პ რ ე ს - რ ე ლ ი ზ ი

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში

ძმები კაკაბაძეების ქ. 26, 0108 თბილისი, საქართველო
ტელ.: 91 238 70 / 71 / 72 / 73
ფაქსი: 91 238 74
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
www.coe.ge

 
   
12.09.12
მომავალი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის
2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში და უტყუარი ტესტი იქნება იმის დასტურად, რომ ქვეყანა უერთგულებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციამ, რომელიც თბილისს 2012 წლის 11 და 12 სექტემბერს სტუმრობდა.

წინასაარჩევნო დელეგაცია მიესალმება კონკურენტული და პლურალისტული საარჩევნო გარემოს არსებობას, რაც ამომრჩეველს, არჩევნების დღეს, რეალური არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს მკაფიოდ გამოკვეთილ ალტერნატივათა შორის. თუმცა, დელეგაციამ სერიოზული შეშფოთება გამოხატა წინასაარჩევნო გარემოში მზარდი პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის გამო, რაც ჩრდილს აყენებს საარჩევნო კამპანიას. მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ კამპანიის ნეგატიურად წარმართვისაგან და აქცენტი იმაზე გააკეთონ, რომ ამომრჩევლებს თავიანთი შეხედულებები თუ საარჩევნო პლატფორმები გააცნონ, რაც მათი პირდაპირი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.

ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად საჭიროა ღია და ინკლუზიური წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა ექნება, რომ ამომრჩეველს თავისი პროგრამა და პოლიტიკური პრიორიტეტები გააცნოს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ და არჩევნებში მონაწილე თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი კონსტრუქციული და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რომელიც გაზრდის დაძაბულობას ან ხელს შეუშლის საარჩევნო პროცესში ყველა პარტიის სრულ და თანასწორ მონაწილეობას.

დელეგაცია ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანაბარი სათამაშო ველის შექმნა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის. დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გააგრძელოს და გააძლიეროს მოქმედება ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, დელეგაცია მთლიანად ადასტურებს საქართველოზე მომუშავე მომხსენებელთა მონიტორინგის კომიტეტის განცხადებას იმ ჯარიმებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დააწესა. ამასთან დაკავშირებით, დელეგაცია მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ არ დაეკისროს ჯარიმის გადახდა იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში არიან. იმავდროულად, დელეგაცია მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, მთლიანად დაემორჩილონ საარჩევნო კანონმდებლობას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონში უსამართლობის არსებობის აღქმა არ არის და არ შეიძლება გახდეს ამ კანონისადმი დაუმორჩილებლობის გასამართლებელი მიზეზი.

მასმედია გადამწყვეტ როლს თამაშობს საარჩევნო პროცესში, რადგან ხშირად სწორედ მედია არის ინფორმაციის უპირველესი წყარო, საიდანაც ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილე პარტიათა მოსაზრებებს ეცნობა. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ყველა პარტიას თანაბრად და სრულად მიუწვდებოდეს ხელი მედიასაშუალებებზე, ხოლო მედია მიუკერძოებლად აშუქებდეს მათ საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით, დელეგაცია მიესალმება „მასთ ქერი, მასთ ოფერ“-ის კანონის მიღების შედეგად გაუმჯობესებულ მედია გარემოს. დელეგაცია აღნიშნავს, რომ ეს კანონი არ ვრცელდება არჩევნების დღესა და არჩევნების შემგომ პერიოდზე. დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ განიხილოს იმ პერიოდის გახანგრძლივების შესაძლებლობა, რომლის განმავლობაშიც „მასთ ქერი, მასთ ოფერი“ სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება, ხოლო მედიასაშუალებებს მოუწოდებს ამ პრინციპების ნებაყოფლობით გატარებისკენ საარჩევნო პროცესის საბოლოო დასრულებამდე. იმავდროულად, დელეგაცია აღნიშნავს, რომ საკაბელო ტელევიზია არ არის საკმარისად გავრცელებული საქართველოს რამდენიმე რეგიონში. აქედან გამომდინარე, დელეგაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მედიასაშუალებებზე წვდომა იმ რეგიონებში, სადაც საკაბელო ტელევიზია სათანადოდ არ ვრცელდება.

დელეგაციამ აღნიშნა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შედეგად, ეფექტიანად წარიმართა ტექნიკური მზადება ამ არჩევნებისათვის. ამასთან დაკავშირებით, დელეგაცია განსაკუთრებით მიესალმება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ამომრჩეველთა სიების ხარისხი - ამან ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ნდობის ამაღლებას საარჩევნო პროცესისა და მისი შედეგების მიმართ. ეს ერთობლივი ძალისხმევა ხაზს უსვამს ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ პარტიას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარებას.

დელეგაცია მიესალმება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად. დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის არსებითია, რომ საზოგადოებას სჯეროდეს საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის. აქედან გამომდინარე, თითოეულმა პარტიამ თუ სახელმწიფო ორგანომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გაძლიერდეს საზოგადოების რწმენა საარჩევნო პროცესის მიმართ და თავი შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ქმედებისაგან, რაც ძირს გამოუთხრის მას. იმავე მიზეზით, დელეგაცია მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტს, არ დასვას კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნებისა და მისი შედეგების ლეგიტიმურობა მანამ, სანამ არჩევნები ჯერ არც კი ჩატარებულა.

საპარლამენტო ასამბლეა კვლავ დაბრუნდება საქართველოში, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად.


საკონტაქტო პირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE):
Nathalie Bargellini, tel. +33 6 65 40 32 82, Nathalie.Bargellini@coe.int

1. წინასაარჩევნო დელეგაციის წევრები იყვნენ: ლუკა ვოლონტე (იტალია,EPP/CD), დელეგაციის ხელმძღვანელი; ქრისტოფერ ჩოუპი (დიდი ბრიტანეთი, GDE) და მარიტჩელ მატეუ პი (ანდორა, ALDE); აგრეთვე ბორის ცილევიჩი (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) და მაიკლ ასტრუპ იენსენი (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE), რომლებიც არიან ასამბლეის საქართველოს თანამომხსენებლები.

საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს 318 წევრს 47 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტებიდან.
პრეზიდენტი: ჟან კლოდ მინიონი (EPP/CD) - ასამბლეის გენერალური მდივანი: ვოიცეხ სავიცკი
პოლიტიკური ჯგუფები: EPP/CD (ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი); SOC (სოციალისტური ჯგუფი);
EDG (ევროპული დემოკრატების ჯგუფი); ALDE (ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის);
UEL (ევროპელი მემარცხენეების გაერთიანებული ჯგუფი)

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.coe.int / www.coe.ge 
 
1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.



ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.