოს დაცული, როდესაც პატიმრობაში მყოფი პირი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საპოლიციო პატიმრობაში დაბრუნების შემდეგ, უკან ბრუნდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. კომიტეტი პრინციპულად ამჯობინებს, რომ შეწყდეს პატიმრობაში მყოფ პირთა საპოლიციო პატიმრობაში დაბრუნების პრაქტიკა, რადგან ამით იზრდება არასათანადო მოპყრობის რისკი; ალტერნატივად კომიტეტი მიიჩნევს დამატებით დაკითხვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.

‘სამედიცინო მტკიცებულებათა აღწერა და მათზე ინფორმაციის მიწოდება მეტად მნიშვნელოვანია შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემისათვის, რაც ყველაზე ძლიერი საშუალებაა სამომავლოდ  მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად. გადამწყვეტია, რომ ციხეებსა ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალმა ავტომატურად  მიაწოდოს არასათანადო მოპყრობის ნიშნების შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების დამოუკიდებელ ორგანოს. პრაქტიკაში ასე ხშირად არ ხდება’, - განაცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა ლატიფ ჰუსეინოვმა.

 

კომიტეტის წლიური ანგარიში შეიცავს ინფორმაციას 2012 წლის აგვისტოდან 2013 წლის ივლისამდე განხორციელებული 21 ვიზიტის შესახებ.

 

***

 

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან დასჯის აღკვეთის კომიტეტი ახორციელებს ვიზიტებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ევროპის საბჭოს წევრი 47 სახელმწიფოდან იმისათვის, რომ შეაფასოს, თუ როგორ პირობებში იმყოფებიან პატიმრობაში მყოფი პირები. ეს დაწესებულებები მოიცავენ: ციხეებს, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრებს, პოლიციის განყოფილებებს, ემიგრანტთა დაკავების ადგილებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სოციალური დაცვისათვის განკუთვნილ სახლებს. ყოველი ვიზიტის შემდეგ კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშს მოძიებული ფაქტებისა და რეკომენდაციების შესახებ.

 

საკონტაქტო პირი: ჯუზეპე ზაფუტო მედიის ოფიცერი: ტელ. +33 6 86 32 10 24

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.