ევროპის საბჭო
მინისტრთა კომიტეტი

მინისტრთა კომიტეტის შესახებ

რა არის მინისტრთა კომიტეტი (CM) ?

მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. მინისტრთა კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის, სადაც, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, განიხილება წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი და ფორუმიც, სადაც ხდება საერთო-ევროპული მიდგომების ჩამოყალიბება მათთან მიმართებაში. საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით, მინისტრთა კომიტეტი დგას ევროპის საბჭოს ძირითად ფასეულობათა სადარაჯოზე და ზედამხედველობს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას.

2010 წლის მაისიდან მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფოა "ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია", რომელსაც წარმოადგენს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო მილოშოსკი.

ვინ არიან წარმოდგენილი მინისტრთა კომიტეტში ?

მინისტრები

ევროპის საბჭოს თითოეული წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მინისტრთა მოადგილეები

ორგანიზაციასთან მუდმივი კავშირის უზრუნველსაყოფად, 1951 წლის მაისში მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს, დაენიშნათ თავიანთი მუდმივი წარმომადგენლები. მუდმივი წარმომადგენლები სტრასბურგში ბინადრობენ. ისინი, ჩვეულებრივ, ელჩის, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმეთა რწმუნებულის (chargés d’affaires) რანგის მქონე მაღალჩინოსანი დიპლომატები არიან.

1952 წელს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ მინისტრს მიეცა უფლება, დაენიშნა მოადგილე. მოადგილეებს გააჩნიათ გადაწყვეტილების მიღების იგივე უფლებამოსილება, რაც მინისტრებს. ჩვეულებრივ, მოადგილე იმავდროულად არის წევრი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენელიც.

რანგით მეორე დელეგაციაში გახლავთ მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, რომელიც არ უნდა აგვერიოს მინისტრის მოადგილეში.

როდის იმართება მისი შეხვედრები ?

მინისტრები

კომიტეტი მინისტრთა დონეზე წელიწადში ერთხელ, მაისში ან ნოემბერში იკრიბება. ეს შეხვედრები, რომელთაც სხდომებს უწოდებენ, როგორც წესი, სტრასბურგში იმართება და ჩვეულებრივ ერთ დღეს, ან ორ არასრულ დღეს გასტანს.

თუმცა სხდომის ძირითადი ნაწილი, როგორც წესი, პოლიტიკურ დიალოგს ეთმობა, მინისტრები შესაძლოა შეეხონ საერთო ინტერესებში მოქცეულ ყველა საკითხს, ეროვნული თავდაცვის სფეროს გარდა.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ჩანაწერები კონფიდენციალურია, თითოეული შეხვედრის ბოლოს ქვეყნდება დასკვნითი კომუნიკე. მინისტრებს შეუძლიათ, ასევე, მიიღონ ერთი ან რამდენიმე განცხადება.

სხდომები ტარდება მინისტრთა კომიტეტის რეგლამენტის (მე-5 შესწორებული გამოცემა 2005) თანახმად. ისინი, ჩვეულებრივ, მინისტრთა კომიტეტის შეხვედრათა დარბაზში იმართება.

მინისტრთა მოადგილეები

მინისტრთა მოადგილეების დონეზე კვირაში ერთი შეხვედრა იმართება. მინისტრთა მოადგილეების შეხვედრები, ჩვეულებრივ, მინისტრთა კომიტეტის სხდომათა დარბაზში ეწყობა.

მოადგილეები კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ხვდებიან ერთმანეთს ასევე დამხმარე ჯგუფების ფარგლებშიც.

რას საქმიანობს მინისტრთა კომიტეტი ?

მინისტრთა კომიტეტი ასრულებს სამმაგ როლს:

  • როგორც მთავრობების წარმომადგენელი, რაც საშუალებას აძლევს მათ, თანასწორ საფუძველზე წარმოადგინონ ეროვნული მიდგომები ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ;
  • როგორც კოლექტიური ფორუმი, სადაც მუშავდება საერთო-ევროპული პასუხები მსგავს გამოწვევებზე;
  • საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, როგორც მცველი ფასეულობებისა, რისთვისაც არსებობს ევროპის საბჭო.

