ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობანი

ევროპის საბჭოს ურთიერთობები ეუთოსთან

ევროპის საბჭო და უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ევროპაში (OSCE), თითოეული თავისებურად იღწვის ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე დაყრდნობით.

ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა კვლავაც შედეგზე ორიენტირებულია, მაღალ დონეზე რეგულარული შეხვედრების ფორმატითა და ყველა დონეზე კონსულტაციებით. მაგალითად, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოსთან, როგორიცაა საპარლამენტო ასამბლეა და ვენეციის კომისია დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით. ეს თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტერორიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა და არჩევნებზე დაკვირვება.

ორივე ორგანიზაცია უწყობს ხელს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, რადგან ისინი პოლიტიკური სტაბილურობის, სათანადო მმართველობის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურად მდგრადი საზოგადოებების სასიცოცხლო კომპონენტებია.

ევროპის საბჭოსა და ეუთოს შორის ურთიერთობათა ფორმულირება განხორციელდა 2000 წლის აპრილში მიღებული “თანამშრომლობის ფორმების საერთო კატალოგის” მეშვეობით. ის ემსახურებოდა არსებული ნაყოფიერი პრაქტიკის განგრძობას, ხელს უწყობდა დუბლირების თავიდან აცილებას და გზას უკაფავდა სამომავლო საქმიანობას. ევროპის საბჭოსა და ეუთოს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია და ერთობლივი განცხადება, რომელთაც ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მე-3 სამიტზე (ვარშავა, 2005 წლის 16 - 17 მაისი) ხელი მოაწერეს ეუთოს მაშინდელმა მოქმედმა თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გამოხატავდა ახალ ნაბიჯს ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობაში.

ამჟამად, ევროპის საბჭოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა ყურადღებას მიაპყრობს ოთხ პრიორიტეტულ სფეროზე: ტერორიზმთან ბრძოლა, ეროვნულ უმცირესობათა დაცვა, ადამიანებით ტრეფიკინგთან ბრძოლა და შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხები.

დოკუმენტები


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.