ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობანი

ევროპის საბჭოს ურთიერთობები გაეროსთან

ევროპის საბჭოსა და გაეროს შორის ფორმალური ურთიერთობების დამყარება 1951 წლით თარიღდება. 1989 წლის ოქტომბერში ევროპის საბჭოს მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი გაეროს გენერალურ ასამბლეაში. გაეროს რეგიონული პარტნიორის რანგში, ევროპის საბჭო რეგულარულად მონაწილეობს გაეროს უმთავრესი სააგენტოების მუშაობაში.

ევროპის საბჭოსა და გაეროს შორის თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა 1951 წლის 15 დეკემბერს “ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსა და გაეროს სამდივნოს შორის შეთანხმების“ ხელმოწერის შედეგად. ეს დოკუმენტი განახლებულ იქნა 1971 წლის 19 ნოემბერს “გაეროსა და ევროპის საბჭოს სამდივნოებს შორის თანამშრომლობისა და კავშირის შესახებ შეთანხმების“ მეშვეობით. ევროპის საბჭოს გაფორმებული აქვს ასევე შეთანხმებები გაეროს მთელ რიგ უწყებებთან და სპეციალურ სააგენტოებთან, როგორიცაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) (1951), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახური (UNHCR) (1952), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) (1952 და 2007), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი ევროპისათვის (1952), გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) (1952), საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) (1956). 1989 წლის 17 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ევროპის საბჭოს მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ შემოთავაზებული რეზოლუცია (A/RES/44/6) ევროპის საბჭოსათვის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭების შესახებ. შედეგად, ევროპის საბჭოს რეგულარულად იწვევენ გაეროს გენერალური ასამბლეისა და მისი ექვსი ძირითადი კომიტეტის სხდომებსა და მუშაობაში სამონაწილეოდ.

კარგი თანამშრომლობაა დამყარებული ადამიანის უფლებათა დაცვის, რასიზმთან, დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასთან და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის, უმცირესობათა დაცვის, წამების აღკვეთის, ადამიანებით ტრეფიკინგისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ბავშვთა უფლებებისა და კულტურათშორისი დიალოგის დაცვისა და ხელშეწყობის სფეროებში.

ევროპის საბჭო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან და მის სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სამსახურთან და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან, ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისთან, განვითარების პროგრამასთან, ეკონომიკურ კომისიასთან ევროპისათვის და ადამიანის უფლებათა საბჭოსთან. იგეგმება ასევე ერთობლივი პროგრამების შემუშავება ცივილიზაციათა ალიანსის (AoC) ინიციატივასთან.

დოკუმენტები


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.