ევროპის საბჭო
სამუშაო სტრუქტურები
 
  1. საპარლამენტო წარმომადგენლობა
  2. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი
  3. დამკვირვებლები
  4. პოლიტიკური ჯგუფები
  5. ბიურო
  6. მუდმივმოქმედი კომიტეტი
  7. ერთობლივი კომიტეტი
  8. ასამბლეის კომიტეტები
  9. კომიტეტების შემადგენლობა და მუშაობის მეთოდები
  10. საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა
  11. საგარეო ურთიერთობები
1.საპარლამენტო წარმომადგენლობა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აერთიანებს დეპუტატთა გარკვეულ რაოდენობას თითოეული წევრი სახელმწიფოდან და პრეზიდენტს, რომელიც ყოველ წელს აირჩევა მათი რიგებიდან მაქსიმუმ სამი პლენარული სხდომის ვადით. მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი 2010 წლის იანვრიდან არის მევლუდ ჩავუზოღლუ (თურქეთი, ევროპის დემოკრატიული ჯგუფი).

მინისტრთა კომიტეტისგან განსხვავებით, რომელშიც თითოეული სახელმწიფო ერთ ხმას ფლობს, საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენელთა რაოდენობა და შესაბამისად, ხმათა რაოდენობა განისაზღვრება ქვეყნის სიდიდის მიხედვით - ყველაზე დიდი რაოდენობაა 18, ყველაზე მცირე კი 2. იმის გათვალისწინებით, რომ წარმომადგენელთა და მათ შემცვლელთა ოდენობა თანაბარია, საპარლამენტო ასამბლეაში სულ 636 წევრია, რასაც ემატება 18 დამკვირვებელი.

საპარლამენტო ასამბლეაში მათი არჩევის წესს თითოეული წევრი სახელმწიფო დამოუკიდებლად განსაზღვრავს, რამდენადაც მათ ირჩევენ ან ნიშნავენ ეროვნული თუ ფედერალური პარლამენტების წევრთა რიგებიდან. თითოეულ ეროვნულ დელეგაციაში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნულ პარლამენტებში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა თუ ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას.

გაწევრიანების პროცესი, ჩვეულებრივ, იწყება შესაბამისი მიმართვით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისადმი, რომელიც მას განსახილველად გადასცემს მინისტრთა კომიტეტს. ეს უკანასკნელი საკონსულტაციოდ უხმობს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც, თავის მხრივ, შეისწავლის, აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი სახელმწიფო ყველა საჭირო მოთხოვნას. ამ მიზნით ხორციელდება საპარლამენტო კომიტეტების ადგილზე ვიზიტები და აგრეთვე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პატივდებულ იურისტთა ფაქტების მომკვლევი მისიები. მართალია, საწესდებო ვალდებულებას არ წარმოადგენს, ჩვეულებად იქცა, ასევე, ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოსათვის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მიღების მოთხოვნა. ამის საფუძველზე, საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული მოსაზრება განსაზღვრავს მინისტრთა კომიტეტის მიერ სახელმწიფოს მოწვევის საკითხს ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად.

  2. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა გაწევრიანების პროცესის გასაადვილებლად, 1989 წელს საპარლამენტო ასამბლეამ შემოიღო ე.წ. განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი, რომელიც მიენიჭებოდა ევროპის ყველა იმ არაწევრი სახელმწიფოს ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოს, რომელსაც ხელმოწერილი ჰქონდა ჰელსინკის საბოლოო აქტი (1975 წ.) და პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის. ამ სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო.

ბელორუსის ეროვნულ ასამბლეას აღნიშნული სტატუსი მიენიჭა 1992 წლის 16 სექტემბერს, თუმცა, ბიუროს 1997 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით, ის შეჩერებულად გამოცხადდა. საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული სტუმრის სტატუსის მქონე დელეგაციებს გააჩნიათ ადგილების იგივე რაოდენობა, რაც ექნებოდათ ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად გახდომის შემთხვევაში (თუმცა, შემცვლელების გარეშე).

განსაკუთრებული სტუმრები საპარლამენტო ასამბლეასა და მის კომიტეტებში სარგებლობენ მრავალი უფლებით (გარდა ერთობლივი, სამონიტორინგო და საპროცედურო წესებისა და იმუნიტეტების კომიტეტებისა), ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლებათა გამოკლებით.

  3. დამკვირვებლები

ასამბლეას, ბიუროს წინადადებით, შეუძლია დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება ევროპის საბჭოს იმ არაწევრ სახელმწიფოთა ეროვნული პარლამენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ დამკვირვებლის სტატუსის შესახებ მინისტრთა კომიტეტის საწესდებო რეზოლუცია (93) 26 - ის 1-ლ პარაგრაფში ჩამოყალიბებულ პირობებს.

