კონგრესი

მოკლედ კონგრესის შესახებ

კონგრესი პლურალისტური დემოკრატიის აღმავლობისთვის

ევროპის საბჭოსთვის მუდამ სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა დემოკრატიის ხარისხს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე. სწორედ ამით აიხსნება მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის იმგვარ მოდელს, რომელიც უპასუხებს მოქალაქეთა მოთხოვნებს მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა.

1957 წელს ევროპის საბჭოს ფარგლებში დაარსდა ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა კონფერენცია. შემდგომში ის გარდაიქმნა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონფერენციად, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივი და რეგიონული თემების არჩეულ წარმომადგენლებს. მისი უმთავრესი ნამუშევარი - magnum opus - გახდა ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის ხელმოსაწერად ის გაიხსნა 1985 წლის 15 ოქტომბერს, ძალაში კი შევიდა 1988 წლის 9 სექტემბერს. ამ ინსტრუმენტის ხელმომწერი მხარეები იღებენ ვალდებულებას, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობით განამტკიცონ ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპი.

1994 წელს კონფერენცია შეცვალა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესმა - ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ. მისი მიზანია როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა თანასწორი წარმომადგენლობა და მოიცავს ორ პალატას:ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა და რეგიონთა პალატებს.

იმისათვის, რათა განმტკიცებულიყო კონგრესში რეგიონული მონაწილეობა და გაცხადებული პრინციპი მის წევრთა მანდატების არჩევითობისა, საწესდებო რეზოლუციამ (2000) 1 მეტი სიცხადე შესძინა კონგრესის ფუნქციონირებას.

არ არსებობს დემოკრატია ადგილობრივი დემოკრატიის გარეშე

  • კონგრესი, შესაბამისად, პოლიტიკური ასამბლეაა. მისი წევრები ფლობენ ადგილობრივი ან რეგიონული ხელისუფლების ორგანოს წევრებისთვის მახასიათებელ არჩევით მანდატს და მათი კონგრესისათვის შერჩევა ურთიეთგანსხვავებული პროცედურის საფუძველზე ხორციელდება. კონგრესის 318 ძირითადი წევრი, მათ იგივე რაოდენობის სათადარიგო წევრთან ერთად, წარმოადგენს ევროპის 200 ათასზე მეტ მუნიციპალიტეტსა და რეგიონს და დაჯგუფებულია ეროვნულ დელეგაციებსა თუ პოლიტიკურ ჯგუფებში. ამდენად, კონგრესი იდეალური ფორუმია დიალოგისათვის, სადაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლები იხილავენ საერთო პრობლემებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და შემდეგ თავიანთ შეხედულებებს აცნობენ ეროვნულ მთავრობებს.
  • როგორც ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ხელშემწყობი, კონგრესი დაარსებისთანავე შეუდგა საერთაშორისო ხელშეკრულებათა კორპუსის შექმნას, როგორიცაა ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომელიც ამ სფეროში გავლენიან საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს. ამის მსგავსად, ევროპული ქარტია რეგიონული თვითმმართველობის შესახებ, რომლის პროექტიც არსებობს, უნდა შეემატოს არსებულ მექანიზმს, რათა უფრო მეტად გამყარდეს რეგიონული დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები წევრ სახელმწიფოთა თავისებურებების გათვალისწინებით.

ადგილობრივი დემოკრატიის წინსვლის პირველმიზეზი

კონგრესი ევროპის საბჭოს ახალ წევრ სახელმწიფოებს დახმარებას უწევს ჭეშმარიტი ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის დამკვიდრებაში. ევროპის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ქომაგი, კონგრესი, სახელმწიფო მთავრობებსა და ტერიტორიულ ერთეულებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და კონსულტაციების წახალისების გზით, მხარში უდგას ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის უნარიანი ერთეულების ჩამოყალიბებას.

გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებში არსებული მდგომარეობის შესახებ “სამონიტორინგო მოხსენებების” მეშვეობით, კონგრესი ასრულებს ევროპაში ადგილობრივი დემოკრატიის მეთვალყურის ფუნქციას. ამ მხრივ, ის ამოწმებს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაში ჩადებული პრინციპებისა და ადგილობრივი დემოკრატიის ძირითადი პრინციპების განხორციელების ეფექტიანობას.

კონგრესი ახორციელებს, ასევე, ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების ზედამხედველობასა და საარჩევნო საკითხებში ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას.

იმ ფონზე, როცა ასპარეზზე გამოდიან ურთიერთგანსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური პროფილის მქონე ახალი სახელმწიფოები, მიმდინარეობს კონგრესის მიზნების გადაფასება და ახლებური განსაზღვრა. მაგალითად, კონგრესმა, რეგიონული და საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის წახალისების გზით, ახალ დემოკრატიულ სისტემებს უნდა გაუწიოს დახმარება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა ეფექტიან ორგანიზებაში.

კონგრესი აწყობს მოსმენებსა და კონფერენციებს ადგილობრივ თუ რეგიონულ დონეზე, რათა მოიცვას ფართო საზოგადოება, რომლის მონაწილეობაც კვლავაც ინარჩუნებს სასიცოცხლო მნიშვნელობას, თუკი მიზანია ნამდვილი დემოკრატიის აშენება და მოქმედებს მჭიდრო ურთიერთკავშირში ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებს.

და ბოლოს, ის აწვდის რეკომენდაციებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით.

სტრუქტურა

ძირითადი ორგანოების - ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონთა პალატების გარდა, კონგრესის საქმიანობა ასოცირდება რამდენიმე სხვა სამსახურთან თუ დაჯგუფებასთან, ესენია:

  • კონგრესის ბიურო
  • კომიტეტები - მუდმივმოქმედი; ინსტიტუციური; კულტურისა და განათლების; მდგრადი განვითარების; სოციალური ინტეგრაციისა
  • სამუშაო ჯგუფები - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩევით წარმომადგენელთა; დამიუკიდებელ ექსპერტთა; სპეციალური სამუშაო ჯგუფი რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სფეროში; საკანონმდებლო უფლებამოსილებით აღჭურვილ რეგიონთა; რეგიონთა კომიტეტის საკონტაქტო ჯგუფი
  • სამდივნო

კონგრესის წევრები ნებაყოფლობით საფუძველზე ერთიანდებიან ოთხი პოლიტიკური ჯგუფის ფარგლებში. ესენია:

  • დამოუკიდებელი და ლიბერალ-დემოკრატთა ჯგუფი - 87 წევრი (ILDG)
  • ევროპის სახალხო პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატთა ჯგუფი - 195 წევრი (EPP - CD)
  • სოციალისტთა ჯგუფი - 167 წევრი (SOC)
  • არც ერთ დაჯგუფებას მიკუთვნებული წარმომადგენლები - 187 წევრი (NR).

1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.