მინისტრთა კომიტეტის საქმიანობა და ღონისძიებები მოიცავს შემდეგს:

ახალ წევრ სახელმწიფოთა მიღება

მინისტრთა კომიტეტს გააჩნია უფლებამოსილება, მიიწვიოს ევროპული სახელმწიფოები ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად (წესდების მე-4; მე-5; მე-6 მუხლები).

მას შეუძლია, ასევე, შეაჩეროს ან შეწყვიტოს წევრობა.

ევროპის საბჭოში გაწევრიანების პროცესი იწყება მას შემდეგ, რაც მინისტრთა კომიტეტი მიიღებს გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს და საკონსულტაციოდ მიმართავს საპარლამენტო ასამბლეას (საწესდებო რეზოლუცია (51) 30). აღნიშნულთან დაკავშირებით, ასამბლეა იღებს მოსაზრებას, რომელიც ქვეყნდება მის მიერ მიღებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად.

თუკი მინისტრთა კომიტეტი გადაწყვეტს, რომ ესა თუ ის სახელმწიფო შეიძლება, გახდეს ორგანიზაციის წევრი, ის იღებს რეზოლუციას, რომელიც კანდიდატ სახელმწიფოს მოიწვევს გასაწევრიანებლად. მოწვევა აზუსტებს ამ სახელმწიფოსათვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობას საპარლამენტო ასამბლეაში და მისი შენატანის ოდენობას ორგანიზაციის ბიუჯეტში (წესდების მე-6 მუხლი). უკანასკნელ ხანს განხორციელებულ მოწვევებში ჩადებული იყო, ასევე, კანდიდატ სახელმწიფოში დემოკრატიული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებული გარკვეული წინაპირობები.

კანდიდატი სახელმწიფო ორგანიზაციის წევრი ხდება გაწევრიანების ინსტრუმენტის გენერალურ მდივანთან დეპონირების შემდეგ, რასაც, ჩვეულებრივ, ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ახორციელებს.

მეთვალყურეობა წევრ სახელმწიფოთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე

კონვენციებისა და შეთანხმებების შემუშავება

წესდების მე-15a. მუხლი ადგენს - ევროპის საბჭოს მიზნების მისაღწევად, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია მიიღოს სხვადასხვა ზომა, მათ შორის, შეიმუშაოს კონვენციები და შეთანხმებები.

ამჟამად, ხელმოსაწერად ღიაა 200-ზე მეტი კონვენცია. მათგან ყველაზე უკეთ ცნობილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

ნებისმიერი ხელშეკრულების ტექსტი საბოლოო სახეს იძენს მინისტრთა კომიტეტის მიერ მისი მიღების შემდგომ. ევროპის საბჭოს წესდების მე-20 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ტექსტის მისაღებად საჭიროა:

  • კენჭისყრაში მონაწილეთა ორი მესამედი უმრავლესობა;
  • ხმის მიცემის უფლებამოსილების მქონეთა უბრალო უმრავლესობა.

იგივე სახის უმრავლესობას საჭიროებს ნებისმიერი განმარტებითი მოხსენების გამოქვეყნება.

მინისტრთა კომიტეტი ადგენს, ასევე, ხელშეკრულების ხელმოსაწერად გახსნის თარიღს.

კონვენციები სავალდებულოა მხოლოდ იმ წევრი სახელმწიფოებისათვის, რომელთაც განახორციელეს მათი რატიფიცირება.

რეკომენდაციების მიღება წევრი სახელმწიფოებისთვის

წესდების მე-15b. მუხლის თანახმად, მინისტრთა კომიტეტი ამზადებს რეკომენდაციებს წევრი სახელმწიფოებისადმი იმ საკითხების გარშემო, რომლებზეც მინისტრთა კომიტეტში შეთანხმებულია საერთო პოლიტიკის გატარება.

წესდების მე-20 მუხლის თანახმად, რეკომენდაციის მიღება საჭიროებს:

  • ყველა დამსწრე წარმომადგენლის ერთსულოვნებას;
  • ხმის მიცემის უფლებამოსილების მქონეთა უბრალო უმრავლესობას.

თუმცა, 519-ე bis შეხვედრაზე (1994 წლის ნოემბერი), მინისტრთა მოადგილეებმა გადაწყვიტეს, გაემარტივებინათ კენჭისყრის პროცედურა და ამ მიზნით, მიაღწიეს ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომლის თანახმად, რეკომენდაციის მიღებისას არ გამოიყენება ერთსულოვნების წესი.

