წილობრივი შეთანხმება

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა

ადამიანთა დაცვა, ვინც არ უნდა იყვნენ და სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ევროპის საბჭოს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის წევრობა გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი მოქალაქეების პრეროგატივა ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებაში და ამ უფლებებს შორისაა ჯანმრთელობის დაცვის უფლება.

ჯანმრთელობის დაცვა და შესაბამისი კულტურის წახალისება ევროპის საბჭოს ქმედების ორი მიმართულებაა ჯანდაცვის ეთიკური პოლიტიკის შესამუშავებლად შემდეგი საშუალებების გამოყენებით:

  • ადამიანის უფლებების, სოციალური ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის პროგრამების შეთანასწორება;
  • წევრ სახელმწიფოთა ჯანმრთელობის პოლიტიკის სტრატეგიათა ჰარმონიზება უსაფრთხოებისა და ხარისხობრივი თვალსაზრისით;
  • პრევენციული მედიცინისა და ჯანმრთელობის სფეროში განათლების ხელშეწყობა; და
  • პაციენტთა უფლებების, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის ხელშეწყობა.

ჯანმრთელობის დაცვის უფლება ევროპის საბჭოს მიერ სოციალურ სფეროში წარმართული ღონისძიებების შუაგულში მდებარეობს. 47 წევრი სახელმწიფოს ეროვნული წარმომადგენლები მუშაობენ სპეციალისტ ექსპერტებთან, რათა შექმნან მინიმალური გარანტიები ადამიანის უფლებების და მათ შორის სწორედ პაციენტთა უფლებების ევროპულ დონეზე დასაცავად.

განიხილება ჯანმრთელობის დაცვის პრაქტიკული, ისევე როგორც ეთიკური და პოლიტიკური მიმართულებები. მოქალაქეთა და პაციენტთა დემოკრატიულმა მონაწილეობამ და სახელმწიფოთა მთავრობების, ექსპერტების, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებულმა ძალისხმევამ უნდა უზრუნველყოს ხილული წინსვლა ჯანმრთელობის სფეროში.

თემები

სისხლის გადასხმა

სისხლის გადასხმის სფეროში საქმიანობა ევროპის საბჭომ წამოიწყო 50-იან წლებში. სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი კომიტეტებია სისხლის გადასხმისა და იმუნოჰემატოლოგიის (SP-HM) და სისხლის გადასხმის მომსახურებათა ხარისხის უზრუნველყოფის (SP-R-GS). სისხლის გადასხმის პროგრამა მათ ჩამოაყალიბეს სამი ძირითადი პრინციპის გარშემო: ნებაყოფლობით და უსასაყიდლოდ გაცემული ადამიანური წარმოშობის ნივთიერებათა რეალიზაციის დაუშვებლობა, თვითკმარობის მიღწევის მიზანი და დონორთა და მიმღებთა თანაბარი დაცვა.

ამ მიზნებით, ევროპის საბჭომ ძალისხმევა მიმართა შემდეგ საკითხებზე: სისხლის გადახხმის ეთიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული ასპექტების შესწავლა, იმისათვის რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხარისხი, სისხლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ადამიანური წარმოშობის ნივთიერებათა გაფლანგვის თავიდან აცილება და პირიქით, მათი ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფა და სამეცნიერო მიღწევათა შესაძლო ეთიკური და ორგანიზაციული ზეგავლენის შესწავლა.

სათანადო მართვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

ევროპის საბჭო ყველაზე შესაბამისი ორგანიზაციაა მთლიანობაში მართვის საკითხებზე სამუშაოდ, კერძოდ კი დემოკრატიული მართვისა და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულების ჩათვლით.

წევრ სახელმწიფოთა დახმარების მიზნით, რათა მათ ხელი შეუწყონ ღირებულებებზე დაფუძნებულ მართვას ჯანმრთელობის სფეროში, რომელიც დაემყარება ადამიანის უფლებებს, თანასწორობას, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და მონაწილეობას, 2007 წლის სექტემბერში საქმიანობას შუდგა ახალი ექსპერტთა კომიტეტი.

ექსპერტთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სათანადო მართვის შესახებ (SP-GHC) დახმარებას გაუწევს წევრ სახელმწიფოებს “ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები ყველასათვის” მიდგომის განხორციელებაში, რომელიც გაითვალისწინებს უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესებს. ის ხელს შეუწყობს ასევე პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის სტანდარტების გამოვლენასა და დანერგვას და ჯანდაცვის მომსახურებათა ხელმისაწვდომობაში თანასწორობის უზრუნველყოფას.

