დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატი (DG-DPA)
საქმიანობები

პოლიტიკური რჩევა და თანამშრომლობა
 
დემოკრატია
თანამშრომლობის პროგრამები
მეთვალყურეობა
ევროპის საბჭოს ოფისები
საინფორმაციო ოფისები

ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია
სტრატეგია ინოვაციისა და სათანადო მმართველობისთვის
ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმირების ექსპერტიზის ცენტრი
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია
ფორუმი დემოკრატიის მომავლისათვის
სათანადო მმართველობა ინფორმაციულ საზოგადოებაში

 
პოლიტიკურ სწავლებათა სკოლები
 
პოლიტიკური რჩევა და თანამშრომლობა

პოლიტიკური რჩევისა და თანამშრომლობის დირექტორატი (DPAC) პასუხისმგებელია პოლიტიკურ ანალიზსა და რეკომენდაციების შემუშავებაზე, რაც ეფუძნება წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ცვლილებათა, მათ შორის ევროპის საბჭოს წინაშე მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების რეგულარულ და მუდმივად განახლებად მიმოხილვას.

რჩევის სფეროში მუშაობას მხარს უბამს თანამშრომლობის ღონისძიებები წინასაარჩევნო დახმარებისა და კონფლიქტის შემდგომ სიტუაციათა სფეროებში, რომელთა მიზანია შესაბამის სახელმწიფოთა განსაკუთრებულ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე რეაგირება. ეს დირექტორატი პოლიტიკურ მეურვეობას უწევს პოლიტიკური სწავლების სკოლათა ქსელს, როგორც სახელმწიფოებში მიმდინარე სპეციფიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე ორმხრივ და რეგიონულ მიდგომათა შემუშავების მხრივ თვით ამ სკოლების საერთო დაინტერესების საკითხთა გარშემო.

ის უზრუნველყოფს ევროპის საბჭოს ადგილობრივი წარმომადგენლობის სრულ კოორდინირებას.

 
თანამშრომლობის პროგრამები

დირექტორატის ინტერესის სფეროსთან დაკავშირებულ თანამშრომლობის პროგრამებს კოორდინირებას უწევენ ან ახორციელებენ უშუალოდ პასუხისმგებელი ჯგუფები.

წინასაარჩევნო დახმარების პროგრამის მიზანია მთავრობების დახმარება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების რთულ ამოცანაში, ხშირად საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილ კონკრეტულ ნაკლოვანებათა პასუხად. პროგრამები დგება შესაბამის სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და ხორციელდება საარჩევნო საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ევროპის საბჭოს სამსახურების, მათ შორის ვენეციის კომისიის, ერთობლივი ძალისხმევით.

კონფლიქტების შემდგომი პროგრამა შედგება მთელი რიგი პროექტებისგან, რომელთა განსაკუთრებული სამიზნე გახლავთ იმ რეგიონების საჭიროებები, სადაც მიმდინარეობს კონფლიქტური წარსულის შემდგომი აღდგენის პროცესი, ან სადაც დაძაბულობა სხვადასხვა თემებს შორის ჯერ კიდევ წარმოადგენს არასტაბილურობის ფაქტორს. კონფლიქტის შემდგომი პროგრამა 2008 წელს აქცენტს სვამდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაზე (რუსეთის ფედერაცია), გაეროს მისიაზე კოსოვოში (UNMIK/Kosovo) და ადამიანების ურთიერთდაკავშირებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, პოლიტიკურ სწავლებათა სკოლებს შორის შეხვედრათა სერიის მეშვეობით. პროგრამა, შესაძლოა, მიესადაგოს კონკრეტული რეგიონის საჭიროებებს და ითვალისწინებს პოლიტიკური სიტუაციის ცვალებადობას.

