სახელშეკრულებო ოფისი

კონვენციების შესახებ ევროპის საბჭოს ხელშეკრულებათა სერიაში (CETS)

ევროპის საბჭოს წესდება, ხელმოწერილი 1949 წლის 5 მაისს ლონდონში, ორგანიზაციის მიზნის გაცხადების შემდგომ, 1-ლი მუხლის “ბ” პუნქტში ადგენს:

“ეს მიზანი მიღწეულ იქნება საბჭოს ორგანოების მეშვეობით, საერთო ინტერესის საკითხების განხილვისა და შეთანხმებებისა და ერთობლივი ქმედების გზით ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამეცნიერო, სამართლებრივ და ადმინისტრაციულ საკითხებში და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შენარჩუნებისა და შემდგომი რეალიზების საქმეში”.

“ევროპის საბჭოს ხელშეკრულებათა სერია” თავს უყრის 1949 წლიდან ორგანიზაციაში მიღებულ ყველა კონვენციას. მიუხედავად იმისა, თუ როგორ იწოდებიან ისინი (შეთანხმება, კონვენცია, ქარტია, კოდექსი და ა.შ.), ყველა ეს დოკუმენტი საერთაშორისო ხელშეკრულებებია ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ 1969 წლის ვენის კონვენციის გაგებით.

ევროპის საბჭოს კონვენციები მუშავდება და თანხმდება ევროპის საბჭოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში. მოლაპარაკებათა პროცესს ასრულებს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება შემოთავაზებული ხელშეკრულების საბოლოო რედაქციის მიღების შესახებ. ამის შემდგომ მიიღება შეთანხმება ხელშეკრულების ხელმოსაწერად გახსნის შესახებ საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოებისა თუ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ მის შემუშავებაში.

ევროპის საბჭოს კონვენციები ორგანიზაციის საწესდებო აქტები არ არის. იურიდიულ ხასიათს მათ ანიჭებს იმ წევრ სახელმწიფოთა თანხმობა, რომლებიც აწერენ ხელს და ახორციელებენ რატიფიცირებას.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს კონვენციათა უმრავლესობა ითვალისწინებს ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოების მიერთების შესაძლებლობას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი მოწვევის საფუძველზე და მიერთების პროცედურის გამოყენებით.

გენერალური მდივანი ევროპის საბჭოს კონვენციათა დეპოზიტარია. ის მეურვეობს ამ კონვენციებს და თავმჯდომარეობს მათ ხელმოწერასა და სარატიფიკაციო, მიღების, მოწონებისა თუ მიერთების სიგელების დეპონირების პროცესს. სწორედ გენერალური მდივანია პასუხისმგებელი კონვენციათა დასკვნით დებულებებში ნახსენებ შეტყობინებებზე და კონვენციათა რეგისტრირებაზე გაეროს სამდივნოში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 1965 წლიდან დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, კონვენციათა უმრავლესობას თან ერთვის განმარტებითი ანგარიშები. მათ ამზადებს ის ექსპერტთა კომიტეტი, რომელსაც დავალებული აქვს მოცემული კონვენციის შემუშავება და ქვეყნდება მინისტრთა კომიტეტის მიერ კონვენციის მიღების შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიშები არ არის ოფიციალური განმარტებისთვის ვარგისი ინსტრუმენტი, მათ, შესაძლოა, ხელი შეუწყონ კონვენციების დებულებათა განხორციელებას.

ევროპის საბჭოს ყეელა ხელშეკრულება, მათი განმარტებითი ანგარიშები, სახელმწიფოთა მხრიდან ხელმოწერისა და რატიფიცირების მდგომარეობა, მათ მიერ შესრულებული დეკლარაციები და დათქმები, ისევე როგორც სახელშეკრულებო ოფისის მიერ 2005 წლის შემდგომ გამოქვეყნებული შეტყობინებები ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს სახელშეკრულებო ოფისის ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ ევროპის საბჭოს ახალ ბროშურას: “მოკლედ სახელშეკრულებო ოფისის შესახებ” (ხელმისაწვდომი სახელშეკრულებო ოფისის ვებგვერდზე), ისევე როგორც შემდეგ პუბლიკაციას: ჯ. პოლაკევიჩი - “ხელშეკრულებათა შემუშავების პროცესი ევროპის საბჭოში”, 1999 წ. ევროპის საბჭოს გამომცემლობა.

სახელშეკრულებო ოფისის ვებგვერდი:

http://conventions.coe.int/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.