წილობრივი შეთანხმება

სოციალურ უფლებათა ხელმისაწვდომობა

სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობა

სოციალური დაცვის ეფექტიანი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უჭირს საკუთარ უფლებათა მოთხოვნა, ევროპის საბჭოს სოციალური ინტეგრაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია.

მრავალი ევროპული სახელმწიფოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ევროპის საბჭომ შეიმუშავა გარკვეული რეკომენდაციები სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის საკითხზე მომუშავე სპეციალისტთა ჯგუფის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები და ანგარიშები, რომლის დროსაც თავი მოიყარეს ეროვნულმა ექსპერტებმა ევროპის საბჭოს რამდენიმე წევრი და დამკვირვებელი სახელმწიფოდან, სოციალური სფეროს მკვლევარებმა და არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.

ამ ჯგუფის საქმიანობა დაეხმარა ასევე სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის ევროპული ცენტრის (ვენა, ავსტრია) მკვლევარს პიტერ მელვინს, შეემუშავებინა ანგარიში თემაზე “სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობის წინაღობები ევროპაში”.

განსახლების ხელმისაწვდომობა

ხელმისაწვდომი ფასის მქონე და სათანადო განსახლება ხარისხიანი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მილიონობით ადამიანს ევროპის მასშტაბით მწირ საცხოვრებელ პირობებში უწევს არსებობა ან საერთოდ არ გააჩნია თავშესაფარი. ევროპის საბჭო ხელს უწყობს ევროპაში ყველა ადამიანის, განსაკუთრებით კი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის განსახლების ხელმისაწვდომობას.

განსახლების ხელმისაწვდომობის პროგრამა წამოწყებულ იქნა როგორც საბჭოს ახალი სამოქმედო სფერო 1999 წელს, რომელიც აცნობიერებდა სათანადო განსახლების მნიშვნელობას მოქალაქეთათვის, რაც მათ მისცემდა საშუალებას, ესარგებლათ სათანადო საცხოვრებელი სტანდარტებით და ყოფილიყვნენ სოციალურად აქტიურნი. წამოწყებულ იქნა საფუძვლიანი პროგრამა უმთავრესი მიზნით, უზრუნველეყო განსახლების ხელმისაწვდომობა საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

2004 წლის ნოემბერში ევროპის საბჭომ ჩამოაყალიბა სპეციალისტთა ჯგუფი განსახლების პოლიტიკის შესახებ სოციალური ინტეგრაციისათვის (CS-HO), რომლის მიზანს წარმოადგენდა განსახლების პოლიტიკის ზოგიერთ პრობლემურ სფეროში შესაბამისი ზომების შემოთავაზება იმისათვის, რათა მოწყვლად ჯგუფებს მისცემოდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ განსახლების უფლებით და ეცხოვრათ სათანადო საცხოვრებელ პირობებში.

სპეციალისტთა აღნიშნული ჯგუფის საქმიანობის მიზანი იყო კონკრეტული ზომებისა და პოლიტიკის ფორმულირება განსახლებით უზრუნველყოფის, დაფინანსებისა და სახელმწიფო დახმარების სფეროებში, რათა მოწყვლად ჯგუფებს მისცემოდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ განსახლების უფლებითა და საცხოვრისის უსაფრთხო ფლობით.

სხვადასხვა ჯგუფის მიუღებლობა და გარიყვა, მაგალითად, სიღარიბის, რასიზმისა თუ ქსენოფობიის გამო, სოციალური ინტეგრაციის წინაღობებია. შესაბამისად, ამ ჯგუფს დაევალა განსახლების პოლიტიკის საჭირო ზომების შემოთავაზება, რომელთაც შეეძლებათ სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

დასაქმების ხელმისაწვდომობა

დასაქმება ერთ-ერთი უმთავრესია სოციალურ უფლებათაგან. ევროპაში მილიონობით ადამიანი უმუშევარია ან ემუქრება უმუშევრად დარჩენა. შესაბამისად, ევროპის საბჭო ხელს უწყობს დასაქმების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. მრავალი ევროპული სახელმწიფოს წარმატებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ევროპის საბჭოში შემუშავდა გარკვეული რეკომენდაციები დასაქმების ხელმისაწვომობის გაუმჯობესების მიზნით.

დასაქმების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ექსპერტთა კომიტეტმა (CS-EM) მოამზადა სახელმძღვანელო ნორმები დასაქმების განვითარების ადგილობრივი პარტნიორებისათვის. ისინი განსაკუთრებით კარგად პასუხობენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ სახელმწიფოთა შრომის ბაზრებზე არსებულ სიტუაციებს.

სპეციალისტთა მეორე ჯგუფმა (CS-MA) მოიძია გზები დასაქმების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით ყველაზე მეტად გარიყული და არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ციხიდან გათავისუფლებული პირები, ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლნი, უსახლკარო ადამიანები თუ ნარკოტიკების ამჟამინდელი ან ყოფილი მომხმარებლები. 2004 წლის გაზაფხულზე ჯგუფმა დაასრულა მუშაობა პოლიტიკის გამტარებელ პირთათვის განკუთვნილ ანგარიშზე და სახელმძღვანელო ნორმებზე.