ამდენად, ამ კომიტეტის საქმიანობა შეეხება ეთიკური მართვისა და ხელმძღვანელობის დიდხანს მივიწყებულ საკითხს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის განვითარებაში. ექიმსა და პაციენტს შორის ინდივიდუალურ ურთიერთობათა სფერო ჯეროვნად შესწავლილი გახლავთ (სამედიცინო დეონტოლოგია, ბიოეთიკა, ჯანმრთელობის მუშაკთა ქცევის კოდექსები), ჯანდაცვის პოლიტიკის სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა შედეგების კოლექტიური ასპექტები კი არასათანადოდ.

სამედიცინო პოლიტიკა, განვითარება და ხელშეწყობა

ევროპის საბჭომ ყურადღება მიაპყრო ჯანდაცვის პოლიტიკის რამდენიმე ასპექტს, როგორიცაა მედიის გათვითცნობიერებულობა მათი პასუხისმგებლობის შესახებ, უზრუნველყონ საჭირო ინფორმაცია საჭირო დროს, ან ჯანდაცვის მომსახურებებისა და პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესება. წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაში დღეისათვის თანამოარსებე მრავალკულტურულ საზოგადოებათა შესწავლის მეშვეობით, მხედველობაში იქნა ასევე მიღებული საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები და ამ ქვეყნების მიერ სამედიცინო მომსახურებებსა და ინსტიტუტებში ჯანდაცვის, ავადმყოფობის, გარდაცვალებისა და მკურნალობის მიწოდების სხვადასხვა კონცეფციის გამოყენების მათებური ხერხები, რამდენადაც აღნიშნულზე ახდენს გავლენას სხვადასხვა კულტურა თუ წარმომავლობა.

და ბოლოს, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საგანი გახდა აგრეთვე კრიტერიუმი ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიათა ხელშეწყობისათვის.

ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტთა კომიტეტმა (SP-MNH) დაასრულა მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ეთიკისა და ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოს შემუშავებაზე. მისი მიზანი იყო, განესაზღვრა ადამიანის/პაციენტის უფლებებისა და ეთიკური და სოციალური ინტეგრაციის კომპონენტების “ძირითადი კალათა”. რეკომენდაციის პროექტი მოწონებისათვის წარედგინა ჯანდაცვის ევროპულ კომიტეტს, მცირე ხანში კი ის დასამტკიცებლად გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს.

კომიტეტის სამუშაო დაეყრდნო ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ კონვენციაში, ისევე როგორც წევრი სახელმწიფოებისადმი მინისტრთა კომიტეტის Rec (2004)10 რეკომენდაციასა და მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ პირთა სამედიცინო მომსახურების შესახებ რეკომენდაციათა სერიაში ჩადებულ ზოგადეთიკურ და სამართლებრივ პრინციპებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, რომლებიც უკავშირდება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების დაცვას.

პალიატიური მკურნალობა

პალიატიური მკურნალობის საკითხი შორს სცდება პაციენტს და მოიცავს მის ოჯახის წევრებსა და მკურნალებს. ის სცდება ასევე ფიზიკურ ტკივილს და გულისხმობს პაციენტის ცხოვრების ხარისხის მთელ სპექტრს. შესაბამისად, ევროპის საბჭომ მხედველობაში მიიღო პალიატიური მკურნალობა გარემოს უფრო ფართო კონტექსტში, რომელშიც ის ტარდება.

პაციენტთა როლი

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქისა თუ პაციენტის ჩართულობის ცნება მუშავდება საზოგადოების ყველა დონისათვის, რათა სამედიცინო მომსახურება იქცეს მომხმარებელთა საჭიროებების უფრო შესაბამისად და დემოკრატიულად. პაციენტები და მოქალაქეები უფრო მომთხოვნი ხდებიან თავიანთ საჭიროებებთან და მათთვის გაწეული მკურნალობის ხარისხთან მიმართებაში. სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს უკეთესი ინფორმირებულობის საჭიროებას.