 
მეთვალყურეობა 

პოლიტიკური რჩევისა და თანამშრომლობის დირექტორატი ეხმარება კომპეტენტურ პოლიტიკურ უწყებებს მათ მიერ წარმართულ საქმიანობაში, რაც გულისხმობს სახელმწიფოთა მიერ ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მეთვალყურეობას. ეს სამუშაო მოიცავს შესაბამის სახელმწიფოებში მიმდინარე ცვლილებათა რეგულარულ დღიურ მიმოხილვას. პერიოდულად ხორციელდება ადგილზე ვიზიტები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ არსებული წინსვლის შესაფასებლად. დირექტორატის მიერ მომზადებული სამეთვალყურეო ანგარიშები წარმოადგენს საფუძველს ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებისთვის.

 
ევროპის საბჭოს ოფისები

ევროპის საბჭოს ოფისები დაარსებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. მათი მიზნები და ფუნქციონირების გზები განსხვავდება მათთვის მინიჭებული მანდატის შესაბამისად. თუმცა, ყოველი მათგანი ემსახურება სამუშაო ურთიერთობათა გაადვილებას, შენარჩუნებასა და განმტკიცებას ევროპის საბჭოსა და ეროვნულ ხელისუფლებებს (მთავრობა და პარლამენტი), სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს შორის.

მათი საქმიანობა საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს, ზეგავლენა მოახდინოს საკანონმდებლო თუ სხვა სახის რეფორმებზე, უზრუნველყოს ექსპერტიზა ორგანიზაციის კომპეტენციის სფეროებში და დანერგოს ეფექტიანი საწვრთნელი პროგრამები. ევროპის საბჭოს ოფისები ახორციელებენ ინიციატივათა კოორდინირებას გაეროსთან, ეუთოსთან და ევროკავშირთან.

 
საინფორმაციო ოფისები

ევროპის საბჭოს საინფორმაციო ოფისები დაარსდა როგორც ევროპის საბჭოს ინსტიტუტი და იმართება მინისტრთა კომიტეტის (99)9 და (2006)20 რეზოლუციების საფუძველზე.

მათი როლი მდგომარეობს ევროპის საბჭოს სტანდარტების, პრინციპებისა და საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და გაშუქებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ ინფორმაციისა და წვრთნის უზრუნველყოფასა და მასპინძელ სახელმწიფოებში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობისა და მის საქმიანობათა გაადვილებაში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ევროპის საბჭოს დოკუმენტაციის გამოქვეყნებასა და გავრცელებას ეროვნულ ენებზე, მათ შორის, მუდმივად განახლებად ვებგვერდებს, რათა სულ უფრო ფართო საზოგადოებას მისსავე ენაზე მიუწვდებოდეს ხელი ძირითად ინფორმაციაზე ევროპის საბჭოს შესახებ.

საინფორმაციო ოფისების მეშვეობით, საზოგადოება ეცნობა ევროპის საბჭოს პრიორიტეტულ თემებს, განსაკუთრებით კი მის კამპანიებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებს.

 
დემოკრატია

დემოკრატია, ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან ერთად, წარმოადგენს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას. სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა ვარშავის სამიტზე მიღებული სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს: “ვიბრძოლებთ ჩვენი საერთო მიზნისთვის, ხელი შევუწყოთ დემოკრატიასა და უმაღლესი ხარისხის სათანადო მმართველობას ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ყველა ჩვენი მოქალაქისთვის...”.

დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალურ დირექტორატს (DG-DPA) ამ მიზნის მიღწევაში საკუთარი წვლილი შეაქვს, უპირველესად, დემოკრატიული ინსტიტუტების დირექტორატის (DDI) მეშვეობით. ეს დირექტორატი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს დემოკრატიულ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლისა და მოქალაქესთან ახლომდებარე დემოკრატიის წახალისებაზე, ხელისუფლების ქვეეროვნულ დონეებზე და სხვ. ამასთან ერთად, პოლიტიკურ სწავლებათა სკოლები მრავალ წევრ სახელმწიფოში უწევენ დახმარებას მომავალი პოლიტიკური ელიტის მიახლოებას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან.