ასამბლეას შეუძლია, განსაზღვროს დამკვირვებელი დელეგაციების (კანადა, ისრაელი, მექსიკა) წევრთა რაოდენობა. შესაბამის პარლამენტებს არ მოეთხოვებათ რწმუნებათა სიგელების გადაცემა ასამბლეის პრეზიდენტისადმი, თუმცა, თავიანთ დელეგაციათა დაკომპლექტებისას, მათ უნდა ასახონ მათ წიაღში არსებული აზრთა სხვადასხვა მიმდინარეობა.

ამგვარ დელეგაციათა წევრებს აქვთ უფლება, დაესწრონ ასამბლეის სხდომებს, თუმცა, ხმის მიცემის უფლების გარეშე. ასამბლეის პრეზიდენტის შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ სიტყვით გამოსვლაც.

მათ ასევე შეუძლიათ, დაესწრონ კომიტეტების შეხვედრებს, როგორც ამას განსაზღვრავს რეგლამენტის 47.5 -–ე პუნქტი.

(წყარო:ასამბლეის რეგლამენტის მე-60 პუნქტი).

  4. პოლიტიკური ჯგუფები
ზეეროვნული, ევროპული ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, საპარლამენტო ასამბლეაში იმთავითვე მიესალმებოდნენ პოლიტიკური ჯგუფების შექმნას და 1964 წლიდან, მათ რეგლამენტით ენიჭებათ გარკვეული უფლებები. დღეისათვის ასამბლეაში ხუთი პოლიტიკური ჯგუფია:სოციალისტთა ჯგუფი (SOC), ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (EPP/CD), ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისათვის (ALDE), ევროპის დემოკრატიული ჯგუფი (EDG) და გაერთიანებულ ევროპელ მემარცხენეთა ჯგუფი (UEL). პოლიტიკურ ჯგუფებს მართებთ ევროპის საბჭოს ფასეულობათა დაცვა, როგორიცაა პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს სულ მცირე ექვსი სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენელი სულ მცირე ოცი დეპუტატი. ასამბლეის წევრებს ენიჭებათ ჯგუფის არჩევანის თავისუფლება. გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ შეუძლიათ დაესწრონ ამა თუ იმ ჯგუფის შეხვედრებს და არ არიან შეზღუდული თავიანთი პარტიული კუთვნილებით, არამედ შეუძლიათ შეარჩიონ ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები ქმნიან ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტს.
  5. ბიურო
  საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, 20 ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელები ან მათი წარმომადგენლები, ასამბლეის ძირითადი კომიტეტების თავმჯდომარეებთან ან მათ მოადგილეებთან ერთად, ქმნიან ასამბლეის ბიუროს. დიდ სახელმწიფოებს გააჩნიათ მუდმივი ადგილი ბიუროში, პატარები კი ადგილს მონაცვლეობით იკავებენ. ბიუროს მოვალეობებს არაერთი განეკუთვნება:ასამბლეის დღის წესრიგის მომზადება, დოკუმენტების გადაცემა კომიტეტებისადმი, ყოველდღიური საქმიანობის მოწესრიგება, თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვ.
  6. მუდმივმოქმედი კომიტეტი
მუდმივმოქმედი კომიტეტი აერთიანებს ბიუროსა და ეროვნული დელეგაციების თავმჯდომარეებს. როგორც წესი, ის მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ორჯერ და მის უმთავრეს მოვალეობას შეადგენს საპარლამენტო ასამბლეის სამსახურში ქმედება სხდომებს შორის პერიოდში. ყოველ წელს, მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთ-ერთი შეხვედრა, სხვა კომიტეტების ზოგიერთ შეხვედრასთან ერთად, ჩვეულებრივ, იმართება რომელიმე წევრ სახელმწიფოში.
  7. ერთობლივი კომიტეტი

ერთობლივი კომიტეტი უზრუნველყოფს მინისტრთა კომიტეტსა და ასამბლეას შორის სათანადო ურთიერთობების გამყარებასა და მათი საქმიანობის კოორდინირებას.

ის აერთიანებს თითოეული წევრი მთავრობის წარმომადგენელსა და ასამბლეაში მათი შესაბამისი რაოდენობის წარმომადგენელს (ბიუროს წევრები და თითოეული წევრი სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაციის ერთი წარმომადგენელი, რომელიც არ არის ბიუროს წევრი).

  8. ასამბლეის კომიტეტები

რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს 10 კომიტეტს შემდეგი შემადგენლობით:

  • პოლიტიკურ საქმეთა:84 ადგილი;
  • იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა: 84 ადგილი;
  • ეკონომიკურ საქმეთა და განვითარების: 84 ადგილი;
  • სოციალურ, ჯანმრთელობისა და ოჯახურ საქმეთა:84 ადგილი;
  • მიგრაციის, ლტოლვილთა და მოსახლეობის: 84 ადგილი;
  • კულტურის, მეცნიერებისა და განათლების: 84 ადგილი;
  • გარემოს, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივ და რეგიონულ საქმეთა: 84 ადგილი;
  • ქალთა და მამაკაცთა შორის თანაბარ შესაძლებლობათა: 84 ადგილი;
  • ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულების (სამონიტორინგო): 84 ადგილი.
  • რეგლამენტის, საიმუნიტეტო და ინსტიტუციურ საქმეთა: 27 ადგილი;