ორგანოთა გადანერგვა

ორგანოთა გადანერგვა ემსახურება სიცოცხლის გადარჩენას და უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის, ვინც ამას საჭიროებს. დღეს ორგანოთა გადანერგვა საუკეთესო არსებული ტექნიკაა ყველაზე ძირითად ორგანოთა უკმარისობის სამკურნალოდ, როგორიცაა ღვიძლი, თირკმელები, გული და ფილტვები. თანამედროვე ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მრავალ პაციენტს უკვე შეუძლია იქონიოს იმედი, გაიხანგრძლივოს სიცოცხლე და ისარგებლოს მისი მაღალი ხარისხით. იზრდება ასევე ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვის მნიშვნელობა და მოთხოვნა მათზე.

ევროპის საბჭოს თვალთახედვით, ორგანოთა გაღებისა და გადანერგვის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამდენად, გადანერგვის სისტემის გაუმჯობესება ნიშნავს სამედიცინო მომსახურებისა და სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფას.

მოწყვლადი ჯგუფები

სხვადასხვა ექსპერტთა კომიტეტი წლების მანძილზე მუშაობდა ჯანდაცვის პოლიტიკის ევროპული სტანდარტის შესაქმნელად საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების სამსახურში, როგორიცაა ქრონიკულად დაავადებულები, ხანდაზმულები, გარიყული ადამიანები, პატიმრები ან მარტოხელა მშობელთა ოჯახები.

თანამშრომლობის ღონისძიებანი

ჯანმრთელობის განყოფილებას განზრახული აქვს, თანამშრომლობის პროექტები დაუკავშიროს მინისტრთა კომიტეტის მიერ სამედიცინო მომსახურების სფეროში მიღებულ რეკომენდაციებს, რათა პრინციპები და სტანდარტები დაუკავშირდეს რეალური ცხოვრების პრაქტიკულ სიტუაციებს. ქვემოთ ჩამოთვლილია თანამშრომლობის ღონისძიებათა ზოგიერთი მაგალითი, რომლებიც ხელს უწყობენ მონაწილეთაAშორის გამოცდილების ურთიერთგაცვლის ფორუმის ჩამოყალიბებას.

სტაბილურობის პაქტის სოციალური ინტეგრაციის ინიციატივის ფარგლებში, ჯანმრთელობის განყოფილება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად, საქმიანობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის ქსელში. 2001 წელს დაარსებული ეს ქსელი ხელს უწყობს სტაბილურობის პაქტის, ევროკავშირის სტაბილიზებისა და ასოცირების პროცესისა და დუბროვნიკის მოწოდების მიზნების მიღწევას, რომლის მხარეებად გვევლინებიან ალბანეთის, ბოსნია ჰერცეგოვინის, ბულგარეთის, ხორვატიის, მოლდოვას, რუმინეთის, სერბეთის, მონტენეგროსა და “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის” მთავრობები.

ჯანმრთელობის სამსახურში სკოლების ქსელი ევროპაში (SHE) ახალი სტრუქტურაა ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლების ევროპული ქსელის (ENHPS) შემდგომ, რომელიც თავდაპირველად 1992 წელს დაარსდა. ეს გახლავთ სტრატეგიული პროგრამა ევროპის რეგიონისთვის, მხარდაჭერილი ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ. ნიდერლანდებში განთავსებული მისი ტექნიკური სამდივნო კოორდინირებას უწევს ღონისძიებებს. ამ ქსელის კონცეფცია ბუნებით ჰოლისტურია და მიზნად ისახავს არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას ჯანმრთელობის სფეროში, არამედ ასევე ჯანმრთელობის ხელშემწყობი სოციალური და ფიზიკური გარემოს წახალისებას. ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სექტორებთან თანამშრომლობით შემუშავებული ამგვარი სასკოლო პროგრამების ეფექტიანობის დამადასტურებელი ფაქტები იზრდება. თანადგომას სთავაზობენ ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელთაც სურთ ჯანმრთელობის ხელშემწყობი ეროვნული სასკოლო პროგრამების შემუშავება: ევროპის რეგიონის 40-ზე მეტი სახელმწიფო გახლავთ ამ ქსელის წევრი, რომელთაგან 39 არის ევროპის საბჭოს წევრი.

