ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

მინისტრთა კომიტეტი

მინისტრთა კომიტეტი არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ევროპის საბჭოში. ის მოიცავს ყოველი წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ან მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენელს სტრასბურგში. კომიტეტი ერთდროულად სამთავრობო ორგანოც არის, სადაც, თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, განიხილება წევრ სახელმწიფოთა ინდივიდუალური დამოკიდებულება ევროპული საზოგადოების წინაშე მდგომი პრობლემებისადმი და ფორუმიც, სადაც ხდება საერთო-ევროპული მიდგომის ჩამოყალიბება მათთან მიმართებაში. საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობით, მინისტრთა კომიტეტი დგას ევროპის საბჭოს ძირეულ ფასეულობათა სადარაჯოზე და ზედამხედველობს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებას.

მთავრობათა ხმა

გადაწყვეტილებები და ქმედება

მინისტრთა კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის განსაზღვრავს სამოქმედო მიმართულებებს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის რეკომენდაციებზე, ისევე როგორც სხვადასხვა სამთავრობათშორისო კომიტეტისა თუ დარგობრივ მინისტრთა კონფერენციის წინადადებებზე დაყრდნობით. მინისტრთა კომიტეტი ამტკიცებს, ასევე, ევროპის საბჭოს სამოქმედო პროგრამასა და ბიუჯეტს.

დიალოგი

მინისტრთა დებატები მოიცავს საერთო პოლიტიკურ ინტერესებში მოქცეულ ყველა საკითხს, თავდაცვის სფეროს გარდა: ეს გულისხმობს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკურ ასპექტებს, თანამშრომლობის გაფართოებას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვას - სხვა სიტყვებით, ყველა იმ საკითხს, რომელიც საჭიროებს შეთანხმებულ საერთო-ევროპულ გადაწყვეტას.

აქტიურად მოქმედი ორგანო

წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ პოლიტიკური და ევროპული თანამშრომლობის საკითხები და საჭირო პოლიტიკური ბიძგი მისცენ საბჭოს საქმიანობას. მათი მუდმივი წარმომადგენლები (ელჩები) იკრიბებიან კვირაში ერთხელ, იმართება ასევე მომხსენებელ და სამუშაო ჯგუფთა შეხვედრები, საბოლოო გადაწყვეტილებათა მიღებამდე რიგი საკითხების სიღრმისეულად შესწავლის მიზნით.

თითოეული სახელმწიფოს მინისტრი კომიტეტს ხელმძღვანელობს ექვსი თვის განმავლობაში, თავმჯდომარეობის გარდასვლა კი მაისსა და ნოემბერში ხორციელდება.

მოქნილობა

როდესაც პროექტი არ არის მხარდაჭერილი ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია, წამოიწყოს ის წილობრივი შეთანხმების ფარგლებში, რაც ზოგიერთ სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, განახორციელოს ერთობლივი საქმიანობა განსაზღვრულ სფეროებში.

მეორეს მხრივ, გაფართოებული შეთანხმებები საშუალებას აძლევს ზოგიერთ ან ყველა წევრ სახელმწიფოს, ითანამშრომლოს რიგ არაწევრ სახელმწიფოებთან და მისცეს მათ საშუალება, ჰპოვონ სარგებელი ევროპის საბჭოს მუდმივ სტრუქტურებთან კავშირებით.

ევროპული გადაწყვეტილებები

ძლიერი ინსტრუმენტები

კომიტეტის გადაწყვეტილებები მთავრობებს მიეწოდება რეკომენდაციათა სახით, ან განივთებულია ევროპულ კონვენციებსა თუ შეთანხმებებში და ამ შემთხვევაში, იურიდიულად სავალდებულოა იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც განახორციელებენ მათ რატიფიცირებას.

მინისტრთა კომიტეტი იღებს, ასევე, დეკლარაციებსა და რეზოლუციებს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე.