ძირითად დემოკრატიულ სტანდარტებზე დამატებით, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში თანადგომა, დემოკრატიული ინსტიტუტების დირექტორატის საქმიანობა სულ უფრო მეტ ყურადღებას მიმართავს ამ ინსტიტუტების ეფექტიან ფუნქციონირებაზე პრაქტიკაში: სამოქალაქო მონაწილეობის საშუალებათა წახალისება, დემოკრატიული ხელისუფლების ორგანოთა მართვის უნარების გაძლიერება და სათანადო მმართველობის განმტკიცება, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. ამ მიზნებს მისდევენ, inter alia, ფორუმი დემოკრატიის მომავლისათვის, რომელიც გახსნილია მთავრობების, პარლამენტარების, ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის; საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია; ელ-დემოკრატიის ad hoc კომიტეტი; სამთავრობო წარმომადგენლები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ევროპულ კომიტეტში და ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმირების ექსპერტიზის ცენტრი.

 
ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია

ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის სფეროში სამთავრობათშორისო თანამშრომლობის ორიენტირებს განსაზღვრავენ წევრ სახელმწიფოთა მინისტრები. მათი კონფერენციის მე-14 სხდომაზე (ბუდაპეშტი, 2005 წ.), შემუშავებულ იქნა დღის წესრიგი ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე სათანადო მმართველობისთვის, რომელიც მოიცავს 2005-2010 წლების პერიოდს. დღის წესრიგი განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიზნებსა და ქმედებებს შემდეგ სფეროებში: დემოკრატიული მოქალაქეობა და მონაწილეობა, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების სამართლებრივი ჩარჩო და ინსტიტუციური სტრუქტურა, ადგილობრივი და რეგიონული ფინანსები, საზღვრებს მიღმა და ტერიტორიებს შორის თანამშრომლობა.

აღნიშნულ სფეროებში წევრი სახელმწიფოები, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ევროპული კომიტეტის ფარგლებში (CDLR), აგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის საჭიროებებისა და მიმდინარეობების შესახებ, თანხმდებიან სტანდარტების გარშემო, ხელს უწყობენ მათ გავრცელებასა და განხორციელებას და ერთმანეთს უზიარებენ შეძენილ გამოცდილებასა და გამოტანილ დასკვნებს.

სახელმწიფოთა კანონმდებლობებისა და პრაქტიკის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და სახელმძღვანელო ნორმებთან მეტი შესაბამისობისთვის, ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში ხორციელდება დახმარების პროგრამები. ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმირების ექსპერტიზის ცენტრი მუშაობს სამთავრობო უწყებებთან და ადგილობრივი ხელისუფლების გაერთიანებებთან იმისათვის, რათა განავითაროს ადგილობრივ ხელისუფლებათა და მათ გაერთიანებათა უნარები თავიანთი მოვალეობების შესრულების კუთხით. შემოთავაზებულ პროგრამებს შორისაა ადგილობრივი ფინანსები, წარმადობის მენეჯმენტი და საჯარო ეთიკა ადგილობრივ დონეზე.
 
სტრატეგია ინოვაციისა და სათანადო მმართველობისთვის (ვებგვერდი მზადების პროცესში)

ადგილობრივი მმართველობის ხარისხიანობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანაბრად წევრი სახელმწიფოებისა და ადგილობრივი ხელისუფლებებისათვის. ადგილობრივი მმართველობის ორგანოები იმყოფებიან ყველაზე ახლოს მოქალაქეებთან და წარმოადგენენ ხელისუფლების პირველ საფეხურს, რომელთაც მართებთ მათ მოთხოვნებზე რეაგირება და საჭირო მომსახურებებით უზრუნველყოფა. მათ მიერ მოწოდებული მომსახურებები უნდა შეესატყვისებოდეს უმაღლეს ხარისხობრივ სტანდარტებს, მათი მართვა კი ეთიკის სტანდარტებს. ევროპის საბჭომ დაამტკიცა სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივ დონეზე სათანადო მმართველობის პარამეტრებს. ადგილობრივი ხელისუფლებები წახალისებულნი არიან, რათა იტვირთონ სათანადო დემოკრატიული მმართველობის 12 პრინციპის განხორციელება. ევროპის საბჭოს შიგნით ჩამოყალიბებული დაინტერესებულ მხარეთა პლატფორმა წარუძღვება სტრატეგიის მიზნების მისაღწევად გაწეულ ეროვნულ ძალისხმევას და ევროპული საზომით შეაფასებს მიღწეულ პროგრესს.