თანამშრომლობის ფარგლებში სხვა ღონისძიებებმა მოიცვა:

  • ორგანოთა გაცემისა და გადანერგვის მე-8 ევროპული დღე, ორგანიზებული 2006 წლის 12 ოქტომბერს სტამბულში (თურქეთი). ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ორგანოთა გაცემის შესახებ და დონორთათვის პატივის მიგებას ევროპის მასშტაბით;
  • კონფერენცია თემაზე: “პაციენტის უსაფრთხოება როგორც ევროპული გამოწვევა”, რომელიც შედგა 2005 წელს ვარშავაში;
  • სემინარები ორგანოთა გადანერგვის ორგანიზაციული საკითხების შესახებ საქართველოსა და მოლდოვაში 2005 წელს და უკრაინაში 2003 წელს;
  • სემინარი სისხლის გადასხმის ეკონომიკის შესახებ, გამართული 2005 წელს საბერძნეთში;
  • რჩევა რუმინეთის ხელისუფლებისადმი გადანერგვის სამსახურების რეორგანიზების შესახებ 2005 წელს;
  • ერთობლივი პროგრამა ევროკომისიასთან ერთად მოლდოვაში (2004-2006 წ), რომლის წამყვანი კომპონენტი გახლდათ სამედიცინო მომსახურება. მან შეიმუშავა ეროვნული სამოქმედო გეგმები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ორგანოთა გადანერგვის სფეროებში;
  • ევროპული კონფერენცია პალიატიური მკურნალობის ორგანიზების შესახებ, ორგანიზებული ბელგრადში 2005 წელს. მან მეტი თვალსაჩინოება მიანიჭა (2003)24 რეკომენდაციას პალიატიური მკურნალობის ორგანიზების შესახებ და აამაღლა პოლიტიკის განმსაზღვრელთა და სამედიცინო მომსახურების სპეციალისტთა ცნობიერება ამ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო.

ჯანდაცვის ევროპელ მინისტრთა კონფერენციები

ევროპის საბჭო რეგულარულად მართავს ჯანმრთელობის საკითხებზე პასუხისმგებელ ევროპელ მინისტრთა კონფერენციებს. მათი მიზანია ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა წინაშე ჯანმრთელობის სფეროში არსებული უმთავრესი პრობლემებისა და გამოწვევების შესწავლა და პირდაპირი კავშირების გაადვილება მინისტრებს შორის.

დღესდღეობით გაიმართა შვიდი ამგვარი კონფერენცია. ჯანდაცვის ევროპელ მინისტრთა მე-8 კონფერენცია თემაზე: “ადამიანები გადაადგილებისას: ადამიანის უფლებები და ჯანმრთელობის სისტემების წინაშე არსებული გამოწვევები”, გაიმართება 2007 წლის 22-23 ნოემბერს ბრატისლავაში (სლოვაკეთის რესპუბლიკა).

მე-7 კონფერენცია თემაზე: “ჯანმრთელობა, ღირსება და ადამიანის უფლებები – ჯანმრთელობის მინისტრთა როლი და პასუხისმგებლობა”, გაიმართა 2003 წლის 12-13 ივნისს ოსლოში. ღონისძიების მიზანი გახლდათ სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში ადამიანის უფლებათა განზომილების გაშუქება. თავიანთ დასკვნით დეკლარაციაში ევროპის ჯანმრთელობის მინისტრებმა მოუწოდეს ევროპის საბჭოსა და ევროპის ჯანდაცვის კომიტეტს, გააძლიერონ ძალისხმევა სამედიცინო მომსახურების სოციალური, ეთიკური და ადამიანის უფლებათა განზომილების კუთხით, რაც უკავშირდება სამედიცინო და ანალოგიური ტიპის მომსახურებებში ფაქტების მხედველობაში მიღებას.

დაკავშირება:

ჯანმრთელობის განყოფილება

მესამე გენერალური დირექტორატი – სოციალური ინტეგრაცია
ევროპის საბჭო
67075 სტრასბურგი cedex (საფრანგეთი)
health.division@coe.int
ფაქსი: +33 (0) 3 88 41 37 45

განყოფილების ხელმძღვანელი

პიოტრ მიერზევსკი
piotr.mierzewski@coe.int
ტელ: +33 (0) 3 88 41 30 04

ადმინისტრაციული ორგანიზება

სუზი მორგანი
susie.morgan@coe.int
ტელ: +33 (0) 3 88 41 35 48

ნატალი პუიონი
nathalie.pouillon@coe.int
ტელ: +33 (0) 3 90 21 54 82

ჯანდაცვის პოლიტიკის ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/health/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.