დღესდღეობით, შემუშავებულია 209 კონვენცია. ისინი, უმთავრესად, შეეხება ადამიანის უფლებებს, თუმცა, ვრცელდება ასევე სხვა სფეროებზეც, რომლებიც განამტკიცებს ევროპის დემოკრატიულ, სოციალურ და კულტურულ ერთიანობას.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა უმეტესობისთვის საჭიროა ხმათა ორი მესამედი უმრავლესობა, პროცედურული საკითხებისთვის კი უბრალო უმრავლესობაც საკმარისია

მომზადება სპეციალისტთა მიერ

კონვენციებსა და რეკომენდაციებს ამზადებენ სამთავრობო ექსპერტები, პასუხისმგებელნი მინისტრთა კომიტეტის წინაშე. ამის შედეგად, შესაძლებელი ხდება პოლიტიკურ ინტერესთა შეჯერება ტექნიკურ და დარგობრივ მოსაზრებებთან. გარდა ამისა, არაერთი პოლიტიკური ინიციატივა მიღებულა დარგობრივ მინისტრთა რეგულარულ კონფერენციებზე.

დემოკრატია და სოლიდარობა

ევროპის საბჭოს გააჩნია თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამები, გამიზნული ახალ წევრ სახელმწიფოთა მიერ ორგანიზაციის გამოცდილების გასაზიარებლად. მათ საფუძვლად უდევთ ევროპის საბჭოს ფარგლებში სამთავრობათშორისო თანამშრომლობის შედეგები - სახელმძღვანელო დოკუმენტები, საექსპერტო ქსელები და თანამშრომლობის სტრუქტურები. პროგრამების მიზანია დემოკრატიულ რეფორმათა განმტკიცება, გაღრმავება და დაჩქარება ამ სახელმწიფოებში, რაც ახდენს მათ თანმიმდევრულ და ჰარმონიულ ჩართვას ევროპული თანამშრომლობის პროცესებსა და სტრუქტურებში და თვით ევროპის საბჭოში. ურთიერთნდობის განმამტკიცებელ ზომათა პროგრამა კი მხარს უჭერს სამოქალაქო სოციალურ ინიციატივებს, მიმართულს ურთიერთგაცნობისკენ და უმრავლესობითა და უმცირესობით წარმოდგენილ თემებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისკენ.

ღირებულებათა სადარაჯოზე

წესდების დაცვა

საბჭოში გაწევრიანებისას, სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, გაიზიარონ კანონის უზენაესობისა და მათ ხალხთათვის ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პრეროგატიულობის პრინციპები. ისინი იღებენ ასევე ვალდებულებას, ითანამშრომლონ კეთილსინდისიერად და ეფექტიანად, უფრო მჭიდრო ერთობის მისაღწევად და ეკონომიკური და სოციალური პროგრესის გასაადვილებლად. ყველა წევრ სახელმწიფოს მართებს ამ ვალდებულებათა შესრულება, ხოლო მინისტრთა კომიტეტი უზრუნველყოფს მათ ზედამხედველობას ამ თვალსაზრისით.

წესდებით გათვალისწინებულ მოვალეობათა სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია, შეაჩეროს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უფლება, მოსთხოვოს მას წევრის სტატუსის გამოთხოვნა ორგანიზაციიდან, ან სულაც გააუქმოს აღნიშნული სტატუსი

კონვენციათა განხორციელება

მინისტრთა კომიტეტი ასევე უზრუნველყოფს კონვენციებისა და წევრ სახელმწიფოთა შორის გაფორმებული შეთანხმებების განხორციელებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ ხელშეკრულებათა შემთხვევაში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანებს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპის შესწორებული სოციალური ქარტია, ევროპული კონვენცია წამების აღკვეთის შესახებ და ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ) გააჩნიათ საკუთარი სამეთვალყურეო მექანიზმები.

მინისტრთა კომიტეტის მოვალეობები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში ასახავს ამ კონვენციის მნიშვნელობას - ის არის ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის ქვაკუთხედი. წევრ სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინებათა აღსრულებაზე ზედამხედველობით, მინისტრთა კომიტეტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მსოფლიოში ამ უპრეცედენტო სისტემისადმი ნდობის შენარჩუნებაში.

ვალდებულებათა დაცვა

მინისტრთა კომიტეტი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს მუდამ ახორციელებდა მიუკერძოებლად და კონსტრუქციულად, შესაბამისად იმ პოლიტიკისა, რომლითაც იმართება საბჭოს გაფართოება ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ პერიოდში, ემხრობოდა რა დიალოგს და პოზიტიური განვითარებისკენ მავალი პოლიტიკური და მატერიალური პირობების თანდათანობით შექმნას. ამ მიზნით, მის მიერ შემოღებულ იქნა საზედამხედველო სისტემა, წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სამეთვალყურეოდ, რომელიც თითოეულ მათგანს სთავაზობს საჭირო პირობებსა და რესურებს საბჭოს ძირეულ ღირებულებათა სასაზრდოებლად.