ეს ჩამონათვალი არ მოიცავს ბიუროსა და მუდმივმოქმედ კომიტეტს. პერიოდულად იქმნება უშუალოდ ბიუროსადმი დაქვემდებარებული სპეციალური კომიტეტები. კომიტეტმა, მისი საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა შექმნას ერთი ან მეტი მუდმივმოქმედი ან სპეციალური ქვეკომიტეტი, რომლის ზუსტ შემადგენლობასა და უფლებამოსილებას შექმნისას განსაზღვრავს. მის წევრთა რაოდენობა არ უნდა სცილდებოდეს მთავარი კომიტეტის წევრთა რაოდენობის ერთ მესამედს. ქვეკომიტეტები არ იღებენ მოხსენებებს. მათი გადაწყვეტილებები გადაეცემა იმ პლენარულ კომიტეტს, რომლის მიერაც ის იქნა შექმნილი.

  9. კომიტეტების შემადგენლობა და მუშაობის მეთოდები

კომიტეტები კომპლექტდება ასამბლეის წევრების ან მათი შემცვლელებისგან. ყველა კომიტეტის (ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულების კომიტეტის გარდა, რომელიც ცნობილია ასევე, როგორც სამონიტორინგო კომიტეტი) წევრებს ჰყავთ იგივე უფლებებით აღჭურვილი შემცვლელები მათივე სახელმწიფოს დელეგაციიდან, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე მათი რიგებიდან არ აირჩევა. სხვა დეპუტატებს იგივე დელეგაციიდან შეუძლიათ შეცვალონ კომიტეტის წევრები, რომლებიც ადგილზე არ იმყოფებიან.

კომიტეტების წევრობის კანდიდატებს წარადგენენ ეროვნული დელეგაციები და ამტკიცებს საპარლამენტო ასამბლეა. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისს წარმოადგენს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა საზედამხედველო კომიტეტი (სამონიტორინგო კომიტეტი).

ყოველი სხდომის დასაწყისში, ე.ი. ყოველი წლის იანვარში, ხდება კომიტეტების შემადგენლობის გადახალისება და ისინი ირჩევენ თავიანთ თავმჯდომარეებსა და სამ ვიცე-თავმჯდომარეს. თავმჯდომარის ხელახლა არჩევა შესაძლებელია ორჯერ, ე.ი. თანამდებობაზე რჩება მხოლოდ მაქსიმუმ სამი სხდომის მანძილზე.

ჩვეულებრივ, კომიტეტი მუშაობას შეუდგება, როდესაც ადგილზეა მის წევრთა ერთი მესამედი.

დებატები, როგორც წესი, დახურულია, თუმცა, კომიტეტს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ დაუშვას მის სხდომებზე ნებისმიერი პიროვნება. ეროვნულ დელეგაციათა მდივნებს შეუძლიათ, დაესწრონ ყველა კომიტეტის შეხვედრებს, გარდა სამონიტორინგო კომიტეტისა.

  10. საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა
  საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების პანევროპული პროგრამა (DEMOPARL) ღიაა როგორც წევრი სახელმწიფოებისათვის, ასევე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსის მქონე სახელმწიფოებისათვის. პროგრამა, კერძოდ, მოიცავს სამ სფეროს:დეპუტატებისა და საპარლამენტო კადრების ინფორმირება და წვრთნა; მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობა საკანონმდებლო სფეროში, მხარდაჭერა დოკუმენტაციის მიწოდებასა და შეხვედრების ორგანიზებაში.
  11. საგარეო ურთიერთობები

საპარლამენტო ასამბლეის საგარეო ურთიერთობები მოიცავს კავშირებს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების პარლამენტებთან, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებთან და საერთაშორისო სამთავრობათშორისო ორგანიზაციებთან და მათ უძღვება ასამბლეის ბიურო.

ეროვნულ პარლამენტებთან ურთიერთობების გარდა, რომელთაც არეგულირებს წევრობის, განსაკუთრებული სტუმრისა თუ დამკვირვებლის სტატუსის განმსაზღვრელი დებულებები, საპარლამენტო ასამბლეას გააჩნია კავშირები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა საპარლამენტო ასამბლეებთან, როგორიცაა ევროპარლამენტი, დასავლეთ ევროპის კავშირი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, საპარლამენტთაშორისო კავშირი, ბენილუქსი, ჩრდილოეთის საბჭო, შავი ზღვის აუზის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა, დსთ და სხვ.

მრავალი წლის მანძილზე, საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენდა ზოგიერთი სამთავრობათშორისო ორგანიზაციის საპარლამენტო ასპარეზსაც, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ამყარებდა ასევე მჭიდრო კავშირებს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკთან და გაეროს მრავალ სპეციალიზებულ სააგენტოსთან.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.