 
ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმირების ექსპერტიზის ცენტრი

ადგილობრივი დემოკრატია დემოკრატიული მმართველობის ძირეული მახასიათებელია ევროპის შიგნით. ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპები აღიარებულია ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. დეცენტრალიზების სტრატეგიები მუდმივი ქმნადობის პროცესში იმყოფება. თუმცა, ნათელი და სტაბილური სამართლებრივი ჩარჩო საკმარისი როდია ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დაკისრებულ ამოცანათა შესრულების უნარი. ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმირების ექსპერტიზის ცენტრის ამოცანას წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლებებისა და მათი გაერთიანებების დახმარება საჭირო უნარების განვითარებაში. ცენტრმა შეიმუშავა სხვადასხვა ხერხი თუ პროგრამა, რომელთა მიზანია მერების, ადგილობრივ არჩეული წარმომადგენლებისა და მათი კადრების, ისევე როგორც მათი გაერთიანებების აღჭურვა ეფექტიანი მართვისა და ხარისხიანი მომსახურებებისთვის საჭირო ცოდნითა და ექსპერტიზით.

 
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია

სამოქალაქო საზოგადოება ევროპის საბჭოს სასიცოცხლო ელემენტია. 50 წელზე მეტი ხნის მანძილზე მან დაამტკიცა, რომ ის ფასეულია ევროპის საბჭოს ღირებულებების, სტანდარტებისა და პრაქტიკული ინსტუმენტების მოქალაქეთა სიახლოვეს მიტანის საქმეში.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა კონფერენცია (INGOs) აერთიანებს 400-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც სარგებლობენ მონაწილის სტატუსით ევროპის საბჭოში.

ამ სტატუსის მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების ხმა ევროპული დემოკრატიის გულში გაისმის. ამჟამად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მონაწილეობენ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და მისი პროგრამების განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს მათ თანხვედრას ევროპელების მოლოდინებთან.

 

 
ფორუმი დემოკრატიის მომავლისათვის

ევროპის საბჭოს ფორუმი დემოკრატიის მომავლისათვის დაარსდა 2005 წელს, ევროპაში დემოკრატიის, პოლიტიკური თავისუფლებისა და სამოქალაქო მონაწილეობის განსამტკიცებლად და დემოკრატიის შესახებ საერთო-ევროპული აზრის გასაღრმავებლად. ის მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებთან და თავს უყრის დემოკრატიული სისტემის ყველა ძირითად მონაწილეს.

 
სათანადო მმართველობა ინფორმაციულ საზოგადოებაში

პროექტი “სათანადო მმართველობა ინფორმაციულ საზოგადოებაში” ეფუძნება ევროპის საბჭოს რიგი სექტორების მიღწევებს ორგანიზაციის მიერ ელექტრონული ხმის მიცემისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში დანერგილი სტანდარტების შენარჩუნებასა და განვითარებაში. ის იკვლევს, თუ რამდენად შესწევს უნარი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დემოკრატიული რეფორმისა და პრაქტიკის გაადვილება წევრ სახელმწიფოებში.
 

 
პოლიტიკურ სწავლებათა სკოლები

პოლიტიკურ სწავლებათა 16 სკოლა საჯარო და კერძო სექტორის ახალგაზრდა ლიდერებს მოამზადებს სოციალური და პროფესიული მოვალეობების შესრულებაში, რომელშიც ინტეგრირებული იქნება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ფასეულობები. შესაბამისი ქსელები ჩამოყალიბდა ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ღონისძიებებისა და დემოკრატიის საზაფხულო უნივერსიტეტის წყალობით.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.