რეკომენდაციები არ არის სავალდებულო წევრი სახელმწიფოებისათვის.

1993 წლიდან მინისტრთა კომიტეტი იღებს ასევე რეკომენდაციებს ევროპის სოციალური ქარტიის განხორციელებაში მასზე დაკისრებული მოვალეობის შესაბამისად (ევროპის სოციალური ქარტიის 29-ე მუხლი).

1979 წლამდე მიღებული რეკომენდაციები გამოქვეყნებულია მიღებული დოკუმენტების რეზოლუციების სერიაში.

წესდება მინისტრთა კომიტეტს ანიჭებს უფლებამოსილებას, წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს მოსთხოვოს “ინფორმაცია რეკომენდაციებთან დაკავშირებით მათ მიერ გატარებული ზომების შესახებ” (მე-15b. მუხლი). 1987 წელს, 405-ე შეხვედრაზე, მინისტრთა მოადგილეებმა მიიღეს გზავნილი სამთავრობათშორისო კომიტეტებისადმი (მუდმივმოქმედი და ექსპერტთა კომიტეტები), გაეუმჯობესებინათ რეზოლუციებისა და რეკომენდაციების განხორციელების საზედამხედველო მექანიზმები.

ბიუჯეტის მიღება

წესდების 38-ე c. მუხლის თანახმად, გენერალური მდივანი ყოველწლიურად ამზადებს ბიუჯეტის პროექტს და მას დასამტკიცებლად გადასცემს მინისტრთა კომიტეტს. ბიუჯეტის პროექტი წარედგინება მოადგილეებს ყოველი წლის ნოემბერში. საქმიანობის პროგრამასთან ერთად, ის მიიღება რეზოლუციის სახით.

ფინანსური განაწესის (შესწორებული 1997 წლის მაისში) 29-ე მუხლის თანახმად, მინისტრთა მოადგილეებს დახმარებას უწევს 11 დამოუკიდებელი ექსპერტით დაკომპლექტებული საბიუჯეტო კომიტეტი, რომელთაც ნიშნავს მინისტრთა კომიტეტი წევრი მთავრობების წინადადებების გათვალისწინებით.

დამტკიცებული ბიუჯეტის შემოკლებული ვარიანტი ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით.

სამოქმედო პროგრამის დამტკიცება და მისი განხორციელება

1966 წლიდან ევროპის საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, დაგეგმვა და ბიუჯეტში ასახვა ხდება წლიური სამუშაო პროგრამის საფუძველზე, რომელიც გამოიცემა “სამთავრობათშორისო სამოქმედო პროგრამის” სახით.

მინისტრთა მოადგილეები პროგრამას იღებენ ყოველი წლის დასასრულს და ახორციელებენ მასზე ზედამხედველობას.

წესდების მე-17 მუხლზე დაყრდნობით, მინისტრთა კომიტეტს ენიჭება უფლებამოსილება, დააფუძნოს საკონსულტაციო ან ტექნიკური კომიტეტები, რის საფუძველზეც ფუნქციონირებს 30-მდე მუდმივმოქმედი და არაერთი ექსპერტთა სპეციალური (ad hoc) კომიტეტი, რომლებიც დახმარებას უწევენ მინისტრთა კომიტეტს სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში.

  • თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების განხორციელება
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულებაზე ზედამხედველობა

მე-11 ოქმით შესწორებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, მინისტრთა კომიტეტი მეთვალყურეობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულებას. აღნიშნული სამუშაო, ძირითადად, ხორციელდება ყოველწლიურად გამართული ოთხი რეგულარული შეხვედრის (ადამიანის უფლებათა შეხვედრები) ფარგლებში. მათი სამუშაო დოკუმენტაცია არის ანოტირებული დღის წესრიგი და სამუშაო პროგრამა. ეს მასალები და თითოეულ კონკრეტულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროა. მინისტრთა კომიტეტის მთავარი ფუნქცია არის წევრ სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებებების აღსრულება. თითოეული საქმის დასრულებისას კომიტეტი იღებს დასკვნით რეზოლუციას. ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, შესატყვისი იყოს შუალედური რეზოლუციის მიღება. ორივე სახის რეზოლუცია საჯაროა.(დამატებით ...)