ევროპის საბჭოს გაფართოებამ მინისტრთა კომიტეტის საორგანიზაციო სტრუქტურისა და როლის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, რასაც მოჰყვა კომიტეტის მოღვაწეობის პოლიტიკური ასპექტის საგრძნობი განვრცობა.

დიალოგი და ურთიერთქმედება

ევროპის საბჭო განამტკიცებს დიალოგს ევროპის არჩევით წარმომადგენლებთან როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეებზე და განავრცობს პოლიტიკურ დებატებს არაწევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ზოგიერთ არაევროპულ სახელმწიფოსთანაც (აშშ, ვატიკანი, კანადა, იაპონია და მექსიკა). ის აღრმავებს თანამშრომლობას სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო) და გაეროსთან.

სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა სამიტები

დღეისათვის, ევროპის საბჭოს გამართული აქვს ყველა წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა სამი სამიტი. პირველი მათგანი შედგა 1993 წელს ვენაში, კომუნიზმის ნგრევისა და ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში ახალ დემოკრატიულ სისტემათა წარმოქმნის შემდეგ. მან დაადასტურა საბჭოს გახსნილობისა და გაფართოების პოლიტიკა და შეუდგა, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რეფორმირებას მისი მეტი ეფექტიანობისათვის. მეორე სამიტი გაიმართა 1997 წელს სტრასბურგში, რათა ახალი ბიძგი მიეცა ადამიანის უფლებათა დაცვისათვის; მასზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობის შემოღების შესახებ.

ვარშავის სამიტი - ჩვენი მიზნების ახლებური დანახვა და გადახალისება

ევროპის საბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა მე-3 სამიტი გაიმართა 2005 წლის მაისში ვარშავაში. ევროპის 46 სახელმწიფოს ლიდერმა საზეიმოდ აღნიშნა საბჭოს უპრეცედენტო ერთობა და დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის მიღებით, ახლებურად ჩამოაყალიბა ორგანიზაციის პრიორიტეტები.

უმთავრესი მიზნები:

  • ევროპის საბჭოს უმთავრესი მისიის - ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისა და წახალისების - განმტკიცება;
  • პანევროპული პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება სამთავრობათშორისო, საპარლამენტთაშორისო და რეგიონულ/ადგილობრივ დონეებზე;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმირება, იმისათვის რათა დაჩქარდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი გრძელვადიანი ეფექტიანობა;
  • ევროპის საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა, მიმართული სოციალური ინტეგრაციის, კულტურათშორისი დიალოგისა და დემოკრატიული მოქალაქეობის წახალისებისაკენ;
  • თანამშრომლობის გაღრმავება ევროკავშირთან, ეუთოსთან და გაეროსთან.

საერთო-ევროპული კამპანიები:

  • უკანასკნელ პერიოდში, ევროპის საბჭოს მიერ წამოწყებულ იქნა და ხორციელდება შემდეგი საერთო-ევროპული კამპანიები:
  • ბავშვები და ძალადობა: ევროპის მშენებლობა ბავშვებისათვის და ბავშვებთან ერთად;
  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრა;
  • ევროპული ახალგაზრდული კამპანია “ყველა განსხვავებული - ყველა თანაბარი”, განსხვავებულობის, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობისათვის;
  • ქალთა მიმართებაში ძალადობის, მათ შორის ოჯახური ძალადობის, დაძლევა.

ბიბლიოგრაფია

ევროპის საბჭოს გამოცემები

The Committee of Ministers of the Council of Europe
(1995), ISBN 92-871-2571-6
The Committee of Ministers: 100 sessions
(1998), ISBN 92-871-3756-2
Committee of Ministers – Texts adopted 1989-1999 / CD-Rom
(2000), ISBN 92-871-4087-1
First annual report on the execution of the judgments of the European Court of Human Rights
(2008)
The execution of judgments of the European Court of Human Rights
(2008), ISBN 978-92-871-6373-8

ინტერნეტგვერდი

მინისტრთა კომიტეტი
http://www.coe.int/cm


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.