ამ სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში გასატარებლად, ევროპის საბჭო ახორციელებს გარკვეულ მხარდამჭერ ღონისძიებებს, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში. ის გულისხმობს თანამშრომლობის ადგილობრივი ქსელების შექმნას დასაქმებისთვის ან დამსაქმებელი სამსახურების თანამშრომელთა წვრთნისთვის. გამოქვეყნდა ასევე მენეჯმენტში საწვრთნელი სახელმძღვანელო სოციალური, ჯანმრთელობისა და დასაქმების სამსახურების თანამშრომელთათვის.

ევროპის საბჭო ჩაბმულია აგრეთვე დასაქმების სფეროში თანამშრომლობის პროცესში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის - ე.წ. “ბუქარესტის პროცესში”, რამდენადაც ის წამოწყებულ იქნა 2003 წელს ბუქარესტში, დასაქმების შესახებ მინისტრთა კონფერენციის მსვლელობისას. მისი მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უმუშევრობასთან ბრძოლა თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის მეშვეობით სტაბილურობის პაქტით მოსარგებლე ქვეყნებს შორის.

2005 წელს “სოფიის დასკვნების” შესაბამისად შესწორებული “ბუქარესტის პროცესი” მიზნად ისახავს:

  • დასაქმების სფეროში ეროვნული სტრატეგიების კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ ინტეგრაციასა და რეგიონულ სტაბილურობას დასაქმების მაღალი მაჩვენებლებითა და ნაყოფიერებით;
  • შრომის ბაზრის ადაპტირების უნარის ხელშეწყობას, განსაკუთრებული აქცენტით დასაქმების ხელმისაწვდომობის გაადვილებაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის;
  • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას დასაქმების ეროვნულ სტრატეგიებში;
  • დასაქმების საჯარო სამსახურების ეფექტიანობისა და მათი წვდომის შემდგომ გაუმჯობესებას.

სოციალურ მომსახურებათა ხელმისაწვდომობა

სოციალური მომსახურებები, როგორიცაა ხანდაზმულთა და ბავშვთა მოვლა ან სამსახურის ძიებაში დახმარების აღმოჩენა, ადამიანებს უადვილებს სოციალურ უფლებათა ხელმისაწვდომობას. მათი როლი უმთავრესია სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაში.
სოციალური მომსახურების სისტემები ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში არ არის თანაბრად განვითარებული, მაგრამ ისინი ყველანი მსგავს გამოწვევებს აწყდებიან. უზენაესი მიზანი უმაღლესი ხარისხის ყოვლისმომცველ სოციალურ მომსახურებათა ყველასათვის ხელმისაწვდომობის მიღწევაა ნებისმიერ წევრ სახელმწიფოში.

გასულ წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება სოციალურ მომსახურებათა მიწოდების თვალსაზრისით გახლდათ მათი კლიენტზე ორიენტირებულობის ზრდა. სოციალური უზრუნველყოფის სამსახურები უნდა მიესადაგონ მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებს. მომსახურებათა ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მდგომარეობს მომხმარებელთა ჩართვაში მათი განსაზღვრის, მართვის, განხორციელებისა და შეფასების პროცესში. მომხმარებელთა ჩართულობა ასევე აუმჯობესებს მათ ავტონომიურობას და ზრდის საზოგადოებაში, როგორც ერთ მთელში მათი მონაწილეობის ხარისხს.

2001 წლიდან პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას მიმართავს სოციალურ მომსახურებებში მომხმარებლის მონაწილეობაზე. სამთავრობათშორისო სპეციალისტთა ჯგუფი სოციალურ მომსახურებებში მომხმარებელთა ჩართვის შესახებ (CS-US) დაარსდა ევროპული კონტინენტის მასშტაბით მოქმედ სოციალურ მომსახურებებში მომხმარებელთა მონაწილეობისა და ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკისა და სოციალურ მომსახურებათა ინტეგრირებული მიწოდების შესწავლის მიზნით. ჯგუფმა შეიმუშავა ანგარიში და პოლიტიკის სახელმძღვანელო ნორმები სოციალურ მომსახურებებში მომხმარებლის ჩართვის შესახებ. მათი წარდგენა განხორციელდა აღნიშნულ საკითხზე გამართული კონფერენციის ფარგლებში, რომელიც შედგა 2007 წლის 14 და 15 ივნისს ვარშავაში.

ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდგომ, ევროპის საბჭო, ზოგიერთ სახელმწიფოში სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით, ჩაერთო მისი შედეგების გავრცელების საქმეში.

სოციალურ უფლებათა ხელმისაწვდომობის ვებგვერდი:

http://www.coe.int/t/dg3/socialpolicies/socialrights/default_en.html


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.