პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
14.12.12
დიდი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებელი საქართველოსათვის: პოლიტიკურმა უმრავლესობამ და ოპოზიციამ კოჰაბიტაცია უნდა შეძლონ
სტრასბურგი, 11.12.2012 – 5-7 დეკემბერს თბილისსა და ქუთაისში ვიზიტის შემდგომ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  (PACE) თანამომხსენებელმა ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას მოუწოდა, პატივი სცენ ერთმანეთის კონსტიტუციით განსაზღვრულ როლებს და, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესების დასაცავად, უზრუნველყონ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კოჰაბიტაციის პროცესი. მან ასევე მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, დაძლიონ ის პოლარიზაცია და რიტორიკა, რაც ახასიათებდა წინასაარჩევნო პროცესს და თავი შეიკავონ ქმედებებისაგან, რომლებიც საჭიროების გარეშე გაზრდიან პოლიტიკური გარემოს დაძაბულობას. ამ კონტექსტში თანამომხსენებელი მიესალმება მმართველი უმრავლესობის გამოხატულ მზადყოფნას, მკაფიო გზავნილი გადასცენ მათ მხარდამჭერებს, რომ არ იქნება დაშვებული არანაირი ზეწოლა ადგილობრივი ხელისუფლების ოპოზიციურ წარმომადგენლებზე.

ვიზიტის დროს, ბატონმა ცილევიჩმა გამოთქვა შეშფოთება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლოდროინდელ დაპატიმრებებთან დაკავშირებით. ბატონმა ცილევიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუსჯელი არ უნდა დარჩეს არანაირი სახის დანაშაული, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ჩაიდინა იგი. თუმცა, ამასთან, მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, უზრუნველყონ, რომ სამართალი არ იყოს შერჩევითი ან რევანშისტული და ყველა გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს მიუკერძოებლად, გამჭვირვალედ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპების დაცვით. “ეს პროცესები არა მარტო სამართლიანი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, არამედ ასევე უნდა აღიქმებოდეს“, - ხაზი გაუსვა ბატონმა ცილევიჩმა.

ამავე დროს, მან გააფრთხილა პარლამენტი, არ გადააჭარბოს მის კონსტიტუციით განსაზღვრულ როლს და გამოთქვა იმედი, რომ პარლამენტის მიერ მიღებული სავარაუდო პოლიტიკურ პატიმართა სიის ყველა საქმე გაივლის სათანადო სასამართლო გადასინჯვას შემდომი ნაბიჯების გადადგმამდე, ან საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სერიოზულია ეს საკითხი, ამგვარი გადასინჯვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

თანამომხსენებელი მიესალმა ახალი მთავრობის ბევრ ინიციატივას რეფორმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით,  დაუსჯელობის აღმოფხვრას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებას, რადგან ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ქვეყანაში მიმდინარე მონიტორინგის პროცესში. იგი ასევე მიესალმა ხელისუფლების გამოთქმულ სურვილს, განიხილონ შესაძლებლობები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებისათვის.  

 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 

 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.