სახელშეკრულებო ოფისი

ხელშეკრულებათა განმარტებითი ლექსიკონი

მიღება: იხ. რატიფიცირება.

მიერთება: იხ. რატიფიცირება. მიერთება ჩვეული მეთოდია, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში ან მის ხელმოწერაში, შემდგომში შეუძლია დასთანხმდეს მის დებულებათა სავალდებულოობას. ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს გარკვეული სახელმწიფოების მიერთებას. ასეთ შემთხვევაში, ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ, მიუერთდნენ ხელშეკრულებას. მიერთება შეიძლება ასევე საჭიროებდეს მინისტრთა კომიტეტის შესაბამის მოწვევას დაინტერესებული სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე. ზოგადად, მიერთება ნებადართულია ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდგომ.

მიღება: მინისტრთა კომიტეტი ხელშეკრულებებს იღებს კენჭისყრაში მონაწილეთა ორი მესამედისა და კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მიღების შემდგომ, ხელშეკრულების ტექსტი საბოლოოა.

მოწონება: იხ. რატიფიცირება

შეტყობინება: დეკლარაცია, რომლის მეშვეობით სახელმწიფო გამოხატავს საკუთარ შეხედულებებს ხელშეკრულებასთან მიმართებაში, აცნობებს ახლადმიღებული ეროვნული კანონის შესახებ ან განმარტავს ეროვნული კანონის შინაარსს ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ასწორებს რატიფიცირებისას დაშვებულ შეცდომას ან ხარვეზს. შეტყობინებები, შესაძლოა, განხორციელდეს ხელშეკრულების დებულებებზე დაყრდნობით, მაგალითად, როდესაც სახელმწიფოს მართებს კომპეტენტური ეროვნული უწყების დასახელება, ან შემუშავდეს სპონტანურად სახელმწიფოების მიერ.

დეკლარაცია: შეტყობინება, რომლის მეშვეობით სახელმწიფო აზუსტებს მთლიანად ხელშეკრულებისა თუ ცალკეული დებულების მისეულ მნიშვნელობას ან საზღვრებს, ან განმარტავს მონაწილე მხარედ ქცევის მიზეზებს.

დეპოზიტარი: ევროპულ ხელშეკრულებათა დეპოზიტარი გახლავთ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. ის იღებს და ყველა სახელმწიფოს მიაწვდის ხელშეკრულებათა არსებობის ციკლთან დაკავშირებულ შეტყობინებებს, იქნება ეს ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება და მიერთება, დათქმა და დეკლარაცია და ა.შ. ის არის ხელშეკრულებათა მეთვალყურე.

ძალაში შესვლა: ხელშეკრულება ძალაში შედის მაშინ, როცა სახელმწიფოთა საკმარისი რაოდენობა გამოხატავს თანხმობას, გახდეს ხელშეკრულებით ვალდებული. ამის შემდეგ, ხელშეკრულება იძენს სამართლებრივ საფუძველს საერთაშორისო სამართლებრივ სისტემასა და ხელშემკვრელ სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემებში.

განმარტებითი ანგარიში: 1965 წლიდან, ყველა ახალ ხელშეკრულებას თან ახლავს განმარტებითი ანგარიში, რომელიც დეტალურად გადმოსცემს მისი შემუშავების ძირითად სტადიებს და მუხლობრივად განმარტავს ხელშეკრულების დებულებათა არსებობის საზრისსა და მნიშვნელობას. 2001 წლიდან მოყოლებული, ყეელა განმარტებითი ანგარიში საჯაროა. განმარტებითი ანგარიში არ არის ხელშეკრულების ოფიციალური განმარტებისთვის ვარგისი ინსტრუმენტი.

განმარტებითი განცხადება: დეკლარაცია, რომლის მეშვეობით სახელმწიფო განსაზღვრავს ხელშეკრულების დებულების მისეულ გაგებას.

ხელმოსაწერად გახსნა: ხელშეკრულების მიღების შემდეგ მინისტრთა კომიტეტი ხსნის მას ხელმოსაწერად კენჭისყრაში მონაწილეთა ორი მესამედისა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. (იხ. საწესდებო რეზოლუცია (93)27 მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო უმრავლესობის წესების შესახებ, მიღებული მინისტრთა კომიტეტის მიერ 1993 წლის 14 მაისს). ხელმოსაწერად გახსნის დღიდან, სახელმწიფოებს შეუძლიათ მისი ხელმოწერა და რატიფიცირება.

წილობრივი შეთანხმება: შეთანხმების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს, ჩაებას გარკვეულ საქმიანობაში, მიუხედავად სხვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან თავის შეკავებისა.

