ადამიანის უფლებათა კომისარი

ბიოგრაფია


ბატონი თომას ჰამარბერგი ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობაზე არჩეულ იქნა 2005 წლის 5 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისმიერ. მან აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა ალვარო ხილ-რობლესი - პირველი კომისარი და 2006 წლის 1 აპრილს მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ბ-ნი ჰამარბერგი ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობაზე კანდიდატად წამოაყენა შვედეთის ხელისუფლებამ.

დანიშვნამდე, მან რამდენიმე ათწლეული მიუძღვნა ადამიანის უფლებების განმტკიცებას ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ის იკავებდა წამყვან თანამდებობებს, როდესაც გახლდათ სტოქჰოლმში მდებარე ოლოფ პალმეს სახელობის საერთაშორისო ცენტრის გენერალური მდივანი (2002-2005), შვედეთის მთავრობის ელჩი ჰუმანიტარულ საკითხებში (1994-2002), გენერალური მდივანი ორგანიზაციისა “Save the Children”, შვედეთი (1986-92) და ლონდონში მდებარე საერთაშორისო ამნისტიის გენერალური მდივანი (1980-86). ამ ორგანიზაციის სახელით, 1977 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

ამ წლების მანძილზე ბ-ნი ჰამარბერგს ეკავა, ასევე, რამდენიმე განსაკუთრებული თანამდებობა. 2001-2003 წლებში ის მსახურობდა რეგიონულ მრჩევლად ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის საკითხებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ბიუროში. რამდენიმე წლის მანძილზე გახლდათ შვედეთის პრემიერ-მინისტრის პირადი წარმომადგენელი გაეროს ბავშვებისადმი მიძღვნილ სპეციალურ სესიაზე, ისევე როგორც ასპენის ინსტიტუტის მრგვალი მაგიდების ორგანიზატორი თემაზე “ადამიანის უფლებები სამშვიდობო მისიების დროს”. 1996-დან 2000 წლამდე ის იყო კოფი ანანის დანიშნული წარმომადგენელი (SRSG) კამბოჯაში ადამიანის უფლებების სფეროში. მან მიიღო, აგრეთვე, მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთის მრავალმხრივი სამშვიდობო პროცესის მრგვალი მაგიდის მუშაობაში ლტოლვილთა შესახებ.

25 წლის მანძილზე, ბ-ნ ჰამარბერგს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ადამიანის უფლებების ამა თუ იმ საკითხზე, განსაკუთრებით ბავშვთა უფლებების, ლტოლვილთა მიმართებაში პოლიტიკის, უმცირესობების, ქსენოფობიის, ბოშათა უფლებების, ისევე როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების შესახებ. ის კარგადაა ცნობილი ასევე სხვადასხვა სამთავრობო და აკადემიურ ინსტიტუტებში ორგანიზებული პრეზენტაციებითა და ლექციებით ადამიანის უფლებების შესახებ.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.