როგორ ფუნქციონირებს მინისტრთა კომიტეტი ?

მინისტრთა კომიტეტი ფუნქციონირებს რამდენიმე დონეზე.

მინისტრთა და მათი მოადგილეების შეხვედრები რეგულირდება ევროპის საბჭოს წესდებითა და რეგლამენტით.

მინისტრები

თავიანთ ყოველწლიურ სხდომებზე მინისტრები მიმოიხილავენ ევროპული თანამშრომლობის მდგომარეობასა და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებს.

მინისტრთა მოადგილეები

მინისტრების სახელით მოქმედი მოადგილეები ასრულებენ მინისტრთა კომიტეტის ყოველდღიური სამუშაოს უმთავრეს ნაწილს.

ისინი ცალკე შეხვედრებს უძღვნიან ადამიანის უფლებათა საკითხებს (განჩინებათა აღსრულება) და წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებების შესრულებას.

1999 წლის სექტემბრიდან, მინისტრთა მოადგილეები იკრიბებიან ყოველ ოთხშაბათს.

თავმჯდომარეობა

მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გარდამავალია. ის იცვლება ყოველი მორიგი სხდომისათვის, ექვს თვეში ერთხელ, წევრ სახელმწიფოთა ინგლისური ალფავიტის თანმიმდევრობით. (დამატებით...…)

მინისტრთა მოადგილეების ბიურო

მინისტრთა მოადგილეების დახმარების მიზნით, 1975 წელს შეიქმნა ბიურო. 2001 წლის მაისიდან ის წარმოდგენილია ექვსი წევრით: მიმდინარე თავმჯდომარე, ორი ყოფილი თავმჯდომარე და სამი მომავალი თავმჯდომარე.

ბიურო დაახლოებით თვეში ორჯერ იკრიბება და ახორციელებს მართვისა და პროტოკოლის ფუნქციებს, მათ შორის, მინისტრთა კომიტეტის შეხვედრათა ორგანიზებას. ის გვევლინება, ასევე, სადისკუსიო ფორუმის როლში, რომელიც ახდენს საქმიანობის კოორდინირებას თავმჯდომარეთა მონაცვლეობის პირობებში, რაც კერძოდ უკავშირდება თავმჯდომარეობის პროგრამების შედგენასა და განხორციელებას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა თავმჯდომარეობებსა და მათ პროგრამებს შორის უწყვეტობის უზრუნველყოფაში ეკისრება მოადგილეთა ვიცე-თავმჯდომარეს, მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან თანამშრომლობით.

მომხსენებელი ჯგუფები, სამუშაო ჯგუფები და თემატური კოორდინატორები

მომხსენებელი ჯგუფების სისტემა შემოღებულ იქნა მოადგილეების მიერ 1985 წელს. ეს ჯგუფები ხელს უწყობენ მოადგილეთა შეხვედრების ორგანიზებას. ამ ჯგუფებში შედიან თვით მოადგილეები, რომელთაც ხშირად მათი წარმომადგენლები ცვლიან, ხოლო დახმარებას უწევენ სამდივნოს წევრები.

1999 წელს განხორციელდა მომხსენებელი ჯგუფების რეორგანიზება, იმისათვის რათა ასახულიყო ახალი ორგანიზაციული სტრუქტურა (ერთი ჯგუფი თითოეული დირექტორატისათვის), განსაკუთრებული საქმეებისთვის კი დანიშნულ იქნენ დამატებითი მომხსენებლები.

სამუშაო ჯგუფები იქმნება დროებით (ad hoc) საფუძველზე, დროის განსაზღვრულ პერიოდში კონკრეტული საკითხების მოგვარების მიზნით.

2006 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა რეორგანიზაციის მორიგი–პაკეტი. იხ. დოკუმენტი - CM(2005)181rev (2. დამატებითი ორგანოები).

სამდივნო

მინისტრთა კომიტეტის სამდივნო (SECCM) წარმოდგენილია გენერალური სამდივნოს დაახლოებით 26 წევრით. მას თავმჯდომარეობს “მინისტრთა კომიტეტის მდივანი”, რომელსაც გააჩნია გენერალური დირექტორის რანგი.

სამდივნო მომსახურებას უწევს მინისტრებისა და მათი მოადგილეების შეხვედრებს.

 


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.