მხარე: ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სახელმწიფოები ან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აცხადებენ თანხმობას, იყვნენ ხელშეკრულებით ვალდებულნი და რომლებთან მიმართებაში ეს ხელშეკრულება არის ძალაში (იხ. ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ ვენის კონვენციის მე-2 მუხლი). ევროპულ ხელშეკრულებათა მხარეები შესაძლოა იყვნენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, არაწევრი სახელმწიფოები., ევროპული თანამეგობრობა.

ოქმი: სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელსაც შეაქვს დამატება, შესწორება ან ცვლილება ძირითად ხელშეკრულებაში.

რატიფიცირება: ქმედება, რომლის მეშვეობით სახელმწიფო გამოხატავს მის საბოლოო თანხმობას, იყოს ხელშეკრულებით ვალდებული. ამის შემდგომ, მონაწილე სახელმწიფოს მართებს ხელშეკრულების დებულებების დაცვა და მათი განხორციელება.

დათქმა: “სახელმწიფოს ცალმხრივი განცხადება, გამოხატული ამა თუ იმ ფორმით თუ სახელით, მის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან მასთან მიერთების დროს, რომელშიც ის აცხადებს, რომ გამორიცხავს ან შეასწორებს ხელშეკრულების ზოგიერთი დებულების იურიდიულ ეფექტს მასთან მიმართებაში” (იხ. ვენის კონვენციის მე-2 მუხლი).

ხელმოწერა: ქმედება, რომლის მეშვეობით სახელმწიფო გამოხატავს საკუთარ დაინტერესებას ხელშეკრულების მიმართ და სურვილს, გახდეს მისი მონაწილე მხარე. ხელმოწერის საფუძველზე სახელმწიფო ვალდებული არ არის ხელშეკრულებით. თუმცა, ის ვალდებულია, არ უგულებელყოს ხელშეკრულების საგანი და მიზანი, ვიდრე ცხადად არ მიუთითებდეს, რომ არ აპირებს, გახდეს მისი მონაწილე მხარე (ვენის კონვენციის მე-18 მუხლი).

ტერიტორიული განცხადება: განცხადება, რომლის ძალით სახელმწიფო განსაზღვრავს ტერიტორიასა თუ ტერიტორიებს, რომელთაც შეეხება ხელშეკრულება.

ხელშეკრულება: “საერთაშორისო შეთანხმება სახელმწიფოებს შორის, შესრულებული წერილობით და ნახელმძღვანელები საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, განივთებული ცალკე ინსტრუმენტში ან ორ ან მეტ ურთიერთდაკავშირებულ ინსტრუმენტში და ნებისმიერი კონკრეტული სახელწოდების მატარებელი (ვენის კონვენციის მე-2 მუხლი).

ევროპულ ხელშეკრულებათა სერია მოიცავს “კონვენციებს”, “შეთანხმებებს”, “ქარტიებს”, “კოდექსებს”, “ჩარჩო კონვენციებსა” და “სახელმძღვანელო კონვენციას”. ყველა ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი გახლავთ ხელშეკრულებები ვენის კონვენციის გაგებით.

ერთადერთი სხვაობა “კონვენციებსა” და “შეთანხმებებს” შორის არის ის ფორმა, რომლის მეშვეობით, სახელმწიფომ შეიძლება გამოხატოს თანხმობა მათი სავალდებულოობის შესახებ. შეთანხმებებს შესაძლოა ხელი მოეწეროს თანდართული დათქმით ან მის გარეშე, რაც შეეხება მათ შემდგომ რატიფიცირებას, მიღებასა თუ მოწონებას. კონვენციებს კი, პრინციპში, თან მოსდევს რატიფიცირების პროცესი.

იხილეთ დასკვნითი დებულებების ნიმუშები ევროპის საბჭოში გაფორმებული კონვენციებისა და შეთანხმებებისთვის.

ევროპის საბჭოში დადებული ხელშეკრულებები მრავალმხრივი ხელშეკრულებებია, რაც გულისხმობს, რომ ისინი გაფორმებულია ორზე მეტ სახელმწიფოს შორის. ორგანიზაციის ფარგლებში შემუშავდა მხოლოდ ორი ორმხრივი ხელშეკრულება. ისინი დაიდო ევროპის საბჭოსა და საფრანგეთს, ორგანიზაციის მასპინძელ სახელმწიფოს შორის: სპეციალური შეთანხმება ევროპის საბჭოს ადგილსამყოფლის შესახებ, 1949 წლის 2 სექტემბერს და დამატებითი შეთანხმება ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალური შეთანხმების ზოგიერთი დებულების შესწორების შესახებ, 1950 წლის 18 მარტს.

სახელშეკრულებო ოფისის ვებგვერდი:

http://conventions.coe.int/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.